კატეგორიები

ფინეთის ყოფილი პრემიერი - „გაითვალისწინეთ უკრაინის მაგალითი, თორემ თავდაცვაზე ფული ფუჭად დაიხარჯება“

ფინეთის ყოფილი პრემიერი - „გაითვალისწინეთ უკრაინის მაგალითი, თორემ თავდაცვაზე ფული ფუჭად დაიხარჯება“
Copyright Euronews
ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რუსეთი ევროპის დარჩენილ ქვეყნებთან ომისთვის ემზადებოდეს. მისი თქმით, ევრობლოკი ისევეა დამოკიდებული უკრაინის დახმარებაზე, როგორც უკრაინა ევროპის მხარდაჭერაზე.

 

მარია ტადეო, ევრონიუსი: „ქალბატონო  სანა, მინდა, წლის ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებზე გკითხოთ აზრი, უნგრეთს ვგულისხმობ, სადაც ვიქტორ ორბანი დიდი უპირატესობით დაამარცხა ოპოზიციონერმა პეტერ მადიარმა. რას გეუბნებათ ეს ფაქტი ევროპასთან მიმართებით?“

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ეს იმედს აძლევს ევროპას. ვიცი, რომ პირადად მე და ბევრს უნგრეთსა და ევროპაში გულზე მოგვეშვა მას შემდეგ, რაც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები ასეთი შედეგით დასრულდა. რადგან ახლა მოქმედების მეტი საშუალება გვეძლევა, რათა უკრაინას დავეხმაროთ. ყველამ ვიცით, რომ ორბანმა მრავალ ვითარებაში უკრაინა წნეხის ქვეშ მოაქცია. ამიტომ, რასაკვირველია, ახლა იმედი გვაქვს, რომ საქმე უკეთესად წავა“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „გამოდის, ახლა ფიქრობენ, რომ უნგრეთი შესაძლოა უფრო დაუახლოვდეს ევროპას?“

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი:  „ევროპას, ლიბერალურ ღირებულებებს, ევროპულ მომავალს - ამის იმედი გვაქვს, რადგან ჩვენ ერთნი ვართ და გვჭირდება ერთმანეთი. წევრი ქვეყნები -  ჩვენ - ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ერთსულოვნება ჩვენთვის აუცილებელია. და თუ ვიღაც ამ ერთიან გადაწყვეტილებებს ბლოკავს ზოგჯერ სხვებთან ერთად, თუმცა უმეტესად დამოუკიდებლად, მაშინ მთელ სისტემას პრობლემა ექმნება“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „თქვენ ევროპის ლიბერალურ ღირებულებებზე საუბრობთ. ამ ღირებულებებს თავადაც იცავდით. ამიტომ მაინტერესებს, თუ მისცემდით ხმას ისეთ კანდიდატს, როგორიც პეტერ მადიარია? საქმე ისაა, რომ რამდენადაც ვხედავ, თქვენ ორნი ერთმანეთს არ ჰგავხართ“.

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „მე ფინეთის მოქალაქე ვარ, ამიტომ, რა თქმა უნდა,  ვერ მივცემ ხმას ვინმეს უნგრეთში. მე ფინეთში მივცემ ხმას. მე სოციალ-დემოკრატი ვარ, მემარცხენე, ძალიან ლიბერალურად განწყობილი, ფემინისტი. ასე რომ, რასაკვირველია, ჩვენ შორის არის სხვაობა. მაგრამ მე ამ საკითხს ევროპის პერსპექტივიდან ვუყურებ, იმ ერთსულოვნების გადმოსახედიდან, რომელიც გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღების დროს, განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა სხვა საკითხებზეც. ამიტომ მგონია, რომ ეს სიახლე საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ გადაწყვეტილებები იმ შემთხვევაში, როცა გამოსავალია საპოვნელი“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოჟონა ინფორმაციამ. სავარაუდოდ, რუსებსა და უნგრელებს შორის საკმაოდ ღია  საუბრების ჩანაწერების შესახებ. რამდენად გქონდათ ეჭვი ამაზე და გადაიკვეთა თუ არა წითელი ხაზი? რომ შეხვედრების შემდეგ ასეთი ტიპის კომუნიკაცია იყო  თურმე?“

