კატეგორიები

ესპანეთის მიგრაციის მინისტრი: „ესპანეთის ჰუმანური საემიგრაციო პოლიტიკა ევროპისთვის მისაბაძი მოდელია“

ესპანეთის მიგრაციის მინისტრი: „ესპანეთის ჰუმანური საემიგრაციო პოლიტიკა ევროპისთვის მისაბაძი მოდელია“
ესპანეთის მიგრაციის მინისტრმა ევრონიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარი ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკა დაიცვა. ცნობილია, რომ ევროკავშირის ლიდერები აკრიტიკებენ ესპანეთის გეგმას, რომლის  მიხედვითაც, ამ ქვეყანაში დაახლოებით ნახევარი მილიონი უსაბუთო მიგრანტისთვის კანონიერი სტატუსის მინიჭება იგეგმება.

ამაია ეჩევარია, ევრონიუსი:   “მიგრაციის კუთხით ესპანეთი, როგორც ჩანს, თავისი ევროპელი მეზობლების პოლიტიკის საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის და უფრო ღია კარის პოლიტიკას ატარებს. რის მოგვარებას აპირებთ ამ სტრატეგიით?“

ელმა საისი, ესპანეთის მიგრაციის მინისტრი: „ესპანეთი თანმიმდევრულ საემიგრაციო პოლიტიკას აწარმოებს, რომელიც ეყრდნობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ინტეგრაციასა და თანაარსებობას. და ამ საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც, ფაქტობრივად, სახელმწიფო პოლიტიკაც გახლავთ, ის არის, რომ ის მიგრანტების წვლილზე ამახვილებს ყურადღებას. ჩვენი ამოსავალი წერტილი ძალიან საინტერესოა. ესპანეთი მიგრანტების ქვეყანა იყო. დღეს ესპანეთი შესაძლებლობათა ქვეყანაა და მთავრობაში შესანიშნავად ვაცნობიერებთ, რომ,  გარდა ღირებულებითი ასპექტისა, რომლის მიხედვითაც, ადამიანის უფლებები უმთავრესია,  საგულისხმოა ისიც, რომ მიგრანტებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ყველა თვალსაზრისით“.

ამაია ეჩევარია, ევრონიუსი: „რამდენად დიდი სოციალური მხარდაჭერა აქვს ასეთ პოლიტიკას ესპანეთში? ხომ არ შიშობთ, რომ ასეთი პოლიტიკის გამო შესაძლოა ანტიმიგრაციულმა განწყობამ მოიმატოს?“

ელმა საისი, ესპანეთის მიგრაციის მინისტრი:  „იცით, მე ფაქტებს მოვიშველიებ. ჩვენ ჩაფლული ვართ რეგულირების უჩვეულო პროცესში, რომელსაც მხარი დაუჭირა სამოქალაქო საზოგადოების პოპულარულმა ინიციატივამ, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ წარადგინეს და რომელსაც ხელს აწერდა 700 ათასზე მეტი ინდივიდუალური პირი და   900 სოციალური ჯგუფი -  მათ შორის  სამეწარმეო სექტორი, დამსაქმებლები, კათოლიკური ეკლესია. ერთი სიტყვით, თავად საზოგადოებამ აღიარა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ცხოვრობენ ჩვენ შორის, დადიან ჩვენს ქუჩებში, სკოლაში ჩვენს შვილებთან ერთად სწავლობენ, აუცილებელია, მიანიჭონ უფლებები და სწორედ ამას აკეთებს ეს უჩვეულო ოფიციალური რეგისტრაციის პროცესი. ასე რომ, ამ იდეას აქვს სამმაგი მხარდაჭერა - სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური, რადგან ეს ინიციატივა უკევ მოიწონა  დეპუტატთა კონგრესმა 310 ხმით. მხოლოდ პარტია „VOX“-მა მისცა ხმა  ამ პოპულარული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ ორი წლის წინ და ჩვენ დავიწყეთ ეს არაჩვეულებრივი რეგულირების პროცესი.

