კატეგორიები

იერუსალიმში, წმინდა საფლავის ეკლესიაში მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდა

იერუსალიმში, წმინდა საფლავის ეკლესიაში მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდა
ლათინმა პატრიარქმა კარდინალმა პიერბატისტა პიცაბალამ იერუსალიმის წმინდა საფლავის ეკლესიაში დიდი ხუთშაბათის ლოცვა საზოგადოების დასწრების გარეშე აღავლინა.

რიტუალის დროს მან სასულიერო პირებს ფეხები დაბანა და შეუმშრალა. ეს სიმბოლური ქმედება უკავშირდება იესო ქრისტეს მიერ  12 მოწაფის ფეხების დაბანას საიდუმლო სერობის დროს.

ისრაელის პოლიციის განცხადებით,  შეზღუდვები იმოქმედებს რელიგიური დღესასწაულის სხვა დღეებშიც. აღდგომის ტაძარში შესვლა სასულიერო პირებისა და ეკლესიის მსახურთა მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას  შეეძლება.

ირანთან მიმდინარე ომის ფონზე იერუსალიმის მთავარი წმინდა ადგილები დაკეტილია. ქალაქი პერიოდულად ირანის სარაკეტო იერიშების სამიზნე ხდება.

კარდინალმა პიერბატისტა პიცაბალამ ტაძრის დახურვასა და რეგიონში მიმდინარე ომზეც ისაუბრა.

„ფეხების დაბანა არ არის მორალური გაკვეთილი, არც მხოლოდ მაგალითი და არც უბრალოდ სენტიმენტალური სცენა. ეს არის იესოს პასექის კონკრეტული გამოხატულება. ეს არის გზა, რომელსაც ღმერთი გადის. ეს არის სიყვარულის გზა.

დღეს აქ სიცოცხლის აღსანიშნად შევიკრიბეთ. არსებობს დაძაბულობა, რომელსაც ვერ გავექცევით. გარეთ, წმინდა საფლავის ტაძრის კარი დახურულია. ომმა ეს ადგილი თავშესაფრად აქცია, შიდა სივრცედ, რომელიც მოწყვეტილია გარე სამყაროს. ჩვენ გარშემო მსოფლიო იშლება. გვინდა, რომ ამ ყველაფრის შეცვლა შეგვეძლოს“ - განაცხადა კარდინალმა პიერბატისტა პიცაბალამ.

უსაფრთხოების  გამო ძირითადად დაკეტილია დასავლეთის კედელიც, ყველაზე წმინდა სალოცავი ადგილი. ხელისუფლება მაქსიმუმ 50 ადამიანს აძლევს ლოცვის საშუალებას სპეციალურად შემოსაზღვრულ სივრცეში.

ამ თვის დასაწყისში  ირანული რაკეტის ჩამოგდების შემდეგ ნამსხვრევები ტაძართან ახლოს, ერთ-ერთი შენობის სახურავზეც ჩამოიყარა.

დაკავშირებული ამბები
იერუსალიმში, წმინდა საფლავის ეკლესიაში მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდა ისრაელმა ტერორიზმში მსჯავრდებული პალესტინელების სიკვდილით დასჯა დააკანონა