ჰორმუზის სრუტის გასახსნელად დონალდ ტრამპის მიერ 22 მარტს მიცემული 48-საათიანი ვადა კვირის ბოლოს 10 დღემდე გაიზარდა — აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, თეირანის თხოვნის საფუძველზე.
ვიდრე ირანული მმართველობის ერთი ნაწილი ვაშინგტონთან წარუმატებელი კომუნიკაციის შესახებ საუბრობს, მეორე ნაწილი კი საერთოდ უარყოფს ამერიკულ მხარესთან რაიმე სახის დიპლომატიური პროცესის წარმოებას, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები „შესანიშნავად“ მიმდინარეობს.
„ახლა ირანს აქვს შანსი, სამუდამოდ თქვას უარი საკუთარ ბირთვულ ამბიციებზე და ახალი გზა დაისახოს. ვნახოთ, მოუნდებათ თუ არა ამის გაკეთება. თუ არა, მაშინ ჩვენ მათ საშინელ კოშმარად დავრჩებით და უბრალოდ, წინაღობის გარეშე, შეუფერხებლად განვაგრძობთ მათ განადგურებას — ისინი კი ვერაფერს შეძლებენ... მათ არ შეუძლიათ ჩვენი თვითმფრინავების ჩამოგდება, რადგან მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობა გვაქვს…“ — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა კონკრეტული მედიასაშუალებები დაადანაშაულა იმ ნარატივის გავრცელებაში, თითქოს ომის დასრულებას მხოლოდ ის მოითხოვს ან მას სჭირდება.
„თვალს ვადევნებდი The Wall Street Journal-ის ყალბ ამბებს, სადაც იწერებოდა, თითქოს „მე მინდა შეთანხმების გაფორმება“. ისინი იხვეწებიან ამას, მე კი არა, და ნებისმიერი, ვინც ხედავდა, რა ხდება იქ, გაიგებს, რატომაც სურთ ეს…
სინამდვილეში, რაღაც მხრივ, ისინი [ირანი] ძალიან ჭკვიანები და შესანიშნავი მომლაპარაკებლები არიან. ვამბობ, რომ არაფრისმაქნისი მებრძოლები არიან, თუმცა შესანიშნავი მომლაპარაკებლები და ძალიან სურთ შეთანხმების გაფორმება. არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას. არ ვიცი, მზად ვართ თუ არა ამისთვის. მათ ეს 4 კვირის წინ უნდა გაეკეთებინათ, ანდა 2 წლის წინ.
ეს არის ძალის, სიზუსტისა და ოსტატობის დემონსტრირება, როგორიც მსოფლიოს ჯერ არ უნახავს, თუმცაღა ამის ხილვა შესაძლებელი იყო ვენესუელაში და ეს იყო მხოლოდ შემცირებული ვერსია იმისა, რასაც ახლა ვაკეთებთ.
ვანადგურებთ მათი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მარაგებს, ვანგრევთ მათ სამრეწველო თავდაცვით ბაზას. სრულად გავანადგურეთ მათი სამხედრო-საზღვაო ფლოტი და საჰაერო ძალები, ასევე მათი რაკეტები და გამშვები დანადგარები, რის გარეშეც საფრენი აპარატები სრულიად უსარგებლოა,“ — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინაში ომის გარდა, ახლო აღმოსავლეთის სამხედრო კონფლიქტის დიპლომატიური გზით დარეგულირებაც დაევალა, ამბობს, რომ პაკისტანის შუამავლობით ირანისთვის წარდგენილი 15-პუნქტიანი გეგმა რეალურია.
სტივ უიტკოფის თქმით, ზოგიერთი საკითხი კონფიდენციალურია და მოლაპარაკებების პროცესში არ გასაჯაროვდება:
„გვაქვს მძლავრი ნიშნები იმისა, რომ ეს შესაძლებელია და თუ შეთანხმება შედგება, ეს შესანიშნავი იქნება ირანისთვის, მთელი რეგიონისა და მსოფლიოსთვის.
თქვენი პოლიტიკა, რომელიც ძლიერების გზით მშვიდობას გულისხმობს, დიპლომატიური მოგვარების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, რადგან ეს პოლიტიკა ეფექტური ინსტრუმენტი იყო ასევე ყველა სხვა კონფლიქტში, რომელიც თქვენ პირველ წელს მოაგვარეთ.“
დონალდ ტრამპის თქმით, ყველაფერი არათუ ვაშინგტონის გეგმის მიხედვით სრულდება, არამედ წინასწარ განსაზღვრულ ნაბიჯებს უსწრებს — დანარჩენი კი ირანზეა დამოკიდებული.
აშშ-ის პრეზიდენტმა მიმდინარე ომში ნატოს უმოქმედობაც არაერთხელ ახსენა კრიტიკულ ჭრილში, რამაც, ფაქტობრივად, გაამყარა მის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებები ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან აშშ-ის გამოსვლის თაობაზე.
„ეს ალიანსისთვის გამოცდა იყო. შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ. არ არის სავალდებულო, მაგრამ თუკი ამას არ გააკეთებთ, ამას დავიმახსოვრებთ. უბრალოდ, გახსოვდეთ ამის შესახებ რამდენიმე თვეში. გახსოვდეთ ჩემი განცხადებები. ერთი ბრწყინვალე გამონათქვამი მაქვს — არასდროს დავივიწყებთ!“ — თქვა დონალდ ტრამპმა.
ჯერჯერობით ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე მოლაპარაკებების ფონზე, ირანმა ჰორმუზის სრუტე მხოლოდ რამდენიმე ქვეყნისთვის გახსნა, რომელთა სიაში არიან რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ერაყი და ბანგლადეში, თუმცა ეს არსებული ენერგოკრიზისის სრულად მოგვარებას მაინც ვერ უზრუნველყოფს.
