კატეგორიები

ქნესეთის წევრები განიხილავენ ისრაელის მოქალაქეებზე თავდამსხმელთათვის სიკვდილით დასჯის შესაძლებლობას

ქნესეთის წევრები განიხილავენ ისრაელის მოქალაქეებზე თავდამსხმელთათვის სიკვდილით დასჯის შესაძლებლობას
Copyright AP Photo
ისრაელის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ თავდასხმაში მონაწილე პალესტინელი პირი სიკვდილით დაისჯება.

დოკუმენტი წარმოადგენს ადგილობრივი ულტრამემარჯვენეების მრავალწლიანი ძალისხმევის კულმინაციას, რომლებიც ამ დროის განმავლობაში მოითხოვდნენ ისრაელის მოქალაქეების ან ეთნიკურად ებრაელების წინააღმდეგ ნაციონალისტურად განწყობილი პირებისადმი სადამსჯელო ნორმების დაწესებას.

„ჩვენთვის წარმოდგენილი კანონი — ტერორისტების სიკვდილით დასჯა — არ არის შურისძიებისთვის განკუთვნილი და არც წარმოადგენს რისხვას. ეს არის საკუთარი მოქალაქეებისადმი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მაჩვენებელი, ხელისუფლების პასუხისმგებლობა თითოეული ადამიანის სიცოცხლისადმი.

ვინც არ უნდა აირჩიოს ტერორის გზა, ვინც არ უნდა აღმართოს ხელი ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ მათი განადგურების განზრახვით, იცოდეს, რომ ამისთვის არაორაზროვანი ფასის გადახდა მოუწევთ.

გამოჩნდებიან ისეთებიც, ვინც იტყვის: „ეს ამორალურია“. როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, ვამბობ: არაფერია უფრო მორალური, ვიდრე ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა. არაფერია უფრო ეთიკური, ვიდრე მკაფიო ზღვარის გავლება სიკეთესა და ბოროტებას შორის და არაფერია იმაზე უფრო სამართლიანი და ებრაული, ვიდრე ყველაზე მთავარი — სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა“, — განაცხადა ქნესეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ცვიკა ფოგელმა.

მიუხედავად საერთო სულისკვეთებისა, რომ ისრაელის მოქალაქეებისა და ეთნიკურად ებრაელების სიცოცხლის უფლება უნდა იყოს დაცული, კანონპროექტს ჰყავს არაერთი მოწინააღმდეგე. მათი თქმით, ეს ნორმა, პირველ რიგში, არის რასისტული, დრაკონული და საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამო, ასევე არაეფექტური იმ თვალსაზრისით, რომ ვერ შეძლებს პალესტინელი მებრძოლების თავდასხმების აღკვეთას.

„ისინი თქვენთან მოვიდნენ და გითხრეს: ნუ მიიღებთ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის იმ ნორმებს, რომელთა შესრულებაც ისრაელმა საკუთარ თავზე აიღო...

ეს კარგი შესაძლებლობაა შეგახსენოთ, რომ თქვენი საზიზღარი კანონი არაბი ტერორისტებისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, მაგრამ არა ებრაელი ტერორისტებისთვის. კიდევ ერთი ფაქტია, რომ მსგავსი კანონპროექტი ისრაელს უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს დემოკრატიული სამყაროს პირობებში, იმ ქვეყნებთან შედარებითაც, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს“, — განაცხადა ქნესეთის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გილად კარივმა.

ქნესეთმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს, რადგან ისრაელში რელიგიური დღესასწაულები ახლოვდება. სადავოა მისი დამტკიცება და 30 დღის ვადაში ძალაში შესვლის საკითხიც. კანონმდებლების ნაწილი ვარაუდობს, რომ დოკუმენტს უფლებადამცველები ისრაელის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

დაკავშირებული ამბები
ქნესეთის წევრები განიხილავენ ისრაელის მოქალაქეებზე თავდამსხმელთათვის სიკვდილით დასჯის შესაძლებლობას ირანმა თელ-ავივის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანა