რუსეთი ირანში ბუშერის ატომური ელექტროსადგურიდან პერსონალის მასშტაბურ ევაკუაციას გეგმავს. რუსეთის სახელმწიფო ბირთვული სააგენტო „როსატომის“ ხელმძღვანელ ალექსეი ლიხაჩოვის ინფორმაციით ელექტროსადგურიდან 200-ზე მეტ თანამშრომელს გამოიყვანენ.
მას შემდეგ რაც ირანში ომი დაიწყო ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია რამდენჯერმე დაიბომბა. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ინფორმაციით საჰაერო იერიშებისას თავად სადგური არ დაზიანებულა.
„ბუშერში ვითარება კვლავ დაძაბულია. აფეთქებები საცხოვრებელი დასახლებიდან სულ რაღაც რამდენიმე ასეული მეტრის, 700-900 მეტრის დაშორებით დავაფიქსირეთ. აშკარაა, რომ კონფლიქტი მწვავდება და, ბუნებრივია, ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამ კვირაში ვემზადებით საბოლოო, მასშტაბური ევაკუაციისთვის. დაგეგმილია, რომ ბუშერის ობიექტს 200-ზე მეტი ადამიანი დატოვებს. დაახლოებით 50 ადამიანი საკმარისი იქნება, რომ ამ პაუზის პერიოდში მუშაობა გაგრძელდეს, როგორც სამშენებლო ტექნიკის მუშაობის უზრუნველსაყოფად, ასევე სამშენებლო ბანაკისა და მისი დამხმარე ინფრასტრუქტურის საბაზისო მოვლისთვის. ობიექტს სრულად არ დავტოვებთ“, - განაცხადა ალექსეი ლიხაჩოვმა.
მისი განცხადებით ადგილზე მხოლოდ „მოხალისეთა“ ჯგუფი დარჩება, რომ სადგურმა მუშაობა გააგრძელოს.
„იქ მხოლოდ მოხალისეები დარჩებიან, მათ შორის ჩვენი უსაფრთხოების გუნდის წევრები. ასეთია ამ სამუშაოს ბუნება. ბირთვული ობიექტი უბრალოდ ვერ დარჩება სრულად უყურადღებოდ“, - ამბობს ალექსეი ლიხაჩოვი.
მარტის ბოლოსთვის, ბუშერის ატომური ელექტროსადგურზე დაახლოებით 320 რუსი სპეციალისტი რჩებოდა. მას შემდეგ რაც აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვალს ირანზე იერიშები მიიტანეს, სადგური დაახლოებით 400-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ირანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ელექტროსადგური რუსული „როსატომის“ დახმარებით აშენდა და 2011 წელს ირანის ეროვნულ ელექტროქსელში ჩაერთო. ბუშერი ქვეყნის ერთადერთი მოქმედი ბირთვული ენერგოობიექტია, რომლის ჯამური სიმძლავრე 1,000 მეგავატს შეადგენს. „როსატომი“ ბირთვულ ელექტროსადგურზე ორი ახალი რეაქტორის მშენებლობის პროცესში იყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს.
