კატეგორიები

„აშშ ირანს მალე დატოვებს” - დონალდ ტრამპი

„აშშ ირანს მალე დატოვებს” - დონალდ ტრამპი
Copyright Reuters
ირანის ქალაქ ისპაჰანზე ამერიკულ იერიშებს ძლიერი აფეთქება მოჰყვა — კადრებს ადგილობრივები ავრცელებენ.  ქალაქის ცენტრში ირანის უმსხვილესი სამხედრო ბაზაა განთავსებული, ისევე როგორც ბირთვული ობიექტი. სწორედ ისპაჰანს უკავშირდება ბირთვული პროგრამის გამდიდრებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ივნისში, 12-დღიან ომში ამერიკამ გაანადგურა.

აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის მიზნებში სულ უფრო მეტი ირანული სამიზნე ხვდება, მათ შორის სამხედრო პირები, სამხედრო ბაზები, თავდაცვის სისტემები და სხვა. ამ ყველაფრის გაგრძელებას აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ 2–3 კვირა გეგმავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისაუბრა.

„ჩვენ დავტოვებთ ირანს და ამას მალე გავაკეთებთ, შემდეგ კი ისინი ჩამოიშლებიან. ვფიქრობ, ამას ორ კვირაში — შესაძლოა ორ ან სამ კვირაში — გავაკეთებთ. ჩვენ მათ ძლიერად ვურტყამთ. გასულ ღამეს დავარტყით დიდი რაოდენობით რაკეტების საწარმოს, ამის შესახებ ალბათ უკვე წაიკითხეთ. დიახ, ბუნებრივ აირზე ფასები მაღალია, სამაგიეროდ აღარ გვყავს ქვეყანა, რომელიც ატომურ ბომბს გვესვრის, როგორც ეს 6 თვის წინ შეეძლოთ. ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა. მოგვიწია პატარა „ექსკურსიის“ ჩატარება, რადგან გვყავდა შეშლილი კაცი, სახელად ხამენეი, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ გვყავს. ჩვენ უკვე ვხედავთ შეცვლილ რეჟიმს — გავანადგურეთ ერთი რეჟიმი და შემდეგ გავანადგურეთ მეორეც. ახლა ვესაუბრებით სულ სხვა ადამიანებს, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან წინამორბედებისგან. ისინი მეტად გონიერები, ნაკლებად რადიკალურები და უფრო რაციონალურები არიან. ეს კი შესანიშნავი შედეგია,“ — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამერიკა-ისრაელის ერთობლივი ოპერაციის შედეგად ირანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მრჩევლის სიკვდილი უკვე დაადასტურა. ძლიერი იერიშების პასუხად ირანმა რეგიონის ქვეყნებზე მიიტანა იერიშები. სამშაბათს საჰაერო განგაში ისმოდა ისრაელის ცენტრალურ რაიონებშიც — ქალაქ ბნეი-ბრაკში არიან დაშავებულები. ირანის იერიშები მიმართულია ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებისკენ. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აღნიშნეს, რომ დუბაიში საჰაერო საფრთხე მოხსნილია, თუმცა ქალაქში 5 ძლიერი აფეთქება მოხდა — არიან დაშავებულები.

ამ ყველაფრის ფონზე, თეირანი ომის დასასრულებლად მისთვის წარდგენილ ამერიკულ მოთხოვნებს იწუნებს, არარეალისტურს უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ პაკისტანის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.

„ის დოკუმენტები, რომლებიც სხვადასხვა სახელწოდებით გადმოგვეცა, მაგალითად 15-პუნქტიანი გეგმა, ძირითადად შეიცავს გადაჭარბებულ, არარეალურ და უსაფუძვლო მოთხოვნებს. შეხვედრები, რომლებიც პაკისტანმა მეზობელ ქვეყნებთან ერთად გამართა, წარმოადგენდა ჩარჩოებს, რომლებიც თავადვე დააწესეს. ჩვენ მათში მონაწილეობა არ მიგვიღია,“ — ამბობს ესმაილ ბაღაი, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ოპერაციის ერთთვიან შედეგებს აჯამებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო მიზნების ნახევარი მიღწეულია, რის შედეგადაც ირანის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შესუსტდა. თუმცა, მისი განცხადებით, მტრულ სახელმწიფოს გარკვეული სახიფათო უნარები მაინც რჩება.

„დღეს ჩვენი სამხედრო კამპანიის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. ჩვენ სისტემატურად ვამარცხებთ იმ ტერორისტულ რეჟიმს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაიძახოდა: „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“. მართალია, მათ ჯერ კიდევ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენს არსებობას საფრთხეს ვეღარ შეუქმნიან. ვეღარ გაისვრიან ათასობით ბალისტიკურ რაკეტას ჩვენი მიმართულებით, რათა ისრაელის ქალაქები გაანადგურონ. ამ ოპერაციამდე ირანს მარტო ვებრძოდით, ახლა კი აშშ-ის მხარდამხარ ვიბრძვით, რაც ისტორიული თანამშრომლობაა. ჩვენ ვამყარებთ კავშირებს ახალ პარტნიორებთან რეგიონშიც, საერთო ირანული საფრთხის წინააღმდეგ. ამის შესახებ მეტს მოგვიანებით გეტყვით,“ — განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მსოფლიო მედია უკვე აქტიურად წერს ერთთვიანი ომის შედეგებზე. მათი ცნობებით, კონფლიქტმა რეგიონში 3000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდა — როგორც ირანიდან, ისე ლიბანიდან.

დაკავშირებული ამბები
„აშშ ირანს მალე დატოვებს” - დონალდ ტრამპი ირანის უზენაესი ლიდერი კვლავ არ ჩანს, თუმცა თეირანი მის განცხადებას ავრცელებს