ომი ირანში თვეზე მეტს ითვლის. აშშ და ისრაელი ერთობლივი სამხედრო მოქმედებების ფარგლებში განაგრძობენ იერიშებს ისლამური ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ. ვაშინგტონისა და თელ-ავივის მიზნები უცვლელია — თეირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული პროგრამა.
2 აპრილის ღამით ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ ქარაჯში, ქვეყნის უდიდეს, B1-ის მშენებარე ხიდზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, 95 კი დაშავდა. თეირანის ინფორმაციით, ხიდის ქვეშ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები ბუნების დღეს აღნიშნავდნენ, ხოლო ეს ობიექტი ამჟამად არ იყო სტრატეგიული დანიშნულების.
მოგვიანებით დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე დაწერა, რომ „ამას კიდევ ბევრი მსგავსი ინციდენტი მოჰყვება“.
თავად აშშ-ის პრეზიდენტის 2 აპრილის სახალხო მიმართვას ისლამურ ქვეყანაში გამოეხმაურნენ და მის გზავნილებს „სრული სისულელე“ უწოდეს.
„ტრამპმა ბოდვა დაიწყო. მისი სიტყვით გამოსვლა, რომელიც, წესით, ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ამ ომის პირობებში, საბოლოოდ მთელი მსოფლიოსგან დაცინვის მიზეზად იქცა. ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა, საფონდო ბირჟაზე კი ისევ დაღმასვლა დაიწყო.
დღეს მათ არათუ არ შეუძლიათ, მცირე ზიანიც კი მიაყენონ დიად და ყოვლისშემძლე ირანს, არამედ მათ, ფაქტობრივად, განამტკიცეს ერისა და მაღალჩინოსნების ერთიანობა. ამას გარდა, სხვადასხვა ადგილას განთავსებული დიდი მარაგების წყალობით, ყოველდღიურად იზრდება ჩვენი სარაკეტო შესაძლებლობები.
ჩვენი ურანის გამდიდრების პროგრამა, ისევე როგორც გამდიდრებული მასალები, უსაფრთხოდაა. ხელშეუხებელი რჩება ჩვენი ნავსადგურები. ამას გარდა, მსოფლიოსთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური კვანძი — ჰორმუზის სრუტე — ყოვლისშემძლე ირანის ხელშია. დღეს ირანი ჰორმუზის სრუტეს სრული დამაჯერებლობით აკონტროლებს.
სწორედ ჰორმუზის სრუტეა ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ტრამპი სისულელეებს ლაპარაკობს. მან ჯერაც არ იცის, რა უყოს მას, რადგან ამისთვის საკმარისი შესაძლებლობა არ აქვს. ხან იძახის, რომ ამ საკითხს იმავე საღამოს მოაგვარებს, შემდეგ აცხადებს, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ სრუტეს იყენებენ, თავად უნდა გაარკვიონ ყველაფერი, მას კი არანაირი კავშირი არ აქვს…“ — განაცხადა ირანის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ელიას ჰაზრატიმ.
ირანის სახელმწიფო მედიამ ასევე გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც „რევოლუციური გვარდიის“ სამხედროები გასაშვებად გამზადებულ რაკეტებზე ანტიამერიკულ და ანტიისრაელურ მინიწარწერებს აკრავენ, შემდეგი გზავნილით: „მადლობა ყველას, ვინც ამერიკაშიც კი გმობს თეთრი სახლის დანაშაულებრივი ბანდის მიერ გაჩაღებულ ომს“.
ამ და სხვა შინაარსის წარწერების მქონე რაკეტებით თეირანი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აწარმოებს იერიშებს, რომელთა დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს გაერო, ზოგადად ახლო აღმოსავლეთში ომთან ერთად. დიპლომატიური ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონში ორგანიზაციის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იგზავნება.
„ვდგავართ უფრო მასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და მთელ მსოფლიოზე ექნება დრამატული გავლენა. კონფლიქტი უკვე ყველგან იგრძნობა. სამშვიდობო პროცესის წინ წასაწევად გამოიყენება დიპლომატიური ძალისხმევა.
წარმატებისთვის საჭიროა ამ პროცესის მხარდაჭერა. გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართალში ასახული ნორმების გათვალისწინებით და მშვიდობიანი გზით უნდა დარეგულირდეს ნებისმიერი უთანხმოება.
ამერიკისა და ისრაელისთვის ჩემი გზავნილი მკაფიოა: დროა, შეჩერდეს ეს ომი, რომელიც ადამიანების ტანჯვისა და დამანგრეველი ეკონომიკური შედეგების მომტანია. ირანს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს თავდასხმები მეზობელ ქვეყნებზე“, — განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა.
ომისა და, ფაქტობრივად, უწყვეტი სამხედრო იერიშების ფონზე, ირანში წითელი ნახევარმთვარის მოხალისეები განაგრძობენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევასა და საბრძოლო მოქმედებების შედეგების აღწერას.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა აჩვენებს, რომ ისლამური ქვეყნის სხვადასხვა წერტილში თავდასხმების სამიზნედ, მათ შორის, სამოქალაქო ობიექტებიც იქცა.
