საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვია. თავდაპირველად ვიზიტი მიზნად ისახავდა თანამშრომლობის გაძლიერებას ბირთვული ენერგიისა და კოსმოსური ინოვაციების სფეროში, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო მხარეები ძირითადად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
საფრანგეთის პრეზიდენტის ანდმინისტრაციის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი იაპონიის პრემიერ-მინისტრთან სანაე ტაკაიჩისთან გამართავს შეხვედრას, სადაც ორი ქვეყნის ლიდერები ენერგოკრიზისიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელებენ.
იაპონიის ნავთობის იმპორტის დაახლოებით 95% ახლო აღმოსავლეთზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ომის დაწყებისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ იაპონიაში საწვავზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა. მის შესამცირებლად კი იაპონია იძულებული გახდა, სტრატეგიული მარაგი გამოეყენებინა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იაპონიაში ასევე ჩავიდნენ საფრანგეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც იაპონელ კოლეგებს შეხვდნენ. მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით ურთიერთობების გარღმავების საკითხები განიხილეს.
„ეს ფორმატი ნამდვილად გვაძლევს საშუალებას, ახლო აღმოსავლეთში, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ევროპაში არსებული მოვლენების შესახებ ერთმანეთს ინფორმაცია გავუზიაროთ. გარკვეულწილად, ეს საშუალებას გვაძლევს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიციები შევაჯეროთ,“ - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ ვოტრინმა.
მიმდინარე ომის ფონზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონების უსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ კუთხით თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
„გლობალური კრიზისისა დროს, როდესაც საერთაშორისო სამართალი ირღვევა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შემთხვევები მატულობს, ქვეყნებმა, როგორიცაა საფრანგეთი და იაპონია, მსოფლიო წესრიგის დამყარებისთვის უნდა ითანამშრომლონ, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლზე, მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის პრინციპებზე. იაპონია საფრანგეთის განსაკუთრებული პარტნიორია, პირველი პარტნიორი აზიაში, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და ვალდებულება საერთაშორისო წესრიგის მიმართ“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ
იაპონური მხარის განცხადებით საფრანგეთთან უსაფრთხოების საკითხებში ურთიერთობების გამყარება, რომელიც ძლიერ საფუძვლებს ემყარება, უმნიშვნელოვანესია.
„მსოფლიო ამჟამად მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის, საერთაშორისო საზოგადოების უსაფრთხოების გარემო კი სულ უფრო მკაცრი ხდება. ასეთ პირობებში აუცილებელი გახდა, რომ თანამოაზრე ქვეყნებმა, საფრანგეთმა და იაპონიამ, კიდევ უფრო გააძლიერონ თანამშრომლობა როგორც დიპლომატიურ, ისე თავდაცვის სფეროში,” - განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტოსიმიცუ მოტეგიმ.
„მივესალმები იმას, რომ საფრანგეთის სამხედრო ძალები და იაპონიის თავდაცვის ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა მიმართულებით, როგორც ხმელეთზე ისე ზღვასა და ჰაერში. ცხადია, ახლა ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონების უსაფრთხოება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ძალის გამოყენებით სტატუს-კვოს ცვლილების თავიდან აცილების მიზნით, საფრანგეთთან, როგორც ინდო-წყნარი ოკეანის სახელმწიფოსთან და განსაკუთრებულ პარტნიორთან, თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია,“ - ამბობს იაპონიის თავდაცვის მინისტრი, შინჯირო კოიზუმი.
იაპონიაში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდება იაპონიის 126-ე იმპერატორ ნარუტიჰოს. ემანუელ მაკრონი სახელმწიფო ვიზიტით სამხრეთ კორეაში ორდღიანი ვიზიტით 2 აპრილს გაემგზავრება.
