კატეგორიები

ინტერვიუ ევროკავშირის ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინატორთან

ინტერვიუ ევროკავშირის ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინატორთან
Copyright Euronews

ევროკავშირის ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინატორი ბარტიან ვეგტერი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ევროპელი მოზარდების ონლაინ გადაბირებისა და რადიკალიზაციის საფრთხე რეალურად არსებობს. როგორც ბარტიან ვეგტერმა ევრონიუსთან განაცხადა, განსაკუთრებით 12 წლის მოზარდებს იღებენ მიზანში.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ირანმა მსოფლიო გააფრთხილა, რომ ამიერიდან პარკები, რეკრეაციული სივრცეები და ტურისტული ადგილები აღარ იქნება უსაფრთხო მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ ადამიანებისთვის, რომელთაც თეირანი მტრებს უწოდებს. რამდენად შეგაშფოთათ ასეთმა ვითარებამ და მოსალოდნელმა საფრთხეებმა?“

ბარტიან ვეგტერი, ევროკავშირის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი: „ირანი დიდი ხანია შეტანილი გვყავს ჩვენს დღის წესრიგში ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით. რატომ? იმიტომ, რომ ირანი წლების განმავლობაში მუდმივად ესხმოდა თავს  ხალხს ევროკავშირის მასშტაბით, დისიდენტებს და ცდილობდა ჩვენი საზოგადოების  დანგრევას, ასე ვიტყოდი. ამ ქვეყნის მიზნები კარგად არის ცნობილი ჩვენი სამსახურისთვის. სინამდვილეში ირანის მიერ არჩეული ტაქტიკა ხშირად ტერორისტული ტაქტიკაა. უკვე ვნახეთ მათ მიერ მოწყობილი მკვლელობები. ვნახეთ კიბერთავდასხმები, თავდასხმები ადამიანებზე, ირანი მიმართავს ე.წ. პროქსიინსტრუმენტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იყენებს ევროკავშირში მოქმედ  კრიმინალურ ქსელებს იმისთვის, რომ მოაწყოს თავდასხმა, ხოლო შემდეგ შეძლოს უარყოს ამ დანაშაულთან თავისი რეჟიმის ნებისმიერი კავშირი. ფაქტობრივად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და ირანის უსაფრთხოების სამსახური ტერორისტების ნუსხაშიც გვყავს შეყვანილი. შესაბამის ზომებსაც ვიღებდით, მაგრამ, დიახ, ახლანდელ კონტექსტში მდგომარეობა მართლაც გაცილებით საშიშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ეს უფრო ხომ არ გიადვილებთ საქმეს, რომ უფრო სწრაფად დაადგინოთ მათი ე.წ. აქტივებისა და პროქსიელემენტების ვინაობა?“

ბარტიან ვეგტერი, ევროკავშირის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი: მართლაც ასეა, იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი წევრ ქვეყნებს შორის სადაზვერვო მონაცემებისა და ზოგადად ინფორმაციის გაზიარებას მოიცავს. საქმე საბოლოოდ აქამდე მიდის. და თუკი გადახედავ იმას, რაც ევროკავშირმა უკვე გააკეთა ტერორიზმის საფრთხეების გასანეიტრალებლად, ასე ვთქვათ, მისი ყველა ფორმის მიმართულებით, იქნებოდა ეს სახელმწიფოს ჩარევა ბოროტი განზრახვით თუ ტრადიციული ტერორისტული აქტორები, ვფიქრობ, ჩვენი რეაქციის მთავარი არსი ყოველთვის იყო მეტი ინფორმაციის გაზიარება ერთმანეთისთვის. უფრო ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება, ჩვენი საზღვრების განმტკიცება, ჩვენი მონაცემთა ბაზის გაძლიერება და ზოგადად იმის უზრუნველყოფა, რომ ეს მონაცემები ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის, რათა ნებისმიერი ჩვენი წევრი სახელმწიფოს მიერ ჩამოტვირთული ინფორმაციის გადამოწმება შესძლებოდა მეორე წევრ სახელმწიფოს. აი, ყველა ეს ზომა მივიღეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. სხვათა შორის, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერს ძალიან უწყობდა ხელს ევროკომისია, რომელმაც ეს ყველა ჩამოთვლილი ინსტრუმენტი დანერგა და რომელიც ახლაც მუშაობს მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით საზღვრების დაცვის კუთხით, როგორც გარე, ის ევროკავშირის შიდა საზღვრების მიმართულებით. ჩვენ მივიღეთ და თანდათან გავაძლიერეთ ზომები. ზოგიერთმა სახელმწიფომ განსაკუთრებით გააძლიერა  ებრაელების დაცვა, რადგან ისინი  ახლა ხშირად ისრაელთან ასოცირდებიან და, სამწუხაროდ, ახლა მოიმატა ანტისემიტიზმმა  ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეული პროპაგანდის შედეგად. ეს კი ძალიან გვაფიქრებს, რადგან ეს განწყობა ვრცელდება ინტერნეტით და ახერხებს ზოგიერთის გადაბირებას“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი:  „მინდა, ევროპაში მცხოვრები ებრაელების შესახებაც გკითხოთ. 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მოიმატა მათზე თავდასხმებმა.  როგორ გგონიათ, ეს დამოკიდებულება კიდევ ხომ არ გაუარესდება ირანში ამერიკა-ისრაელის მიერ წამოწყებული ომის გამო?“