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი:  „რა თქმა უნდა, მე მიმუშავია ვიქტორ ორბანთან ევროპულ საბჭოში და  ბევრჯერ გვქონია დაძაბული დისკუსია, მაგალითად, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრების საკითხზე. თანაც ვიცით, რომ ორბანს სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს უკრაინაში მიმდინარე ომსა და  კანონის უზენაესობის დანერგვის პრაქტიკაზე ევროკავშირში“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „იგი ამბობს, რომ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს. მან განაცხადა, რომ ობიექტური გარემოებების გამო უკრაინა ვერ შეძლებს გამარჯვებას. თქვენ თქვით, რომ უკრაინას შეუძლია გამარჯვება, ასე რომ...“

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. მე ასე ვიტყოდი. იმის თქმა მინდა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს სასურველი შედეგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში,  გრძელვადიანი და მყარი პირობები, რომლებიც სამართლიანი იქნება უკრაინის მოქალაქეებისთვის და რომლებიც უსაფრთხოების გარანტიას მისცემს ევროპასა და უკრაინას მომავალში. თუ ასე არ მოხდა, ჩვენ, ევროპა, საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდებით, რადგან რუსეთი უკვე გამალებით ემზადება. მოდერნიზებას უკეთებს საკუთარ არმიას და ემზადება გაცილებით დიდი ბრძოლისთვის“.

მარია ტადეო, ევრონიუსი:  „ემზადება ევროპასთან, კონტინენტის დანარჩენ ქვეყნებთან ომისთვის?“

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვერ გამოვრიცხავდი ამ შესაძლებლობას. ამიტომ ჩვენც უნდა მოვემზადოთ. ამისთვის კი გვჭირდება ძლიერი უკრაინა, რადგან უკრაინას ჰყავს ყველაზე დიდი, მოქმედი და თანამედროვე არმია, რომელსაც თანამედროვე ომის დიდი გამოციდლება აქვს. და უკრაინის გარეშე დაუცველები ვართ. უნდა ვისწავლოთ მათ მაგალითზე, გვჭირდება მათი დახმარება და უნდა გვესმოდეს, რომ ზუსტად ისევე ვართ დამოკიდებული უკრაინასა და მის შესაძლებლობებზე, როგორც ეს ქვეყანაა დამოკიდებული ჩვენს დახმარებაზე. ჩვენ გვჭირდება მათი პოტენციალი, როდესაც საქმე მიდგება, მაგალითად, დრონების წარმოებაზე, ინოვაციასა და მათი სამხედრო პოტენციალის ტრანსფორმაციაზე. გვჭირდება მათი ექსპერტული ცოდნა და უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან გვჭირდება. ახლა, როცა ჩვენს თავდაცვას ვაძლიერებთ და დასახულ 5%-იან მიზანს გვინდა  მივუახლოვდეთ ნატოს ფარგლებში, ეს ყველაფერი იმაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, თუ როგორ დავხარჯავთ ამ ფულს, ვიდრე რამდენს დავხარჯავთ და რაზე. თუ დავხარჯავთ ამ ფულს, ძველებური ტრადიციული ტექნიკის მოდელებზე, რომლებიც ძალიან ძვირი ჯდება და არა იმ ტექნიკაზე, რომელსაც რეალურად იყენებენ ბრძოლის ველზე, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თითოეული ევრო ამ თანხიდან ფუჭად დაიხარჯა“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „თქვენ ნატო ახსენეთ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდი დაპირისპირებაა ამ საკითხის ირგვლივ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ მიანიშნა, რომ, მისი აზრით, ევროპელებმა ძალიან ცოტა გააკეთეს ირანთან დაკავშირებით და ისიც კი აღნიშნა, რომ ამერიკის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია და მეტი არაფერი. როცა ეს სიტყვები მესმის, მგონია, რომ სწორედ ეს არის ის სიტყვები, რომელთა გაგონებაც უნდა რუსეთს. რომ ნატო ქაღალდის ვეფხვია და ამერიკა მასთან დამოკიდებულების გადახედვას აპირებს. რამდენად დაგაფიქრათ ამ ფაქტმა? რადგან თქვენი ქვეყნის მსგავს სახელმწიფოს ნამდვილად სჭირდება ძლიერი ნატო“.

