კატეგორიები

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ირანთან შეთანხმების შესაძლებლობას ხედავს“

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ირანთან შეთანხმების შესაძლებლობას ხედავს“
Copyright AP
„ირანთან შეთანხმების შესაძლებლობას ვხედავ და ეს, შესაძლოა, მალე მოხდეს“ — ასე უპასუხა მედიის წარმომადგენლების კითხვებს აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ეს შეთანხმება ბოლოს მოუღებს ირანში მიმდინარე ომს. თუმცა ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე — ამასთან, განიხილავს თუ არა ის ისლამურ ქვეყანაში სახმელეთო ჯარების განლაგებას კონგრესთან შეთანხმების გარეშე — ტრამპმა უპასუხა, რომ მას „ბევრი ალტერნატივა აქვს“.

„ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა ირანთან და მივიღეთ ბევრი რამ, რაც მათგან დიდი ხნის წინ უნდა მიგვეღო. შევხედოთ, როგორ დალაგდება ყველაფერი, თუმცა მოლაპარაკებები ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს... დიდი დღე იყო. მათ როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირაც ვესაუბრებით. გვყავს ემისრები, თუმცა ასევე პირდაპირი მომლაპარაკებლებიც...

ვიტყოდი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს ამ მოლაპარაკებების ფარგლებში, თუმცა ირანთან ზუსტად არასდროს არაფერი იცი, რადგან ჯერ ჩვენ ვსაუბრობთ მათთან, შემდეგ კი ყოველთვის გვიწევს მათი აფეთქება — იქნება ეს B-2-ის ტიპის ბომბდამშენებით თუ, მაგალითად, ბარაკ ჰუსეინ ობამას მიერ ხელმოწერილი ირანული ბირთვული შეთანხმების გაუქმება — ალბათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი და ყველაზე სულელური შეთანხმების.

საბედნიეროდ, მე ის გავაუქმე, სხვა შემთხვევაში მათ ბირთვული იარაღი ექნებოდათ. სწორედ B-2-ის ტიპის ბომბდამშენებით მიტანილი იერიშებით ჩვენ შევუშალეთ ხელი მათ, მიეღოთ ბირთვული იარაღი.

თითქმის დარწმუნებული ვარ, ალბათ შევძლებთ მათთან შეთანხმების გაფორმებას, მაგრამ შესაძლოა — არა...“ — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აშშ „დადგენილ გრაფიკს რამდენიმე კვირით უსწრებს“, სამ დღეში კი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ირანის 158 გემის განადგურება.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ირანში რეჟიმი უკვე შეცვლილია. ამის დასადასტურებლად მან მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ თეირანის სამხედრო თუ პოლიტიკური მმართველობის ძირითადი ბირთვი უკვე ლიკვიდირებულია, ახალი აიათოლას, მოჯთაბა ხამენეის ბედი კი კვლავ გაურკვეველია.

„თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ რეჟიმი უკვე შეიცვალა, რადგან ის შემადგენლობა განადგურებულია. ყველა მათგანი მკვდარია. შემდგომი რეჟიმიც თითქმის ლიკვიდირებულია. მესამე რეჟიმის შემთხვევაში, ჩვენ საერთოდ სხვა ხალხთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანთა სრულიად სხვა ჯგუფია. ამიტომ, ამას რეჟიმის ცვლილებად ჩავთვლიდი.

ამაზე უკეთესს ვერაფერს იზამთ. რეჟიმი, რომელიც ყველაზე ცუდი და ბოროტმოქმედი იყო, პირველ რიგში განადგურდა. მეორე დაინიშნა თუ არა — გაქრა. ყველა მათგანი მკვდარია, ერთის გარდა, რომელშიც შეიძლება იყოს სიცოცხლის ერთი პატარა ნატამალი. ეს კი ნამდვილად ადამიანთა მესამე ჯგუფია, რომელიც ბევრად უფრო გონიერი ჩანს, ამიტომ რეალურად ეს არის რეჟიმის ცვლილება“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დიპლომატიური მოლაპარაკებების პარალელურად, აშშ კონფლიქტის ზონაში დამატებით სამხედრო შენაერთებს გზავნის.