ბარტიან ვეგტერი, ევროკავშირის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი: „ჩემი აზრით, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც გლობალურ დონეზე დაძაბულობა იზრდება, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, მოსალოდნელია, რომ ეს აისახოს საერთაშორისო დონეზე ან ევროკავშირის შიდა საფრთხეების მოცემულობაზე.  იმას ვგულისხმობ, რომ როდესაც საქმე ეხება ებრაულ საიტებს ან ანტისემიტიზმს, დიახ, ნამდვილად ვხედავთ უარყოფით გავლენას დიდი ხანია. ამაზე ღაზაში მიმდინარე კონფლიქტმაც იქონია გავლენა. მართალია, ეს მაინცდამაინც წამყვანი თემა აღარ არის, მაგრამ ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო გარკვეული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რომელიც რადიკალურად განაწყობს ზოგიერთს, რასაც ანტისემიტიზმისკენ მივყავართ. სხვათა შორის, ანტიისლამური ტალღაც აგორდა. საერთო ჯამში, შეიმჩნევა პოლარიზაცია, ასე ვიტყოდი“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „თუკი ირანი მართლაც იქცა შურისმაძიებელ სახელმწიფოდ, ეს როგორ აისახება კონკრეტულად ევროპაზე? საქმე ისაა, რომ ევროპა ჯერჯერობით ოფიცილურად არ უერთდება ამერიკას ირანის წინააღმდეგ ომში. მაგრამ რამდენად ემუქრება ევროპას ისეთივე საფრთხე, როგორიც ამერიკას? ან ხომ არ გაიზრდება რისკი, თუკი ევროპა შეუერთდება?“

ბარტიან ვეგტერი, ევროკავშირის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი: „დიახ, ასეა, საფრთხე დიდი ხანია არსებობს და რისკი მატულობს. იმისდა მიხედვით, ახლა ჩარეთვება ევროპა კონფლიქტში თუ არა, ეს, რასაკვირველია, აისახება შიდა რისკებზე. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, ასე ვთქვათ, ფართო სურათი. პირადად მე ყურადღებას იმაზე  ვამახვილებ, თუ რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი ევროკავშირის მოსახლეობის ყოფაზე“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი:  „თქვენი აზრით, რა საფრთხეა მოსალოდნელი ისლამური სახელმწიფოსგან? ეს საშიშროება დასრულდა თუ არა?“

ბარტიან ვეგტერი, ევროკავშირის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი:  „ისლამური ჯიჰადი უმთავრეს საფრთხედ რჩება ევროპაში, ყოველთვის ასე იყო და ეს საფრთხე არ ჩამცხრალა წლების განმავლობაში. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ახალ რისკებსაც, რომლებზეც სიამოვნებით ვიტყოდი რამდენიმე სიტყვას, მაგრამ რაც შეეხება ჯიჰადს, ეს მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი უსაფრთხოებისთვის. როგორც დავინახეთ, ეს საფრთხე სულ სხვადასხვა რეგიონიდან მოდის, მათ შორის არის შუა აზია, საიდანაც პირდაპირ საფრთხეს ვხედავთ. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ, დიახ, დავამარცხეთ ე.წ. ხალიფატი 10 წლის წინ. და მას შემდეგ ჩვენი დაკვირვებით -  ამ საკითხს კი დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს - ვხედავთ, რომ ისლამურმა სახელმწიფომ აითვისა მისი ტაქტიკა და დიდი მონდომებით ახორციელებს. პირველ რიგში, თავისი სამეთაურო ცენტრების დეცენტრალიზაცია მოახდინა, რაც იმას  ნიშნავს, რომ ახლა რამდენიმე სხვადასხვა ფრონტის ხაზი გახსნა, ასე ვთქვათ, გლობალური ჯიჰადის ომში სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, ევროკავშირზე მისი საზღვრების გარედან ფართომასშტაბიანი კონცენტრირებული თავდასხმების ნაცვლად, მან ტაქტიკა შეცვალა და  ევროკავშირის შიგნით ცდილობს ხალხის გადაბირებას, ძირითადად მოზარდების. რაც, მათი აზრით, გაცილებით ეფექტურია. ამ კუთხით რადიკალიზმის ტენდენციის ზრდას  ვამჩნევთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ეს ყველაფერი კი ინტერნეტსივრცეში ხდება, რომელიც ჯერ კიდევ იძლევა ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რომელსაც რადიკალიზმისკენ მივყავართ“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „როდესაც ახალგაზრდებს ახსენებთ, საინტერესოა მაინც რა ასაკის ახალგაზრდებში ახერხებენ რადიკალური განწყობის ჩამოყალიბებას?“

