კატეგორიები

ისრაელმა ბეირუთზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ბეირუთზე იერიში მიიტანა
Copyright AP
ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიიტანა იერიში. თავდაპირველად დაუდგენელი იყო, კონკრეტულად რა ობიექტს დაესხნენ თავს და რამდენი ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა.

თუმცა მოგვიანებით ისრაელის მხარემ განაცხადა, რომ ბეირუთის ტერიტორიაზე ორი ავიაიერიშის შედეგად ლიკვიდირებული არიან „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის მეთაური და ერთი გავლენიანი ლიდერი. პარალელურად, ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საღამოს საათებში ისრაელმა იერიში მიიტანა ავტომობილზე, რომელიც ბეირუთის სამხრეთით, ავტომაგისტრალზე მოძრაობდა. შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, სამი კი დაშავდა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირების ბოლო ესკალაციას ქვეყანაში უკვე ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 3 500-ს აღემატება. დაღუპულებს შორის 52 სამედიცინო მუშაკიცაა.

ისრაელის არმიის პრესსპიკერმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ამ დროისთვის ლიბანის მასშტაბით დაახლოებით 2 500 ობიექტზე მიიტანეს იერიში, ხოლო არმიამ „ჰეზბოლას“ 900-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურა.

მისი თქმით, ისრაელი გეგმავს მდინარე  ელ-ლიტანის სამხრეთით მდებარე ტერიტორიის კონტროლს.

„ჩვენ ვაძლიერებთ მოქმედებებს კონტროლირებად ტერიტორიებზე, რათა თავიდან ავიცილოთ დასახლებების მიმართულებით გაშვებული პირდაპირი ცეცხლი. ამავდროულად, ვაძლიერებთ საჰაერო ძალების იერიშებს ლიბანის მასშტაბით ,, ჰეზბოლას“ სამიზნეებზე. ამ დროისთვის საჰაერო ძალებმა ლიბანში დაახლოებით 2 500 ტერორისტულ სამიზნეს  დაარტყეს. უკვე გავანეიტრალეთ „ჰეზბოლას“ 900-ზე მეტი მებრძოლი“ - განაცხადა ისრაელის არმიის პრესსპიკერმა ეფი დეფრინმა.

ისრაელსა და ლიბანს შორის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა,  რაც 2 მარტს „ჰეზბოლამ“ ირანის მხარდასაჭერად ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. საპასუხოდ, ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო იერიშები,  სამხრეთ ლიბანში კი სახმელეთო ოპერაციაც წამოიწყო.

გაეროსა და ადგილობრივი წყაროების შეფასებით, მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულია მილიონზე მეტი ლიბანელი, რაც რეგიონში ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

დაკავშირებული ამბები
ისრაელმა ბეირუთზე იერიში მიიტანა „ჰეზბოლას“ გასანადგურებლად ისრაელში სამხრეთ ლიბანის ანექსიაზე საუბრობენ