კატეგორიები

ჩრდილოეთ კორეისა და ბელარუსის „მეგობრობა და თანამშრომლობა“

ჩრდილოეთ კორეისა და ბელარუსის „მეგობრობა და თანამშრომლობა“
Copyright AP Photo
ალექსანდრ ლუკაშენკამ კიმ ჩენ ინის ფხენიანში ვიზიტისას ავტომატი აჩუქა და იხუმრა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მას „მტრების გამოჩენის შემთხვევაში“ გამოიყენებს.

იმავე დღეს ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეას ლიდერებმა „მეგობრობისა და თანამშრომლობის“ ხელშეკრულება გააფორმეს, რითაც დასავლეთის მოწინააღმდეგე და უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერ ორ ავტორიტარულ რეჟიმს შორის ალიანსი გაამყარეს.

ლუკაშენკამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ „გლობალური ძალები ღიად უგულებელყოფენ და არღვევენ საერთაშორისო სამართალს“ და რომ ამ პირობებში დამოუკიდებელ ქვეყნებს, როგორ სახელმწიფოებადაც, როგორც ჩანს, ბელარუსსა და ჩრდილოეთ კორეას მიიჩნევს, „სუვერენიტეტის დაცვისა და მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ძალების კონსოლიდაცია სჭირდებათ.“

„ჩვენი ქვეყნების მეგობრული კავშირები საბჭოთა ეპოქაში დაიწყო და არასდროს შეწყვეტილა. დღეს კი, ყოვლისმომცველი განვითარების შედეგად, ისინი არსებითად ახალ ეტაპზე გადადიან.

დიახ, ადრე, დიდწილად ჩვენივე მიზეზით, მჭიდრო თანამშრომლობა არ გვქონდა. თუმცა გულწრფელად მიხარია აღვნიშნო, რომ ახლა ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაძლიერებულია.

დღევანდელ რეალობაში, გლობალური ტრანსფორმაციის პირობებში, როცა მსოფლიო ძალები ღიად უგულებელყოფენ და არღვევენ საერთაშორისო სამართალს, დამოუკიდებელ ქვეყნებს სუვერენიტეტის დაცვისა და მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ძალების კონსოლიდაცია სჭირდებათ.

თქვენს მსგავსად, მეც მხარს ვუჭერ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას სხვა ქვეყნების გათვალისწინების გარეშე, რომლებიც, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობით კმაყოფილები არ იქნებიან, რადგან ისინი კონკურენტები არიან“, — თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ლუკაშენკას პრესსამსახურის თანახმად, კიმ ჩენ ინმა ბელარუსის მიმართ „სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა“ გამოხატა და „დასავლეთის მხრიდან ბელარუსზე უკანონო ზეწოლა“ დაგმო.

„ვეწინააღმდეგებით დასავლეთის უკანონო ზეწოლას ბელარუსზე და მხარდაჭერას გამოვხატავთ იმ ზომების მიმართ, რომლებიც ბელარუსის ხელმძღვანელობამ მიიღო სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად“, — თქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ბელარუსული მედიის ცნობით.

ფხენიანში ვიზიტის ფარგლებში ლუკაშენკომ საბჭოთა ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი მონუმენტი მოინახულა და ვლადიმერ პუტინის თხოვნით, „უკრაინის ომში რუსეთის დახმარებისთვის მადლიერების ნიშნად“ ყვავილებით შეამკო.

ავტომატის სანაცვლოდ ბელარუსის პრეზიდენტმა საჩუქრად მიიღო ლარნაკი, რომელზეც მისი პორტრეტია გამოსახული. როგორც ლუკაშენკას პრესსამსახური იტყობინება, ვიზიტი იმით დასრულდა, რომ კიმმა ბელარუსის ლიდერი აეროპორტში პირადად გააცილა და „თბილად დაემშვიდობა“.

ბელარუსი რუსეთის ახლო მოკავშირეა. 71 წლის ლუკაშენკა ბელარუსს 1994 წლიდან მართავს და 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოსკოვის ერთგული მხარდამჭერია.

კრემლის მოკავშირეა ჩრდილოეთ კორეაც. კიმ ჩენ ინმა ათასობით ჯარისკაცი და დიდი რაოდენობით იარაღი გაგზავნა რუსეთის ომის მხარდასაჭერად.

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ 2024 წელს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც „სამხედრო და სხვა სახის დახმარებას“ ითვალისწინებს, თუ რომელიმე მხარეს თავს დაესხმებიან.

ანალიტიკოსების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან იღებს ფინანსურ დახმარებას, სამხედრო ტექნოლოგიებს, საკვებსა და ენერგომომარაგებას, რაც ფხენიანს მის ძველ პარტნიორ ჩინეთიზე დამოკიდებულების შემცირებაში ეხმარება.

ბელარუსიც და ჩრდილოეთ კორეაც კვლავ დასავლური სანქციების ქვეშ არიან. ორივე რეჟიმს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში ადანაშაულებენ.

დაკავშირებული ამბები
ჩრდილოეთ კორეისა და ბელარუსის „მეგობრობა და თანამშრომლობა“ მარკო რუბიო საფრანგეთში დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ჩაფრინდა