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი:  „ძალიან მიხარია, რომ ნატოში შევედით და ახლაც მხარს ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. ამავე დროს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნატო აღარ არის ისეთი ორგანიზაცია, როგორიც იყო, როცა ჩვენ და შვედეთი შევუერთდით“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „იმიტომ, რომ ტრამპია პრეზიდენტი?“

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „იმიტომ, რომ ამერიკასა და ევროპას შორის ურთიერთობა იცვლება. ის უკვე შეიცვალა და ეს პროცეი გრძელდება. ეს ისეთი ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით. და ეს ნიშნავს, რომ თამაშის  ჩვენს საკუთარ წესებს უნდა მივხედოთ. ახლა ჩვენ ევროპის თავდაცვის პოტენციალსა და ევროპის ერთიანობაზე, ევროპულ არმიაზე ვსაუბრობთ. ამიტომ მგონია, რომ ეს აბსოლუტურად აუცილებელი დისკუსიაა. ჩვენ უფრო მეტად უნდა ვიმსჯელოთ ევროპის ბირთვულ თავდაცვაზე. როგორც ვხედავ, ეს დისკუსია უკვე მიმდინარეობს და ეს უბრალოდ აუცილებელია“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „როდესაც მესმის საუბარი ბირთვულ პოტენციალსა და თავდაცვაზე, ბირთვული ქოლგის მთელ ევროპაზე  გავრცელებაზე, მგონია, რომ ევროპელები სათადარიგო გეგმისთვის ემზადებიან, რომლის მიხედვითაც, თავდასხმის შემთხვევაში ამერიკას არ მოუხმობ საშველად. რომ თავად გადაწყვეტ, როგორ დაიცვა თავი, როგორ  უნდა დაიცვან ევროპელებმა თავი ერთიანი ძალით. მართლა ასეა? სათადარიგო გეგმაა საჭირო?“

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „მე რამდენიმე სხვადასხვა სცენარისთვის მოვემზადებოდი. ფინური მენტალიტეტი ასე მუშაობს. რადგან რუსეთთან ურთიერთობის საკმაოდ რთული ისტორია გვაქვს. ჩვენ არ მოგვწონს, რაც ახლა ხდება მსოფლიოში, მაგრამ ასეთია ფაქტი,  ასე ხდება და  უფრო რთული დროისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ეს ამერიკასა და ევროპას შორის ურთიერთობასაც ეხება, არ გამოვა ისე, რომ  მხოლოდ იმ გზით ვიაროთ, რომელიც გვინდა. იმ გზაზე სიარულიც უნდა შევძლოთ, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოვჩნდეთ. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ მზად. სწორედ ამიტომ ვმსჯელობთ, კიდევ რა ალტერნატივა შეიძლება ჰქონდეს ევროპას. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიაა. თუმცა, ამავდროულად, გვინდა, რომ ამერიკა ისევ იყოს ნატოს ძლიერი საყრდენი. გვინდა, რომ ამერიკა დარჩეს ევროპაში. გვინდა, ამერიკული ბირთვული თვადაცვის სისტემა მომავალშიც აქ იყოს. ჩემი აზრით, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მაგრამ ყველა შესაძლო სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „ესე იგი თქვენ ისევ ხედავთ ნატოს, რომელიც ერთად, კოლექტიურად დგას მე-5 მუხლზე შემდეგი 5-10 წელი. ისევ ასეთ სცენარს ხედავთ?“

