აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, საფრანგეთში ჩაფრინდა. მას დიდი შვიდეულის ქვეყნების პირველი დიპლომატები ელოდებიან.
შეხვედრების მეორე დღეს, უკვე ამერიკელ პარტნიორთან საუბრებში, ევროპელები შეეცდებიან უკრაინაში ომის სამართლიანი პირობებით დასრულების საკითხი კვლავ წამოჭრან და ამ მხრივ ვაშინგტონს მეტი მოსთხოვონ. ევროპაში არ მოსწონთ ის ზეწოლა, რომელსაც თეთრი სახლი კიევზე ახორციელებს ტერიტორიული დათმობების მოთხოვნით.
რუსეთზე ზეწოლის მოსათხოვად არგუმენტები მომზადებულია. მათ დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურების დასკვნებიც ამყარებს, რომლის მიხედვითაც უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარების პასუხად, ახლა რუსეთი ირანს მეგობრულ სამსახურს უწევს — სატელიტური ინფორმაციითა და დახვეწილი დრონებით, რათა ისრაელს, ამერიკულ ბაზებსა და მეზობლებს შეუტიოს.
„ჩვენ ამ საკითხს წამოვწევთ, რადგან ვხედავთ, რომ რუსეთი ეხმარება ირანის დაზვერვას, რათა მან ამერიკელებს დაარტყას, ამერიკელები მოკლას. ასევე რუსეთი ეხმარება ირანს დრონებით, რათა მათ შეძლონ მეზობელ ქვეყნებსა და ამერიკულ ბაზებზე იერიშები. ეს ყველაფერი ურთიერთგადაჯაჭვულია. ასე რომ, თუ ამერიკას სურს ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულება და ის, რომ ირანმა მასზე იერიშები შეწყვიტოს, მან ასევე უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მათ ვეღარ შეძლონ დახმარება“, — აღნიშნა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
„დამტკიცებულია, რომ ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ორმხრივია და განგრძობადიც. ჩვენ შესანიშნავად ვიცით და მე პირადად გარწმუნებთ, რომ ევროპული სანქციები სწორედ იმას უკავშირდება, რომ ირანი ეხმარებოდა რუსეთს ომში — დრონებითა და რაკეტებით უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების დროს. შესაბამისად, არსებობს მიზეზი გვჯეროდეს, რომ რუსეთი ახლა ეხმარება ირანის სამხედრო ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ამერიკული სამიზნეების წინააღმდეგ“, — აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.
რუსეთის მხრიდან ირანთან თანამშრომლობის შესახებ თეთრ სახლშიც იციან, თუმცა მოსკოვთან ურთიერთობების დათბობისა და უკრაინის ომის დასრულების ძალისხმევის გათვალისწინებით ამჯობინებენ ამაზე ჩვეული სიხისტით არ ისაუბრონ. მანამდე დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივენ უიტკოფმაც აღნიშნა, რომ თავად რუსეთი მათთან საუბრისას ირანისთვის დახმარებას უარყოფს. ამ აზრის განმტკიცებას ირიბად შეეცადა სახელმწიფო მდივანიც ევროპულ კონტინენტზე გაფრენამდე. მარკო რუბიომ აქ სხვა საკითხებიც წამოჭრა, რომელიც ევროპელებთან იქნება განსახილველი.
„მე ვფიქრობ, რომ რუსეთი პირველ რიგში კონცენტრირებულია იმ ომზე, რომელიც ახლა მას აქვს. ამ წუთას არაფერი მაქვს დამატებით სათქმელი. რაც შეეხება იმას, ვთხოვ თუ არა ევროპელებს ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დახმარებას, ვფიქრობ, ეს მათ ეროვნულ ინტერესშია. ეს ქვეყნები ჩვენზე მეტ საწვავს იღებენ ამ მარშრუტიდან. პრეზიდენტმა ტრამპმა გააჟღერა მისი დაკვირვება, კერძოდ ის, რომ აშშ-ს გამუდმებით სთხოვენ ომში დახმარებას, რასაც ვაკეთებთ კიდეც მსოფლიოში ყველა სხვა ქვეყანაზე მეტად, მათ შორის ევროპულ კონტინენტზე მიმდინარე უკრაინის ომში. თუმცა, როდესაც აშშ-ს აქვს მსგავსი საჭიროება, ვერ იღებს შესაბამის პასუხს. რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა თქვა, რომ ეს არ არის ევროპის ომი. იგივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის ომიც არ არის ჩვენი ომი, მაგრამ ამ საკითხში იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე რომელიმე ქვეყანა. ასე რომ, ეს იქნება განსახილველი საკითხი, რასაც პრეზიდენტი მომავალში გაითვალისწინებს“, — თქვა მარკო რუბიომ.
ჰორმუზის სრუტის განბლოკვა ენერგეტიკული მიწოდების გლობალური ჯაჭვისთვის ახლა მთავარი პრიორიტეტია, რაც ევროპასთან ერთად ამერიკასაც მოუხსნის იმ ეკონომიკურ რისკებს, რომელიც მარშრუტის დაბლოკვამ ბირჟებზე ატლანტის ორივე მხარეს აჩვენა. მსგავსი შოკი ევროპამ 2022 წელს გამოსცადა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ეს საკითხი კი კონტინენტის მთავარ პრობლემად რჩება, რომელშიც უცვლელი სტრატეგია აქვთ — რუსეთზე ზეწოლა და კიევის მხარდაჭერა.
„ჩვენი ამოცანა, ბუნებრივია, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის სწრაფად დასრულებაა, რათა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება აღდგეს. ამასთან, ველით, რომ ევროპული ინტერესი იქნება გათვალისწინებული. ეს ეხება უკრაინას — ესაა ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი. რუსეთის მიმართ სანქციების შესუსტება არასწორი მიდგომაა. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, რათა მან ჩვენი პოზიცია გაიგოს. არ უნდა შეწყდეს ჩვენი ერთობლივი დახმარება უკრაინის მიმართ — ეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნება“, — აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა.
დასავლური დემოკრატიები ერთმანეთს საფრანგეთის დედაქალაქთან ახლოს, ვო-დე-სერნეს სააბატოში ხვდებიან. ადგილზეა უკრაინაც, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა, შეხვედრებს ესწრება. სტუმრებს შორის არიან საუდის არაბეთის, სამხრეთ კორეის, ბრაზილიისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. საფრანგეთს მოწვეულთა სიიდან სამხრეთ აფრიკის ამოღება მოუხდა, რადგან აშშ შეხვედრების ბოიკოტირებით იმუქრებოდა, თუ სამიტს ამ ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრებოდა.