გასული კვირის ბოლოს ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა სადესანტო ხომალდი USS Tripoli, რომელმაც დაახლოებით 3 500 სამხედრო ჩაიყვანა.

გამოცემა The Washington Post-ის თანახმად, სახმელეთო ოპერაციის გეგმას პენტაგონი რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ამერიკული სამხედრო ძალების მთავარსარდალს არ მიუღია.

დონალდ ტრამპის მხრიდან დიპლომატიურ მოლაპარაკებებსა და, ამავდროულად, სახმელეთო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობაზე საუბარს თეირანის სამხედრო მმართველობა არასერიოზულად მიიჩნევს.

თუკი ვაშინგტონი ამ ნაბიჯს გადადგამს და ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომს სხვა ფორმით გააგრძელებს, ისლამური ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ამერიკულ მხარეს „საკადრისი პასუხით“ ემუქრება.

„დილაობით ტრამპი ბოლო ხმაზე გაჰკივის მუქარისშემცველ განცხადებებს, იმავე დღის საღამოს კი უკან იხევს. ერთ მომენტში ის მოლაპარაკებებზე საუბრობს, მალევე კი ომის საკუთარ კონტროლქვეშ აღებაზე ფიქრობს. ამ გაუწონასწორებელმა და მატყუარა ადამიანმა უდიდესი ზიანი მიაყენა ამერიკას, ევროპას, ასევე მსოფლიოს ქვეყნებს, განსაკუთრებით დასავლეთ აზიის სახელმწიფოებსა და მათ მოსახლეობას.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ერთადერთი ენა, რომელიც მას ესმის, არის ძალის ენა.

ტრამპის ბოლოდროინდელ მუქარებზე საპასუხოდ, სადაც მან ისაუბრა სახმელეთო ოპერაციის ჩატარებასა და ირანის ამა თუ იმ ტერიტორიის ოკუპაციაზე, რაც არაფერია, გარდა მისი ოცნებებისა, ვაცხადებთ: ისლამის მებრძოლები დიდი ხანია ელოდნენ ასეთ მოქმედებებს, რათა აჩვენონ, რომ აგრესია და ოკუპაცია ვერაფერს მოიტანს, გარდა აგრესორების დამამცირებელი დატყვევებისა, დანაწევრებისა და გაქრობისა და რომ ამერიკელი მეთაური და ჯარისკაცები სპარსეთის ყურის ზვიგენებისთვის იოლ მსხვერპლად იქცევიან“, — განაცხადა ხათალ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა, ებრაჰიმ ზოლფაგარმა.

თეირანის მხრიდან მსგავსი განცხადება ვაშინგტონისთვის ახალი არ არის. მსგავსი რიტორიკა „რევოლუციური გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენლებისგან ომის დაწყებამდეც ისმოდა და 28 თებერვლის შემდეგაც, როცა ისრაელმა და აშშ-მა ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

გამაფრთხილებელ განცხადებებთან ერთად, გრძელდება იერიშები ისლამური ქვეყნის ტერიტორიაზე. 30 მარტის ღამეს ელექტროსადგურებზე თავდასხმების შედეგად ჩაბნელებული თეირანის თავზე ადვილად სანახავი იყო მოწინააღმდეგის რაკეტები და მათ მიერ გამოწვეული აფეთქებები.

მანამდე კი ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კამპუსი ნანგრევებად იქცა. საპასუხოდ, თეირანი იმუქრება, რომ, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი ირანული სასწავლებლების უსაფრთხოება, „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ ჩაითვლება ისრაელის უნივერსიტეტებისა და ამერიკული საგანმანათლებლო დაწესებულებების ფილიალების შენობებიც.

გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ირანი ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ მოკავშირე მოსკოვისგან ჰუმანიტარულ ტვირთს მიიღებს, რომელიც გასული კვირის ბოლოს ჯერ მხოლოდ აზერბაიჯანში ჩავიდა.

დაკავშირებული ამბები
უკრაინამ საუდის არაბეთსა და კატართან 10-წლიანი უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმა დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ირანთან შეთანხმების შესაძლებლობას ხედავს“