კატეგორიები

უკრაინამ საუდის არაბეთსა და კატართან 10-წლიანი უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმა

უკრაინამ საუდის არაბეთსა და კატართან 10-წლიანი უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმა
Copyright Reuters
ახლო აღმოსავლეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იორდანიის მეფე აბდულა მეორეს იორდანიის დედაქალაქში შეხვდა. მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

„შევხვდი იორდანიის მეფე აბდულა II-ს. განვიხილეთ პოტენციური პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული საერთო ვითარება. უკრაინა მზადაა ერთობლივი მუშაობისთვის დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით. ჩვენივე გამოცდილებიდან ვიცით, რომ ერთიანი სისტემის გარეშე შეუძლებელია ადამიანებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სრულად დაცვა. ჩვენ ასეთი სისტემა გვაქვს.  რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს იძულებული ვართ,  თავი დავიცვათ რუსეთის მუდმივი თავდასხმებისგან, რომელთა დროსაც ისინი ირანულ დრონებსაც იყენებენ“,  - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

იორდანიაში ვიზიტამდე უკრაინის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს ეწვია. უკრაინამ ხელი მოაწერა საუდის არაბეთსა და კატართან უსაფრთხოების 10-წლიან  შეთანხმებას, რომლის მიზანიც თავდაცვის გაძლიერებაა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე ირანული იერიშების ფონზე უკრაინა რეგიონის ხუთ ქვეყანას - არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, კატარს, ქუვეითისა და იორდანიას - ირანული დრონების განეიტრალებაში ეხმარება.

მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე 28 თებერვალს სამხედრო იერიში მიიტანეს, ირანი საპასუხოდ თავს დაესხა ახლო აღმოსავლეთისა და ყურის ქვეყნებში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და საერთაშორისო აეროპორტებს. უკრაინამ ახლო აღმოსავლეთსა და ყურის რეგიონში 200-ზე მეტი დრონის სპეციალისტი უკვე გაგზავნა. გასული წლების განმავლობაში უკრაინამ ირანულ უპილოტო დრონებთან ბრძოლის მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა. რუსული სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინა საბრძოლო პირობებში გამოცდილი დრონების ჩამომგდები სისტემების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი გახდა.

უკრაინა იმედოვნებს, რომ ყურის ქვეყნებისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ, ისინი მაღალი კლასის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მიიღებენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ, პირველ რიგში, სწორედ ასეთი საჰაერო თავდაცვის რაკეტებია საჭირო.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიზანია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობები ჩამოაყალიბოს, რაც სამხედრო ტექნიკის ერთობლივ წარმოებას, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, ინვესტიციებსა და საბრძოლო გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

„უბრალოდ ერთჯერადი გაყიდვები ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენ გვინდა სისტემური ურთიერთობები, რომელთა საფუძველზეც ექსპორტიორებს შემოსავალი ექნებათ. სანაცვლოდ კი უკრაინა შიდა წარმოების დასაფინანსებლად საკმარის თანხას მიიღებს. ჩვენი გამოცდილი სამხედროები, კერძო და სახელმწიფო სექტორებთან ერთად, ერთიან სისტემაში მოქმედებენ. ჩვენ ვთავაზობთ გრძელვადიან საექსპორტო მოდელს, რომელიც სარგებელს მოუტანს კერძო კომპანიებს, სახელმწიფოსა და ჩვენს სამხედროებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყურის რეგიონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის ფონზე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის ბოლო თავდასხმის დროს რუსული დრონების 97% ჩამოაგდეს. შესაბამისად, უკრაინა დარწმუნებულია, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ირანული დრონების საწინააღმდეგო სისტემების დანერგვაში დაეხმარება. უკრაინას ასევე იმედი აქვს, რომ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების აღდგენაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

უკრაინამ ახალ მოკავშირეებთან, მათ შორის ყურის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც უნგრეთმა ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაბლოკა.

დაკავშირებული ამბები
ტაივანის ოპოზიციის ლიდერი პეკინში მიემგზავრება უკრაინამ საუდის არაბეთსა და კატართან 10-წლიანი უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმა