კატეგორიები

ირანის უზენაესი ლიდერი კვლავ არ ჩანს, თუმცა თეირანი მის განცხადებას ავრცელებს

ირანის უზენაესი ლიდერი კვლავ არ ჩანს, თუმცა თეირანი მის განცხადებას ავრცელებს
Copyright AP
ირანის უზენაესი ლიდერი ისევ არ ჩანს. თითქმის ერთი თვის წინ არჩეული მოჯთაბა ხამენეის ვიდეომიმართვის ნაცვლად საზოგადოება უკვე მეორედ თეირანის სახელმწიფო მაუწყებლის ეთერით მისი ფოტოს ფონზე საინფორმაციო გადაცემის წამყვანის მიერ წაკითხულ ტექსტს ისმენს, რომელიც, ისლამური ქვეყნის ცნობით, ახალ აიათოლას ეკუთვნის.

მოჯთაბა ხამენეის მორიგი განცხადება ამჯერად ისრაელის სამხედრო ძალების მიერ 26 მარტს ლიკვიდირებული ალირეზა ტანგსირის სამძიმარს უკავშირდება.

ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურის სიკვდილი თეირანმა ოთხი დღის დაგვიანებით, 30 მარტს დაადასტურა.

„მრავალწლიანი ღვაწლის შემდეგ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების მამაც და გამორჩეულ მეთაურს ალირეზა ტანგსირის მოწამის წოდება მიენიჭა.

ირანელი ჯარისკაცისა და მესამე ომში ისლამის დამცველის, ტანგესტანის მამაცი შვილის მოწამეობრივი სიკვდილი არის დიდი პატივი ბუშერას უტეხი ხალხისთვის, სამხრეთი რეგიონის ახალგაზრდობისთვის, ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და ირანელი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის იცავს ირანის დამოუკიდებლობასა და მის საზღვრებს, განსაკუთრებით სპარსეთის ყურესთან.

ყველა მათგანი განაგრძობს თავის გზას და ირანის წინააღმდეგობა იქნება უფრო მტკიცე და ძლიერი, ვიდრე წარსულში, თუკი იქნება ალაჰის ნება.

რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს, სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურებს, მეგობრებსა და ალირეზა ტანგსირის პატივცემულ ოჯახს ვუსამძიმრებ და, ამავდროულად, ვულოცავ ამ მამაცი მეთაურის მოწამეობრივ სიკვდილს. ყოვლისშემძლე ალაჰის წინაშე ვლოცულობ ამ მოწამისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირანის სახელმწიფო სატელევიზიო მაუწყებლის ცნობით მოჯთაბა ხამენეის ეკუთვნის.

კვლავ უცნობია, ცოცხალია თუ არა მოჯთაბა ხამენეი, თუ კი — მაშინ სად არის და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სხვადასხვა დასავლური მედიასაშუალების ინფორმაციით, ირანის უზენაესი ლიდერი საოპერაციოდ მოსკოვში გადაიყვანეს, რადგან, ერთ-ერთი ვერსიით, მას იერიშების შედეგად კიდურების ამპუტაცია დასჭირდა.

მის შესახებ ოფიციალურ წყაროებშიც მწირია ცნობები. დონალდ ტრამპი არც ადასტურებს, რომ ლიკვიდირებული ალი ხამენეის ვაჟი ცოცხალია და არც უარყოფს.

განსხვავებით უზენაესი ლიდერისგან, ცნობილია ირანის პოლიტიკური ლიდერის ადგილსამყოფელი. ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის კადრებიდან ჩანს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მთავრობის სხდომას უძღვება.

მათივე ცნობით, ამ შეხვედრაზე ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ომის დასრულების თაობაზე მიღებული იქნება მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესების, უსაფრთხოებისა და ღირსების შესაბამისად.

„ვაგრძელებთ ძალისხმევის გაწევას, რათა ჩვენს ხალხს არ ჰქონდეს პრობლემა სახელმწიფო სერვისებზე წვდომის მხრივ. ძვირფასო მოქალაქენო, ხელისუფლება თქვენ გემსახურებათ მთელს ქვეყანაში — ქალაქებსა თუ მცირე დასახლებებში. ჩვენ თქვენი მსახურები ვართ“, — განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა.

პარალელურად აშშ და ისრაელი აცხადებენ, რომ კვლავ აგრძელებენ დარტყმებს ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე.

თელ-ავივის ცნობით, ახლა მათი სამიზნე ეკონომიკურ დანიშნულების წერტილებია, რათა მოწინააღმდეგეს ამ მხრივ პრობლემები შეუქმნან და, როგორც ისრაელში აცხადებენ, ხელი შეუწყონ არსებული რეჟიმის ჩამოშლას.

დაკავშირებული ამბები
ირანის უზენაესი ლიდერი კვლავ არ ჩანს, თუმცა თეირანი მის განცხადებას ავრცელებს ექსპერტთა თქმით, დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ირანი კრიპტოვალუტას იყენებს