**ამაია ეჩევარია, ევრონიუსი: “**კონკრეტულად ამ 500 ათასზე მეტი მიგრანტის  რეგულირების პროცესზე რომ ვისაუბროთ. მაინც რა პასუხს აძლევს მთავრობა იმ ხალხს, რომელიც შიშობს ან გაფრთხილებთ, რომ ამ ნაბიჯის შედეგად შესაძლოა გადაიტვირთოს საზოგადოების მომსახურების სფეროები, ან შრომის ბაზარზე გამძაფრდეს კონკურენცია?“

ელმა საისი, ესპანეთის მიგრაციის მინისტრი:  „უპირველეს ყოვლისა, ეს პირველად არ ხდება ევროპაში. სხვა ქვეყნებმაც გაატარეს ასეთი ტიპის პროცედურები და თავად ესპანეთში ეს უკვე მეშვიდედ ხდება. სხვა დროსაც მიუღია ასეთი გადაწყვეტილება მთავრობას, რომ მიეცა დამსახურებული უფლებები იმათთვის, ვინც უკვე იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეს ეწინააღმდეგება იმ ხალხის მოსაზრებებს, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების მომსახურების სფეროები გადაიტვირთება. ეს ადამიანები ხომ ისედაც ჩვენ შორის არიან. პრობლემა ის არის, რომ ისინი უუფლებონი არიან და არც პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ. და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საჯარო სერვისები უკვე გავაძლიერეთ და გავაფართოვეთ, რათა შეძლონ, უპასუხონ მოსახლეობის მოთხოვნას. ვერაფერში დაადანაშაულებ იმ ხალხს, რომელიც უბრალოდ უხილავად არსებობს ჩვენს ქვეყანაში“.

ამაია ეჩევარია, ევრონიუსი:   „გარდა ბინადრობის ნებართვისა, კიდევ რა კონკრეტული ზომების მიღებას აპრიებთ, რათა აღკვეთოთ დესტაბილიზაცია, შრომის ექსპლუატაცია და რეალურად მოხდეს ინტეგრაცია?“

ელმა საისი, ესპანეთის მიგრაციის მინისტრი: „ეს არაჩვეულებრივი რეგულაცია რეალურად აძლევს უფლებას ადამიანს, რომ იცხოვროს და იშრომოს ესპანეთში ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ავტონომიურ რეგიონსა და სექტორში, ჩაერთოს  სოციალური უსაფრთხოების სისტემაში და ზოგადად ნებისმიერ სისტემაში. ან დამოუკიდებლად იცხოვროს, მაგალითად. თუმცა მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ინტეგრაციისა და თანაცხოვრების გეგმაზეც ვმუშაობთ, რადგან აშკარაა, რომ ავტონომიურ ერთეულებსა და ადგილობრივ ორგანოებს ძალიან ბევრი საქმე გაუჩნდებათ, რადგან ქვეყანაში სხვადასხვა უწყების კომპეტენციაში შედის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: განათლება, საცხოვრისით უზრუნველყოფა, სოციალური მომსახურება - ამ ყველაფერს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და მათზე პასუხისმგებლობა ავტონომიურ ერთეულებს ეკისრებათ. თუმცა მინდა, ერთი რამე აუცილებლად აღვნიშნო შრომის რეგულაციასთან დაკავშირებით, როდესაც საქმე ეხება შრომის უფლებებსა და შრომის რეგულაციების დაცვას. ეს ყველას ერთნაირად ეხება. ამ მხრივ გამონაკლისი არ დაიშვება უცხოელისა თუ ესპანეთის მოქალაქისთვის. მშრომელის სტატუსისა და სოციალური დაცვის უფლებას ჩვენს ქვეყანაში განუხრელად მისდევს მთავრობა და ერთნაირად ეხება მთელ საზოგადოებას“.