ბარტიან ვეგტერი, ევროკავშირის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი: „12-იდან 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. უკვე ვხედავთ ისეთი მცირეწლოვანების რადიკალურ ტალღაზე გადაყვანის შემთხვევებს, რომელთა ასაკი 12 წელია და ჩვენი სამართალდამცავებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ ასეთი ახალგაზრდების რადიკალიზებას ძალიან სწრაფად ახერხებენ. ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირაც საკმარისია. ზოგიერთს ამის მერე მენტალური პრობლემები ეწყება ან ძალიან მოწყვლადი ხდება, როგორც მოზარდებს სჩვევიათ. მაგრამ მათ დანაშაულზე ვერ წაასწრებ, ისინი არ ხვდებიან ერთმანეთს პირადად. ეს ახალგაზრდები ხშირად მთელ დროს ინტერნეტში ატარებენ. ამიტომ ძალიან რთულია ჩვენი სამართალდამცავებისთვის მათი გამოჭერა. და ისევ და ისევ იმავე საკითხს ვუბრუნდებით: საჭიროა ინფორმაციის გაზიარების კარგი პრაქტიკის დანერგვა. ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ ინფორმაცია, მონაცემები, თუმცა ონლაინსივრცეზეც უნდა დაწესდეს მონიტორინგი, რადგან სწორედ იქ ხდება ძირითადად დანაშაული“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „მაინც როგორია, როგორც წეღან ახსენეთ, ახალი რისკები, ხომ ვერ ჩამოგვითვლით?“

ბარტიან ვეგტერი, ევროკავშირის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი: „დიახ. რამდენადაც ვაკვირდებით, ბოლო წლებში მოიმატა ერთგვარმა ძალადობრივმა ექსტრემიზმმა, როგორც მემარჯვენეების, ისე მემარცხენეების მხრიდან. თუმცა, როგორც ვხედავთ, მოძალადე მემარჯვენე-ფრთის წარმომადგენელი ექსტრემიზმი ქმნის ძირითადად ინტერნეტში ჯგუფებს, რომლებიც ახალგაზრდებს იტყუებენ საკუთარ ქსელებში და ამის მერე უკვე ითრევენ ე.წ. ეკლექტიკურ ტერორიზმში. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ იდეოლოგიებს აზავებენ ერთმანეთში და ქმნიან ძალიან ნეგატიურ, ძალადობრივ, ასე ვთქვათ, მოტივაციებს. აი, ეს არის ახალი ფენომენი, რომელსაც ვამჩნევთ და რომელიც განსაკუთრებულად საშიშია, რადგან  მცირეწლოვან ახალგაზრდებზეა გათვლილი და მათ უნერგავს, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, ნიჰილისტური ექსტრემისტული ძალადობის კონცეფციას, რომელსაც ძალიან ხშირად ინტერნეტჯგუფები უდგანან სათავეში - მოძალადე ექსტრემისტები,  რომელთაც სურთ მთელი საზოგადოების მოშლა. აქ შეხვდებით რასიზმს, ქალთმოძულეობას, ამ ახალგაზრდებს არავითარი იდეოლოგიური მრწამსი არ გააჩნიათ, სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ნიჰილისტებს, მაგრამ მიდრეკილებას იჩენენ უკიდურესი ძალადობისკენ. უკიდურესი ძალადობის ასეთი ფორმის ჩამოყალიბებას კი დიდწილად ხელს უწყობს, ისევ თქვენს ადრინდელ კითხვას დავუბრუნდები ირანის შესახებ, სწორედ  ასეთი კონფლიქტები, რომელთაც ვხედავთ“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „მაგრამ ეს ყველაფრი ევროპელ ახალგაზრდებს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის, კიდევ გავიმეორებ, ასაკობრივი ჯგუფის გამო“.

