ირანის შემდეგ კუბა — აშშ-ის პრეზიდენტმა მორიგ ჯერზე განაცხადა, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ, მისი მომდევნო სამიზნე კარიბის ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფო იქნება.
ჰავანაში არსებული მწვავე ენერგოკრიზისის ფონზე, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კუბისთვის რუსული ნავთობის მიწოდებაზე „არანაირი პრობლემა არ აქვს“.
მოსალოდნელია, რომ მოსკოვი ენერგობლოკადაში მყოფ სახელმწიფოს 730 000 ბარელ ნედლ ნავთობს მიაწვდის ხომალდ „ანატოლი კოლოდკინის“ მეშვეობით, რომელიც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ არის სანქცირებული.
„კუბა ჩვეულებრივი ქაოსია. ეს არშემდგარი ქვეყანაა და შემდეგი იქნება. დროის მოკლე მონაკვეთში ის ჩამოიშლება და მხოლოდ ჩვენ ვიქნებით იქ მათ დასახმარებლად. იქ ვიქნებით ჩვენი დიდებული კუბელი ამერიკელების დასახმარებლად, რომლებიც კუბიდან გააძევეს. ბევრ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრები კასტრომ მოკლა ან დაასახიჩრა. დიახ, კუბა იქნება შემდეგი…
ვეტყოდი მათ, რომ თუ რომელიმე ქვეყანას სურს, პირდაპირ ახლა გაგზავნოს ნავთობი კუბაში, ამაზე პრობლემა არ მაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთი იქნება თუ არა…“ — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მედიის წარმომადგენელთა კითხვაზე — აწუხებს თუ არა მას, რომ ეს პუტინს დაეხმარება — დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ის [ვლადიმერ პუტინი] ამ ნაბიჯით „ნავთობის ერთ პარტიას დაკარგავს“:
„თუ მას ეს მოუნდება და სხვა ქვეყნებსაც ეს სურთ, მე პრობლემა არ მაქვს. ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს. კუბა განწირულია. მათ ცუდი რეჟიმი აქვთ და ძალიან ცუდი და კორუმპირებული ხელმძღვანელობა ჰყავთ.
მიიღებენ თუ არა ნავთობის ერთ პარტიას, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მირჩევნია, შემოვუშვა ის, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა ვინმე, რადგან ხალხს სჭირდება გათბობა და გაგრილება და კიდევ ბევრი სხვა რამ“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის ეს პოზიცია ბევრად განსხვავდება მისი წინა კვირებისა თუ თვეების რიტორიკისგან, როდესაც ის ყველა ქვეყანას მკაცრად აფრთხილებდა, რომ კუბისთვის ნავთობის მიწოდების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დღემდე ვარაუდობს, რომ ენერგეტიკული კრიზისის ფონზე კუბა დათანხმდებოდა დიპლომატიას და მიუჯდებოდა მოლაპარაკებების მაგიდას, რაც ჯერჯერობით მიუღწეველი პროცესია.
ამასთან, დაპირების მიუხედავად, უცნობია, იქნება თუ არა მოსკოვის მხრიდან კუბისთვის განკუთვნილი „ჰუმანიტარული დახმარება“ პირველი და უკანასკნელი იმ ფონზე, როდესაც 1-ლი აპრილიდან რუსული მხარე სრულად ზღუდავს ნედლეულის ექსპორტს ქვეყნის შიგნით უკრაინული იერიშების შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო.
ექსპერტების თქმით, ამ ოდენობის ნავთობი კუბისთვის მხოლოდ 9 ან 10 დღის სამყოფია, ამიტომ არსებულ კრიზისს ვერ უშველის.