ამაია ეჩევარია, ევრონიუსი:   „ესპანეთის იქით თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ ჩვენი ევროპელი მეზობლები ესპენთის მთავრობისგან  სრულიად საწინააღმდეგო ზომებს იღებენ. ესპანეთი ამ თვალსაზრისით გარკვეული მორალური ლიდერის როლს ხომ არ ასრულებს?“

ელმა საისი, ესპანეთის მიგრაციის მინისტრი: „ეჭვგარეშეა, რომ ესპანეთის საემიგრაციო პოლიტიკა საერთაშორისო დონის შუქურაა. ესპანეთს უამრავ ფორუმზე იწვევენ გამოცდილების გაზიარების მიზნით, რადგან ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. ეს არის მოწესრიგებული და უსაფრთხო მიგრაციისადმი ლამის ფანატიკური სწრაფვა. იმ დროს, როცა უკვე ჩართული ვართ ამ პროცესში, ცხადია, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ, რადგან უკანონო შემომსვლელთა რიცხვი ქვეყანაში კანარის მაგისტრალით მნიშვნელოვნად -  80%-ზე მეტით შემცირდა, ზოგადად გასულ წელთან შედარებით საშუალოდ 50%-იანი კლებაა. ამ ვალდებულების აღების შედეგად ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ არარეგულირებული მიგრაცია ჰუმანიტარული დრამაა, რომელიც ადამიანს სიცოცხლის ფასადაც უჯდება. ესპანეთმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მესამე ტიპის ქვეყნებთანაც გააგრძელოს მუშაობა და აუცილებლად მოაწესრიგოს მიგრაცია და აქციოს უსაფრთხოდ, რაც ძალიან კარგია. რომ არაფერი ვთქვათ ადამიანის ღირსების პატივისცემასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, რიცხვებიც გვაჩვენებს დადებით ტენდენციას. ფაქტობრივად, 14.4% იმ ადამიანებისა, რომლებსაც სოციალური უსაფრთხოების სქემა ფარავს,  არის უცხოელი და ამ მხრივ ესპანეთი ყველა რეკორდს ხსნის“.

ამაია ეჩევარია, ევრონიუსი:   „საფრანგეთში, მაგალითად, მემარჯვენე პოლიტიკოსები, მათ შორის ჯორდან ბარდელა, ამბობენ, რომ ესპანეთი, როგორც ჩანს,  ევროპაში ჭარბი საემიგრაციო ნაკადის გამტარი გახდებაო. რას უპასუხებდით?“

ელმა საისი, ესპანეთის მიგრაციის მინისტრი:  „მონაცემებს მოვუყვანდი, რომელიც სიმართლეს ასახავს. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გვსურს, დავუბრუნოთ ღირსება იმ ხალხს, რომელიც ისედაც ჩვენ შორის არის, გამოვამზეუროთ ეს უხილავი ადამიანები, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ უფლებებიც და მოვალეობებიც. მაგრამ ამას გარდა, გვინდა, დავასრულოთ ეს მიგრაციასთან დაკავშირებული დრამატიზმი, რადგან მიგრანტები ზღვის გადმოლახვით ცდილობენ ახალი სიცოცხლის დაწყებას და სწორედ ეს იწვევს უკანონო მიგრაციას ჩვენს სანაპიროებზე“.

ამაია ეჩევარია, ევრონიუსი: „ევროკომისიამ და ევროკავშირის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ ადრე გამოთქვეს უკმაყოფილება, რომ ესპანეთი არ შეუთანხმდა მათ მასობრივი რეგისტრაციის საკითხზე. რატომ არ შეუთანხმდნენ?“

