ტაივანის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი სი ძინპინის მოწვევით ჩინეთში გასამგზავრებლად ემზადება. ვიზიტი აპრილში შედგება, ერთი თვით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩასვლამდე პეკინში, სადაც ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამიტია ჩანიშნული.
ყოფილმა კანონმდებელმა ჩენგ ლი-ვუნმა ოპოზიციური პარტიის, „კუომინტანგის“ თავმჯდომარის პოსტი ოქტომბერში გაინაღდა. მისი საგარეო პოლიტიკა პეკინთან ურთიერთობების დათბობასა და მჭიდრო კონტაქტების ჩამოყალიბებას გულისხმობს, იმ ფონზე, როდესაც თავად ტაივანის ხელისუფლების ბოლო განცხადებები პეკინიდან მომდინარე საფრთხეებზეა აგებული, მათ შორის სამხედრო ხასიათის.
„ვიმედოვნებთ, რომ აპრილის ვიზიტი იქნება ახალი გაზაფხულის დასაწყისი ტაივანის სრუტის ორივე მხარისთვის, რაც მშვიდობის გარანტიაა. ეს კი არაა მხოლოდ ტაივანის სურვილი, არამედ ჩინეთის მოლოდინიცაა. ჩვენ ვიმუშავებთ მტკიცედ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ტაივანის სრუტის მხარეებს შორის ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია, ისევე როგორც ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან. მე ვერ ვხედავ კონფლიქტს და ვერც იმის საჭიროებას, რომ მსხვერპლზე წავიდეთ. მე ასევე მზად ვარ შევხვდე და ვესაუბრო ტაივანის პრეზიდენტს, ლაი ცინგტეს, ვიმუშაო მასთან აქტიურად მშვიდობასა და სტაბილურობაზე რეგიონში და გადავჭრათ შიდაპარტიული კონფლიქტი ეროვნული მასშტაბით“, — აღნიშნა ოპოზიციური პარტია „კუომინტანგის“ ლიდერმა, ჩენგ ლი-ვუნმა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დემოკრატიულ ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს და უარს ამბობს მის პრეზიდენტთან, ლაი ცინგტესთან საუბარზე, რომელსაც ჩინეთში სეპარატისტად მოიხსენიებენ. ამის ფონზე პეკინი მჭიდრო კონტაქტების დამყარებას ცდილობს ტაივანის ოპოზიციასთან. გლობალურ დომინაციაში აშშ-ის მთავარ მეტოქესთან, ჩინეთთან ურთიერთობაში ტაივანს მნიშვნელოვანი როლი აქვს.
დღეს ტაივანს სტუმრობენ ამერიკელი კანონმდებლებიც, რომლებიც ქვეყანას 40-მილიარდიანი თავდაცვის ბიუჯეტის ბოლომდე მიყვანას მოუწოდებენ, რათა ჩინური საფრთხე ეფექტურად მოიგერიონ.
„ძლიერი ურთიერთობები ტაივანსა და აშშ-ს შორის ათწლეულებს ითვლის და მან თეთრ სახლსა თუ კონგრესში ცვლილებებსაც გაუძლო. ჩვენი მკაფიო და ორპარტიული გზავნილია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ მრავალი ათწლეული იარსებებს. ვწუხვართ პეკინიდან გაზრდილი ზეწოლის გამო, მათ შორის ტაივანის ირგვლივ სამხედრო მოქმედებებით, რაც ზრდის რისკებს. თუმცა თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის ზრდით ტაივანი ამას წინააღმდეგობას უწევს. ტაივანის სრუტის ირგვლივ მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისთვის და საერთო კეთილდღეობისთვის, მათ შორის ამერიკული ბიზნესებისთვის და მიწოდების ჯაჭვისთვის — ტაივანსა და აშშ-ს შორის ყოველწლიურად 250 მილიარდ დოლარამდე მიმოცვლით“, — აღნიშნა სენატის წევრმა დემოკრატიული პარტიიდან, ჯინ შაჰინმა.
„ჩვენ აქ ვართ კონკრეტული გზავნილით — ტაივანის ხალხისთვის იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ერთად უსაფრთხოებისა და ერთობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ ამ სამყაროში. მსურს პირადად დავუჭირო მხარი თავდაცვის ბიუჯეტს. ჩემი კოლეგები ვაშინგტონში ამ პროცესებს თვალს ადევნებენ — ეს უმნიშვნელოვანესია. უნდა ვნახოთ, რომ, ვიდრე ჩვენ მსოფლიოს ამ ნაწილში ინვესტიციას ვახორციელებთ, თქვენც დებთ ამაში ძალისხმევას“, — აღნიშნა ჯონ კურტისმა, სენატის წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან.
ტაივანის ოპოზიცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დომინირებს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ თავდაცვის ბიუჯეტს ეწინააღმდეგება და საკითხზე დებატებს განაგრძობს. აშშ ტაივანის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდამჭერია, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ფორმალური დიპლომატიური კავშირები არ არსებობს. აშშ-ის ხელისუფლებამ ტაივანის თავდაცვის ხარჯების ზრდისკენ ფოკუსირებულ ბიუჯეტს მხარი დაუჭირა, მაშინ როდესაც ვაშინგტონი ყველა პარტნიორს მოუწოდებს, მეტი დახარჯონ თავდაცვაზე.
