ისრაელის პარლამენტი-ის მიერ დამტკიცებული „სიკვდილით დასჯის შესახებ“ კანონი საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი კრიტიკის სამიზნედ იქცა.
უფლებადამცველების დიდი ნაწილი ქნესეთში ხმათა უმრავლესობით მიღებულ რეგულაციას „სამართლებრივი საფუძვლის არმქონეს“ უწოდებს და საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად ისრაელის უზენაესი სასამართლო-ს სარჩელით მიმართავს.
„ამ კანონის წინააღმდეგ პირველ რიგში იმიტომ გამოვდივართ, რომ ჩვენი შეფასებით, სიკვდილით დასჯა არის არაკონსტიტუციური ზომა და ყოველთვის იქნება სიცოცხლის უფლების არაპროპორციული დარღვევა.
ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ყოველთვის იარსებებს საფრთხე უკუეფექტთან დაკავშირებით, რადგან მსოფლიოს არც ერთი სამართლებრივი სისტემა არ არის დაზღვეული შეცდომებისგან. ეს კანონი განსაკუთრებით სასტიკი და ბარბაროსულია.
მნიშვნელოვნად მარტივდება სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანა და ეს პროცესი სრულიად განსხვავდება ამერიკის ზოგიერთ შტატში არსებული წესებისგან, სადაც დღემდე გამოიყენება სასჯელის უმკაცრესი ზომა. კანონი დაბალი საფეხურის მოსამართლეებს ანიჭებს უფლებას, გამოიტანონ ეს განაჩენი; არ განიხილება შეწყალება და არ ითვალისწინებს ბრალდების მხარის პოზიციას.
კანონით ისრაელის სასამართლოებისთვის გათვალისწინებულია ნორმა, რომლის მიხედვითაც სიკვდილით დასჯა, კერძოდ კი ჩამოხრჩობა, უნდა აღსრულდეს განაჩენის გამოტანიდან 90 დღის განმავლობაში, რაც, რა თქმა უნდა, უკიდურესად სასტიკი პრაქტიკაა და შესაძლოა გაუტოლდეს წამებას“, — ამბობს ისრაელის სამოქალაქო უფლებების დაცვის ასოციაციის იურისტი ელზა ბუგნეტი.
მისივე განმარტებით, გარდა კანონის ბარბაროსული შინაარსობრივი ნაწილისა, ის გარკვეულწილად მიანიშნებს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე თელ-ავივი-ს შესაძლო სამხედრო მიზნებზე.
„ქნესეთის მიერ უშუალოდ დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებული კანონის მიღების პრაქტიკა საკმაოდ უჩვეულოა და ის არ გამოიყენებოდა 1967 წლის შემდეგ.
ყველა უფლებამოსილება, რომელიც უკავშირდება სამხედრო კანონმდებლობას, სწორედ სამხედრო მეთაურობის მანდატია.
ამის გამო, თავად შეიარაღებული ძალების მეთაურები მოდიოდნენ ქნესეთში კანონპროექტის განხილვისას და აცხადებდნენ, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთ სანაპიროსთან, შესაძლოა, ფაქტობრივად, გაუტოლდეს ისრაელის მიერ ამ ტერიტორიის ანექსიას“, — ამბობს ელზა ბუგნეტი.
ტერორიზმში მსჯავრდებული პალესტინელების სიკვდილით დასჯის კანონი მკაცრად დაგმო ევროკომისია-მ. ბრიუსელი ისრაელს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს არაჰუმანური და დემოკრატიული წყობისთვის უკიდურესად შეუსაბამო ნორმა და დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
„სიკვდილით დასჯის შემოღება, კანონის დისკრიმინაციულ ხასიათთან ერთად, წარმოადგენს აშკარა უკან გადადგმულ ნაბიჯს. ვაცხადებთ, რომ კანონის მიღების შემდეგ ისრაელში მისი საწინააღმდეგო არაერთი განცხადება ვიხილეთ, ასევე ის, რომ დოკუმენტი უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული.
ისრაელის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ნაკისრი ვალდებულებების თვალსაზრისით, ეს აშკარა უარყოფითი ტენდენციაა.
ჩვენი, როგორც ევროკავშირის პოზიცია ნათელია: ისრაელს მოვუწოდებთ, დარჩეს მანამდე არსებულ პრინციპულ პოზიციაზე, დაიცვას საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები და შეინარჩუნოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისადმი“, — განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნიმ.
მკაცრი მოწოდებების მიუხედავად, როგორც ჩანს, ისრაელი არ გეგმავს მრავალწლიანი საკანონმდებლო ინიციატივის გაუქმებას, მიუხედავად მის ირგვლივ არსებული დავისა, მით უმეტეს, რომ კანონს ქვეყნის ხელისუფლების სრული მხარდაჭერა აქვს. ხმის მისაცემად ქნესეთში პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ-ც მივიდა.
ამას ემატება კანონის ინიციატორის, ეროვნული უშიშროების მინისტრის იტამარ ბენ-გვირი განცხადება, სადაც მან ღიად თქვა, რომ თელ-ავივი არ აპირებს ბრიუსელის ზეწოლის გათვალისწინებას და იტოვებს უფლებას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. მისი თქმით, თუ ტერორისტები თავდასხმას გადაწყვეტენ, უნდა იცოდნენ, რომ „მათი გზა სახრჩობელაზე დასრულდება“.
კანონის დამტკიცებას მან ქნესეთში შამპანურის გახსნითა და ზეიმით შეხვდა.