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ეს არის სცენარი, რომელსაც იმედი მაქვს, რომ ვიხილავ, თუმცა ყველა სხვა შესაძლო სცენარისთვისაც მოვემზადები“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „რა თქმა უნდა, როდესაც თანამდებობა გეკავათ, განაცხადეთ, რომ ჩვენ, ფინელები, ნებისმიერი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთო. ოდესმე თუ წარმოიდგენდით, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სათადარიგო გეგმა თანამედროვე ომისთვის, რომელიც შესაძლოა საზღვარზე თავდასხმას სულაც არ ნიშნავდეს?“

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ მთელ ევროპაში, რომ ომი და საფრთხე აღარ არის დაკავშირებული გეოგრაფიასთან. დრონების ტექნოლოგიის, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, რომელიც ძალიან სწრაფად პულობს რუკაზე ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, კოსმოსური და ყველა ასეთი მოწინავე ტექნოლოგიის პირობებში, რომლებიც იქმნება და მომავალშიც შეიქმნება, თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობ მხოლოდ იმიტომ, რომ შორს ხარ საზღვრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით. რუსეთთან ძალიან გრძელი საზღვარი გვაქვს და გვესმის, როგორ მტერთან და მეზობელთან გვაქვს საქმე“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „თქვენი აზრით, რუსეთი მტერია?“

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „რუსეთი თავს ესხმის ევროპულ ქვეყნებს. დიახ, რუსეთი მტერია, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ის ევროპულ ქვეყნებს უტევს. ისინი არღვევენ საერთაშორისო კანონს. ის მტერია. და, ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვერ გაიმარჯვონ უკრაინაში, რომ უკრაინამ მოიგოს და დარჩეს დამოუკიდებელ ქვეყნად. თუმცა იმას ვამბობდი, რომ ჩვენ ვიცით, ეს რაც არის, რადგან ვიცით, რას წარმოადგენს მისი მხრიდან ზეწოლა, რადგან რუსეთის მეზობლად ვართ. თუმცა თქვენც უნდა გაიგოთ, რომ არც პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ხართ უსაფრთხოდ, მიუხედავად იმისა, რომ შორს ხართ საზღვრიდან,  ახალი ტიპის საფრთხისა და ახალი ტექნოლოგიების გამო. დრონებით ნებისმიერ ადგილს მისწვდები. ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდებარეობას განსაზღვრავს, თანაც ისე სწრაფად, რომ გონზე მოსვლას ვერ მოასწრებთ. ამ ტექნოლოგიების გამოყენება სხვა ქვეყნებზე თავდასხმისთვისაც შეიძლება. ასე რომ, ნებისმიერ ადგილას უნდა მოემზადო და არ მოიტყუო თავი, რომ უსაფრთხოდ ხარ და არაფრის გაკეთება არ გჭირდება“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „ინტერვიუს დასაწყისში ბრძანეთ, რომ ძალიან პროევროპული და  ლიბერალური განწყობა გაქვთ. თქვით, ფემინისტი ვარო. მაგრამ თქვენ თანამედროვე ეპოქის სულიც იცით, როგორია. სასწორი უკვე გადაიხარა პროგრესულიდან ისეთი იდეებისკენ, რომელთაც გლობალურ კონსერვატიულ მოძრაობას უწოდებენ და რომელიც შეგედავებოდათ, რომ მეტისმეტად „ვოუქი“  მიდგომა გაქვთ. რას უპასუხებდით? და როგორ გგონიათ, სასწორი ისევ გადმოიხრება უკან?“