ბარტიან ვეგტერი, ევროკავშირის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი:  „ინტერნეტის მოხმარების მკვეთრი ზრდის გამო, როგორც ცნობილია, ახალგაზრდები დაახლოებით 4-5 საათს ატარებენ დღეში სოციალურ მედიაქსელებში. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, არიან ისეთებიც, რომლებიც  5-8 საათსაც კი ატარებენ დღეში და ასეთ ახალგაზრდებში მენტალური პრობლემების  რისკი ორმაგად დიდია. ასე რომ, უნდა დავფიქრდეთ სოციალურ მედიასა და ინტერნეტზე დამოკიდებულების საკითხზე, რაც  სულაც არ ნიშნავს, რომ ამას  მხოლოდ უარყოფითად შევხედოთ. მაგრამ ახალგაზრდები უნდა გავანათლოთ ამ კუთხით, ასევე უნდა დაველაპარაკოთ სოციალური პლატფორმების ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი იღებენ პასუხისმგებლობას,  საკადრისი პასუხი გასცენ ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რომელიც ახალგაზრდებში რადიკალურ განწყობას ნერგავს“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი:  „ამ საკითხთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს გლობალურ დონეზე და განსაკუთრებით ევროპაში, თუ რამდენად უნდა ჰქონდეთ წვდომა გარკვეულ ასეთ პლატფორმებზე მცირეწლოვან ევროპელებს. და თუ გავითვალისწინებთ იმ ყველაფერს, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ: რომ  დიდი საფრთხე ემუქრებათ ახალგაზრდებს, რომ ადვილია 12 წლის ასაკში რადაიკალური განწყობის დათესვა და ამისთვის რამდენიმე კვირაც კი საკმარისია, ეს საკითხი ნამდვილად იმსახურებს მეტ დებატს“.

ბარტიან ვეგტერი, ევროკავშირის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი: „ ნამდვილად ასეა და ამის გამო ფსონებიც მაღალია. სულ ვამბობ და მართლაც მნიშვნელოვანია ამ საკითხის ირგვლივ დებატების გამართვა, რადგან, იცით, ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ ყველა ვიყენებთ კომუნიკაციის დაშიფრულ ენას, რაც ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია, რადგან ის იცავს ჩვენს პირად ინფორმაციას და გვიცავს კიბერთავდასხმებისგან და ა.შ. მაგრამ ამას უარყოფითი მხარეც აქვს, თუ წესიერად არ ვმართავთ. უარყოფითი მხარე ამ წუთას ის არის, რომ ჩვენს გამომძიებლებსა და სამართალდამცავებს არ მიუწვდებათ ხელი ამ შიფრზე გარკვეული გამოძიებების კონტექსტში, რათა ნახონ ეს მონაცემები და გაარკვიონ, რა ტიპის კომუნიკაცია შედგა ბოროტმოქმედებს შორის, რადგან ხშირად  ტერორისტები თავდასხმებს სწორედ კრიმინალური ქსელების მეშვეობით გეგმავენ“.

საშა ვაკულინა, ევრონიუსი: და  ბოლო კითხვა ასეთია: ათი წელი გავიდა ბრიუსელში მოწყობილი ტერორისტული აქტიდან, რომლის ხსოვნისადმი მიძღვილი ღონისძიებებიც ამ უქმეებზე გაიმართება. როგორ გგონიათ, ბრიუსელი და ზოგადად ევროკავშირი უსაფრთხო იქნება ათი წლის შემდეგ?“

ბარტიან ვეგტერი, ევროკავშირის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი: „ჩემი აზრით, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ და ამის თქმის საშუალებას ორი ფაქტორი მაძლევს. პირველი ის, რომ რეგულარულად ვესაუბრები სამართალდამცავებს, დაზვერვას და ყველანი იზიარებენ ამ შეფასებას. მართალია, ახალი საფრთხეები გაჩნდა, როგორც იცით, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მიუხედავად დღევანდელი უკეთესი მდგომარეობისა, ვერადროს გამოვრიცხავთ მასშტაბური თავდასხმის გამეორების შესაძლებლობას. თუმცა მიმაჩნია, რომ ასეთი თავდასხმის შანსი ბევრად დაბალია დღეს. რატომ? ჩემი აზრით, ჩვენი სამართალდამცავების დამსახურებით, რომლებიც ძალიან სწრაფად ახერხებენ ახალი რისკების განსაზღვრას, როგორც უკვე ავხსენი, ახალი ტიპის საფრთხეების წინაშე ვდგებით. მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საფრთხე ბოლომდე არ გამქრალა და არ მგონია, გაქრეს უახლოეს მომავალში. რატომ? იმიტომ, რომ მას დიდწილად ხელს უწყობს პროპაგანდა და  ჩვენს საზღვრებს მიღმა მიმდინარე კონფლიქტები, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომლებიც განაპირობებენ ჩვენი საზოგადოების აზრს, საჯარო დებატებს და ხშირად ჩვენს ახალგაზრდებსაც აზიანებენ. აი, ასეთი მდგომარეობა გვაქვს დღეს“.

ავტორი: საშა ვაკულინა

დაკავშირებული ამბები
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „ვშიშობ, რომ ლიბანი შესაძლოა მეორე ღაზად იქცეს“ ინტერვიუ ევროკავშირის ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინატორთან