კატეგორიები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატოსთან ურთიერთობების გადახედვაზე ფიქრობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატოსთან ურთიერთობების გადახედვაზე ფიქრობს
Copyright Reuters
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ევროპელი პარტნიორების მისამართით ამერიკის პრეტენზიებს მორიგ ჯერზე  აღნიშნავს, რომ ირანში ომის დასრულების შემდეგ ვაშინგტონს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს. ამის შესახებ მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში ისაუბრა.

განცხადებას კი კონკრეტული კონტექსტი აქვს: ირანში მიმდინარე ერთთვიანი ომის განმავლობაში ნატოს წევრმა ქვეყნებმა ახლო აღმოსავლეთში თუ მის საზღვრებს გარეთ საკუთარი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე აშშ-ს რამდენჯერმე უთხრეს უარი.

„უდავოა, რომ ირანში კონფლიქტის დასრულების შემდეგ, სამწუხაროდ, ამ ურთიერთობებს უნდა გადავხედოთ, უნდა გადავხედოთ ნატოს ფასეულობას და მის ალიანსს ჩვენს ქვეყანასთან. ბუნებრივია, ესაა პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიერ მისაღები გადაწყვეტილება, სწორედ მან უნდა მიიღოს ის. ჩვენ საქმეს აქ დავასრულებთ. როგორც გითხარით, ძალიან ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, მაგრამ მგონია, რომ სამწუხაროდ მოგვიწევს იმის შეფასება, ემსახურება თუ არა ეს ალიანსი, რომელიც ამ ქვეყანას წლების განმავლობაში მართლაც უწევდა სამსახურს, იმ მიზნებს, რომლისთვისაც შეიქმნა. თუ ის ცალმხრივ ქუჩად იქცა, სადაც ამერიკამ უნდა დაიცვას ევროპა, თუმცა როდესაც ჩვენ გვჭირდება დახმარება, მოკავშირეები უარს გვეუბნებიან მათი სამხედრო ბაზებისა თუ საჰაერო სივრცეების გამოყენებაზე“, — აღნიშნა მარკო რუბიომ ინტერვიუში.

ევროპელების გადაწყვეტილება იმ საფრთხიდან გამომდინარეობდა, რომელიც ირანის წინააღმდეგ ომში ჩართულობას მათთვის შეეძლო შეექმნა. თავდაპირველად ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ბაზების გახსნაზე უარი აშშ-ს დიდმა ბრიტანეთმა უთხრა, თუმცა ვაშინგტონის კრიტიკის შემდეგ პრემიერ კირ სტარმერს გადაწყვეტილების შეცვლა მოუხდა. პარიზი და ლონდონი თეთრმა სახლმა ამ საქმეში უხალისოდ დაითანხმა. თუმცა მიმდინარე კვირას კვლავ მიიღო უარი, ამჯერად მადრიდისგან და რომისგან, რომლებმაც უკვე ევროპის მიწაზე არსებულ სამხედრო ბაზებზე აშშ-ის თვითმფრინავები არ დაუშვეს.

საუბარია იმ სამხედრო თვითმფრინავებზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე აშშ–ისრაელის სამხედრო კამპანიაში ირანის წინააღმდეგ. მადრიდში გადაწყვეტილება სუვერენული უფლებით ახსნეს, რომლის მიხედვითაც ქვეყანას, მათი შეფასებით, „უგუნურ ომში“ არანაირი მონაწილეობა არ სურს. იტალიის შემთხვევაში კი რომმა ამერიკულ თვითმფრინავებს უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ დაშვებამდე სამხედრო ხელმძღვანელობასთან არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა, რის გამოც ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ჰაერშივე გააბრუნეს უკან.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატოსთან ურთიერთობების გადახედვაზე ფიქრობს დონალდ ტრამპის მტკიცებით, ირანი აშშ-ს „შეთანხმების დადებას ევედრება“