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „სასწორი ყოველთვის იხრება ხან იქით, ხან აქეთ. მე ყველაზე მეტად ის მადარდებს, რომ საერთაშორისო კანონსა და წესებს ნაკლებად სცემენ პატივს. მადარდებს ის ფაქტი, რომ სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ეჭვქვეშ დადგა და საფრთხე დაემუქრა და ჩვენ აღარ გვინდა ისეთი მსოფლიო, რომელშიც ცივილიზებულად ვითანამშრომლებდით ერთმანეთთან და რომ ამის ნაცვლად ისევ იქით მივდივართ, როდესაც მხოლოდ ძალადობა და ძალა განსაზღვრავს შედეგს. და ისეთი მცირე ქვეყნის გადმოსახედიდან, როგორიც ფინეთია, ასეთი მომავალი ძალიან მაშინებს, რადგან ჩვენ ვერასოდეს გვექნება ისეთი ძალა, როგორიც დიდ მოთამაშეებს აქვთ. ამიტომაც ძალიან ვღელავ, რომ სასწორი იმ საერთაშორისო სტრუქტურების დარღვევისკენ იხრება, რომლებიც ერთად შევქმენით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ვთქვით, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა და ახლა კი, აი, ასეთ დღეში ვართ“.

მარია ტადეო, ევრონიუსი: „ამის მიზანი საერთაშორისო წესრიგის დარღევაა? ეს კულტურათა ბრძოლაა?“

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი:  „ისევ ის იდეოლოგია აღზევდა, რომლის მიხედვითაც, ძლიერმა უნდა გაიმარჯვოს. და ჩვენ გვჭირდება...“

მარია ტადეო, ევრონიუსი: „ჩვენ კი უბრალოდ ორი ქალი ვართ...“

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ. საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ ძალიან საფუძვლიანი მიზეზის გამო შევქმენით ის სტრუქტურები წარსულში. და თუ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ სვლას, ისევ ისე დავასრულებთ, როგორც დავასრულეთ ჯერ პირველი და შემდეგ მეორე მსოფლიოს ომის დროს. ეს სტრუქტურები შემთხვევით არ შეუქმნიათ“.

მარია ტადეო, ევრონიუსი:  „და ბოლო კითხვა. თქვენ იყავით პრემიერი, პოლიტიკოსი, მაგრამ მედიაშიც მოახდინეთ სენსაცია. მედია გულმოდგინეთ აშუქებდა, რას აკეთებდით, რას იცვამდით, როგორ გამოიყურებოდით, სად დადიოდით და ვისთან ერთად. ამ ყველაფერმა თქვენზე რამე გავლენა თუ იქონია? ან ახლა რას ფიქრობთ ამაზე?“

სანა მარინი, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ჩვენი პროფესიის თანმდევი ნაწილია. რასაკვირველია, მერჩია, რომ მედიას ყურადღება ჩემი პროფესიული საქმიანობისთვის დაეთმო, იმისთვის, რასაც ვაკეთებდი. მაგრამ, რა თქმა უნდა, დღესდღეობით ნებისმიერი პოლიტიკოსი  სულ უფრო მეტად გრძნობს ასეთ წნეხს გადაჭარბებული ყურადღებისგან. შეიძლება, ყველას არ აინტერესებდეს ასეთი ამბები, მაგრამ არის ინტერესი პირადი საკითხების მიმართ, ან როგორ გამოიყურები. ჩემი აზრით, ეს ძალიან შემაწუხებელია, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის, რადგან მათ ურჩევნიათ,  პირველ რიგში, საზოგადოებამ სამუშაოს მიაქციოს ყურადღება და იმ საკითხებს, რომელთა გულისთვისაც ამა თუ იმ პარტიაში შევიდა პოლიტიკოსი და რის გამოც კენჭი იყარა“.

ავტორი: ლორენ უოლკერი

დაკავშირებული ამბები
ფინეთის ყოფილი პრემიერი - „გაითვალისწინეთ უკრაინის მაგალითი, თორემ თავდაცვაზე ფული ფუჭად დაიხარჯება“ პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ახალმოსახლეთა ძალადობისკენ წახალისება“