ყაზახეთში დაცული იშვიათი ხელნაწერები ამ ქვეყნის მომთაბარე ცხოვრების ისტორიის ამბავს წერილობით ინახავს. ალმათის ეროვნული ბიბლიოთეკა ამ ქვეყნის ყველაზე დიდი წიგნთსაცავია, რომელშიც 7 მილიონზე მეტი 123 ენაზე დაწერილი ტომი ინახება.
სწორედ აქ არის დაცული ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი საგანძური - ყურანის მე-12 საუკუნის ხელნაწერი. ეს უძველესი რელიკვია მხოლოდ ერთი ნიმუშია ამ ბიბლიოთეკის უზარმაზარი კოლექციიდან, რომელიც სავსეა პერგამენტზე, ტყავსა და ქაღალდზე შესრულებული გამოცემებით, რომელთაც რესტავრაცია სჭირდებათ. თუმცა რესტავრაციის დაწყებამდე თითოეული წიგნი ფრთხილად უნდა მოამზადონ.
„თუ ამ წიგნების დაზიანება ბიოლოგიური ფაქტორითაა გამოწვეული, მაგალითად დაზიანებულია ობის ან მწერების მიერ, პირველ რიგში, მათ დეზინფექცია უტარდებათ,“ - ამბობს აიდა შომანოვა, კონსერვაციის, რესტავრაციისა და წიგნად აკინძვის სამსახურის თანამშრომელი. „მხოლოდ ამის შემდეგ წმენდენ დოკუმენტს მექანიკურად ყველაზე რბილი ბუნებრივი ფუნჯებითა და საშლელების საშუალებით“.
დროთა განმავლობაში ფურცლები ყვითლდება, იცრიცება და სიძველის სხვა ნიშნები უჩნდება. რესტავრაციის დაწყებამდე კონსერვაციის სპეციალისტები ფრთხილად ასუფთავებენ ფურცლებს ყოველგვარი დაზიანებისგან, მათ შორის ძველი რესტავრაციის ნაშთებისგანაც.
ფურცელს რესტავრაციამდე წყალში ათავსებენ. წყალი ხელს უწყობს ქაღალდის მჟავიანობის განეიტრალებას, რაც დოკუმენტს შემდეგი ეტაპისთვის ამზადებს: ფრთხილად უნდა გაწმინდონ წინა რესტავრაციის ნარჩენებისგან. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რესტავრაციის დაწყებაც. ამის სანახავად ასტანაში ჩავედით და პრეზიდენტის არქივს ვესტუმრეთ. აქ შენახული დოკუმენტების დათარიღება 1918 წლიდან იწყება და ისტორიას მიჰყვება კვალდაკვალ ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაარსებიდან დღემდე. ახლა არქივის სპეციალისტები და რესტავრატორები პერსონალურ დოკუმენტებზე მუშაობენ: საბჭოეთის დროს რეპრესირებული ხალხის საარქივო ჩანაწერებზე.
ძალიან დაზიანებული ფურცლები რომ აღადგინონ, სპეციალისტები ფრთხილად, მოთმინებით ამყარებენ დაზიანებულ გვერდებს ზედ სპეციალური მასალის შრეებად დაფენით.
„იაპონურ ქაღალდს ვიყენებთ მისი სტრუქტურის გამო,“ - განმარტავს დანაგულ ტიულეგენოვა, ყაზახეთის პრეზიდენტის არქივის თანამშრომელი. მისი ბოჭკოები კარგად იხსნება და საშუალებას გვაძლევს, რომ ორიგინალურ დოკუმენტში ჩავსვათ“.
რესტავრაციის შემდეგ თითოეულ დოკუმენტს საცავში ათავსებენ, სადაც მკაცრად არის დაცული ტენიანობა და ჰაერის ტემპერატურა. დღეს ამ არქივში რეპრესირებულთა 700 ათასი პირადი საქმე ინახება, ერთი ამდენი კი სხვა პოლიტიკური მნიშვნელობის ჩანაწერია.
ქალაქ ალმათში ზამთრის გახუნებული ფერების ფონზე შორიდანვე თვალში გხვდება ოქროსფერი შენობა - ცოდნის ტაძარი. ამ შენობაში სამეცნიერო ბიბლიოთეკაა, რომელშიც 5 მილიონი წიგნი ინახება. აქედან ათობით ათასი იშვიათი წიგნი რესტავრაციას ელოდება. ამ სამუშაოს სამეცნიერო კომპლექსის რესტავრაციის ცენტრში უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით ასრულებენ, რომელთა შორისაც არის ვაკუუმიანი დანადგარი.“
„ვაკუუმიან დანადგარზე ხდება წგნების ნაკლული ფურცლების აღდგენა,“ - ამბობს ივან კოსტინი, იშვიათი წიგნების რესტავრაციისა და კონსერვაციის ცენტრის თანამშრომელი. „დოკუმენტები ხშირად დაზიანებული ჩამოდის, ან ნაპირები აქვს ჩამოხეული, ზოგჯერ ტექსტიც მოხეულია. ეს რომ ტექსტის დაზიანების გარეშე გავაკეთოთ, ნაკლულ ნაწილს შევსების ტექნიკის მეშვეობით აღვადგენთ“.
დაზინებულ ნაწილს ფრთხილად ასხამენ ქაღალდის მასალას. ვაკუუმის დანადგარი ზედმეტ წყალს იწყოვს და ახალ მასალას საშუალებას აძლევს, რომ ორიგინალურ გვერდს შეეზარდოს. ერთი გვერდის აღდგენას შესაძლოა, მთელი დღე დასჭირდეს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრთან ერთად ეს გუნდი აღმოსავლურ ენაზე დაწერილ იშვიათ წიგნებს რესტავრაციას უტარებს და ამ წიგნების ერთიან ციფრულ ბიბლიოთეკასაც ადგენს. წელს ისინი 20 წიგნის აღდგენას გეგმავენ.
„ერთ-ერთი ჩვენი უნიკალური წიგნია 1855 წლით დათარიღებული ყურანის ხელნაწერი,“ - განმარტავს დინმუხამედ აბდრახანოვი, იშვიათი წიგნების რესტავრაციისა და კონსერვაციის ცენტრის თანამშრომელი. „ამ ხელნაწერში შემონახულია იშვიათი ბეჭდები, რომლებსაც ერთ დროს ხანები იყენებდნენ. ეს ბეჭედი, მაგალითად, ხივის სახანოს ხანს ეკუთვნის. აი, ასეთ მდგომარეობაში იყო თავდაპირველად. ბოლო ორი რვეულის აღდგენაღა დაგვრჩა და მერე უკვე აკინძვას შევუდგებით“.
იშვიათი წიგნები - განსაკუთრებით მუსლიმური რელიგიური გამოცემები - მთლიანად ხელით იკინძება. ეს ძალიან დელიკატური პროცესია, რომელიც დიდ დროსა და ოსტატობას მოითხოვს. თუმცა ამ შრომის გაწევა ნამდვილად ღირს: ამ გაცრეცილი ფურცლების დაცვა იმას ნიშნავს, რომ ეს კულტურული მემკვიდრეობა მომავალ თაობებსაც გადაეცემა.
ავტორი: მერუერტ ჟაკია
