კატეგორიები

Artemis II გაეშვა - NASA-ს ასტრონავტები მთვარისკენ მიემართებიან

Artemis II გაეშვა - NASA-ს ასტრონავტები მთვარისკენ მიემართებიან
Copyright Reuters
53 წლის შემდეგ პირველად, NASA-ს ასტრონავტები მთვარისკენ მიმართავენ. ისტორიული მისია მთვარის გარშემო — Artemis II — 2 აპრილს, თბილისის დროით 2:35-ზე გაეშვა.

სამი ამერიკელისა და ერთი კანადელისგან შემდგარი ეკიპაჟის აფრენას კენედის კოსმოსური ცენტრიდან ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

მიმდებარე გზები და საანაპიროები ხალხით გაივსო — ისე, როგორც ეს 1960-70-იან წლებში ხდებოდა, პროგრამა „აპოლოს“ ფარგლებში განხორციელებული კოსმოსური ფრენების დროს.

თანაც, Artemis II სწორედ იმავე ადგილიდან აფრინდა, საიდანაც თავის დროზე „აპოლოს“ ეკიპაჟები გაემართნენ მთვარისკენ.

Artemis II-ს ეკიპაჟი ოთხი ასტრონავტისგან შედგება. მეთაური ამერიკელი ასტრონავტი რიდ უაისმენია. ხომალდზე კიდევ ორი ამერიკელი — პილოტი ვიქტორ გლოვერი და მისიის სპეციალისტი კრისტინა კოხი — და ერთი კანადელი, ასევე მისიის სპეციალისტი, ჯერემი ჰანსენი იმყოფებიან.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ასტრონავტები ახალ რეკორდს დაამყარებენ და დედამიწიდან უფრო შორს გაფრინდებიან, ვიდრე ეს ადამიანმა აქამდე მოახერხა.

ისინი არ გაჩერდებიან და არც მთვარის ორბიტაზე იტრიალებენ, როგორც ეს 1968 წელს „აპოლო 8“-ის ეკიპაჟმა გააკეთა. ნაცვლად ამისა, Artemis II მთვარეს ჩაუფრენს, 6 400 კილომეტრით გასცდება მას, შემდეგ კი დედამიწისკენ აიღებს გზას და წყნარ ოკეანეში დაეშვება.

Artemis II რამდენიმე ისტორიულ მიღწევას აერთიანებს: მაგალითად, ამგვარ მისიააში ქალი ასტრონავტი ახლა პირველად მონაწილეობს, პირველად ხდება ისიც, რომ მთვარისკენ ფერადკანიანი და არამერიკელი ასტრონავტები მიფრინავენ.

პროექტ „აპოლოსგან“ განსხვავებით, რომელიც სწრაფი მისიების სერია იყო საბჭოთა კავშირთან პაექრობის ფარგლებში, Artemis-ის პროგრამა მიზნად მთვარეზე მუდმივი ბაზის შექმნას ისახავს.

მისიის გაშვებიდან პირველი 25 საათის განმავლობაში ასტრონავტები დედამიწის ორბიტაზე დარჩებიან, შემდეგ კი მთავარ ძრავს ჩართავენ და მთვარისკენ გაემართებიან.

ეს კოსმოსური ვოიაჟი დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება და მისი მიზანი 2028 წლისთვის მთვარეზე დაშვებისთვის მომზადებაა.

„მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნას დავუბრუნდით,“ — განაცხადა NASA-ს ხელმძღვანელმა ჯარედ აიზეკმენმა მისიის გაშვების შემდეგ და ნახევარსაუკუნოვანი პაუზა „მოკლე შესვენებად“ შეაფასა.

ამერიკის შეერთებული შტატების ფოკუსი ამ საკითხზე ხშირად ჩინეთთან კონკურენციის ნაწილად აღიქმება. ჩინეთი მთვარეზე ადამიანის გაგზავნას 2030 წლისთვის გეგმავს.

აიზეკმენი აღნიშნავს, რომ კონკურენცია „ქვეყნის რესურსების მობილიზებისთვის კარგი გზაა.“

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პროცესის დაჩქარებას ცდილობს იმ იმედით, რომ მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, ანუ 2029 წლის დასაწყისამდე, ადამიანი მთვარეზე მოხვდება.

თუმცა მიზანი, რომ ეს 2028 წელს უნდა მოხდეს, ექსპერტებში გარკვეულ ეჭვებს იწვევს, რადგან პროექტი დიდწილად კერძო სექტორის ტექნოლოგიურ პროგრესზეა დამოკიდებული.

NASA-მ მისიის რისკების შეფასება არ გაასაჯაროვა. მენეჯერების თქმით, წარმატების შანსი 50%-ზე მეტია — რაც ახალი რაკეტისათვის ჩვეულებრივი მაჩვენებელია — თუმცა ზუსტი მონაცემები უცნობია.

მისიის გაშვებამდე ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „იმარჯვებს.“

„ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და ახლა — ვარსკვლავებს მიღმაც. ვერავინ გვეწევა! ჩვენ უბრალოდ შეჯიბრში კი არ ვმონაწილეობთ, არამედ ვდომინირებთ და მთელი მსოფლიო გვიყურებს,“ — დაწერა მან.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს დატოვების საკითხს განიხილავს Artemis II გაეშვა - NASA-ს ასტრონავტები მთვარისკენ მიემართებიან