მსოფლიო ეკონომიკისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი — ჰორმუზის სრუტის — ხელახლა გასახსნელად სხვადასხვა კონტინენტის 40-ზე მეტმა ქვეყანამ კოალიცია ჩამოაყალიბა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარებული ვირტუალური შეხვედრიდან გაირკვა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმას სახელმწიფოები ერთობლივი ძალისხმევით ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შემდეგ დაიწყებენ. საბრძოლო მოქმედებების დასრულების ვადა კი ვაშინგტონისა და თელ-ავივის სამხედრო მიზნების შესრულებასა და დონალდ ტრამპის ხედვებზეა დამოკიდებული.
ლონდონი გმობს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ის მოკავშირეებს აკრიტიკებს ახლო აღმოსავლეთში ამერიკული მხარისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე მათი უარის გამო.
„თავიდანვე აშშ-სგან განსხვავებული შეხედულება გვქონდა და არ ჩავერთეთ ახლო აღმოსავლეთის წინააღმდეგ შეტევაში, რადგან ვთვლიდით, რომ არსებობდა ესკალაციის რეალური საფრთხე, ასევე სხვა უარყოფითი გავლენა, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით.
თუმცა ახლა, როდესაც შევეჩეხეთ ირანის ამ უგუნურ თავდასხმებს საერთაშორისო გადაზიდვებზე, რაც გავლენას ახდენს მსოფლიოს იმ ქვეყნებზე, რომლებსაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ ამ კონფლიქტში, 40-ზე მეტი ქვეყანა იკრიბება ამ დისკუსიებისთვის.
ნათელია, რომ გვჭირდება დიპლომატიური და ეკონომიკური წნეხი, ასევე ის სამუშაო, რომელსაც ცალკე ასრულებენ სამხედრო დამგეგმავები, ხანგრძლივ პერსპექტივაში, კონფლიქტის დასრულების შემდეგ, საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდი ბრიტანეთისა და მსოფლიოს ყველა კუთხის ოჯახებისთვის.
ვიცით, რომ ჩვენს ინტერესებშია ვითანამშრომლოთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც დღეს შევკრიბეთ, რათა განვიხილოთ, როგორ უზრუნველვყოთ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა და როგორ ვუპასუხოთ საერთაშორისო გადაზიდვებზე ირანის ამ უგუნურ თავდასხმებს.
საჭიროა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თავდაპირველად ჩარჩენილმა გემებმა კვლავ შეძლონ მოძრაობა“, — განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა.
კოალიციის წევრებს შორის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ამჟამად არ დგანან ენერგოკრიზისის საფრთხის წინაშე, თუმცა ჰორმუზის სრუტის ნაწილობრივ ბლოკადას დღეს მსოფლიოს მთავარ პრობლემად მიიჩნევენ.
მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ სრუტის გახსნა ირანის ნებაზეა დამოკიდებული, რაც შესაძლოა დროში მნიშვნელოვნად გაიწელოს, ამიტომ საჭიროა ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევა.
ვირტუალურ შეხვედრაზე იტალიის, ნიდერლანდებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები სტრატეგიულად აუცილებელი ნედლეულის შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის „ჰუმანიტარული დერეფნის“ მოწყობის ინიციატივით გამოვიდნენ.