ელმა საისი, ესპანეთის მიგრაციის მინისტრი: „აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საუბარია იმ პროცედურაზე, რომელიც ესპანეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას გასცემს შენგენის ზონის მოთხოვნების სრული დაცვით. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს უფლება ეძლევა ხალხს, რომელიც ისედაც არის ჩვენს ქვეყანაში და რომელსაც აქვს ჩვენს ქვეყანაში მუშაობის სურვილი. გარდა ამისა, შესაბამის ტექსტში არის ჩანაწერი უცხოელების შესახებ აქტში შესატან ცვლილებაზე, რომელსაც აქვს დამცავი მექანიზმი. ყველა სავალდებულო პროცედურა დაცულია და სანამ სახელმწიფო საბჭო ამ ანგარიშს მინისტრთა საბჭოში წარუდგენდა, საბოლოო პროცედურაც დამტკიცებული გახლდათ. და ახლა საუბარია ისეთ საკითხზე, რომელიც, როგორც ევროპელმა წარმომადგენლებმა სავსებით სამართლიანად შენიშნეს, შეესაბამება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რადგან ეს ხალხი მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში შეძლებს ცხოვრებასა და მუშაობას“.

ამაია ეჩევარია, ევრონიუსი: „მაგრამ თუ ელოდით ასეთ კრიტიკას?“

ელმა საისი, ესპანეთის მიგრაციის მინისტრი: „როგორც ვხედავ, მრავალ საკითხთან დაკავშირებით ალბათ მართლაც ისმის ესპანეთის მთავრობის საემიგრაციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკა, მაგრამ სინამდვილეში იმის აღიარებაც გვესმის, რომ ესპანეთის ხედვა და თანმიმდევრული საემიგრაციო პოლიტიკა წარმატებულია, როგორც ამაზე საუბრობენ ისეთი პრესტიჟული გამოცემები, რომლებიც ეკონომიკაზე ზრუნავენ. ამ გამოცემების მიხედვით, ასეთი ზრდა იმაზე მიანიშნებს, რომ ესპანეთი არის ევროპაში დასაქმების მატების მამოძრავებელი მექანიზმი. მინდა, შეგახსენოთ, რომ დასაქმება 40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც უცხოელების შრომის რეფორმა დაიწყო და სულ უფრო მეტი უცხოელი გადავიდა უფრო კვალიფიცირებული შრომის სექტორებში. ასეთია, საბოლოო ჯამში, რეალობა, რომელიც აშკარად ჯაბნის კრიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ მე პატივს ვცემ  ყველა ქვეყანაში გამოთქმულ მოსაზრებას“.

ამაია ეჩევარია, ევრონიუსი: „წევრ სახელწმიფოებს შორის რამდენად რეალურია კოორდინაცია, რათა ეს საემიგრაციო ნაკადი მართონ?“

ელმა საისი, ესპანეთის მიგრაციის მინისტრი: „ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ სწორედ ესპანეთის საპრეზიდენტო ვადის დროს მიიღეს -  რაც სულაც არ არის შემთხვევითი -  ემიგრაციისა და თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ ევროპული გეგმა, რომლის განხორციელებასაც ესპანეთი გეგმავს ჰუმანური თვალსაზრისით. ასე რომ, ჩვენ არათუ გვესმის ეს საკითხი, არამედ სრულად ვათანხმებთ ამ პოლიტიკას ევროკავშირის ერთიან ხედვასთან. მაგრამ ესპანეთს ყოველთვის ჰუმანურად ესმოდა მიგრაციის პოლიტიკის კონცეფცია“.

ამაია ეჩევარია, ევრონიუსი: „თქვენ ახსენეთ მიგრაციის პაქტი. მაინც რამდენად ესადაგება ესპანეთის მთავრობის ზომები და საემიგრაციო პოლიტიკა ზოგადად მიგრაციის პაქტს, რომელიც, თავის მხრივ, საკმაოდ საკამათო იყო?“

ელმა საისი, ესპანეთის მიგრაციის მინისტრი: „როგორც უკვე აღვნიშნე, სრულად ეთანხმება, რადგან ჩვენ არაფერს ახალს არ ვამბობთ. მე ვამტკიცებ, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 40 მსგავსი რეგულაცია ჩატარდა. სულ ახლახან ეს მოხდა იტალიასა და პორტუგალიაში. მე გარწმუნებთ, რომ ესპანეთში ეს პროცესი უკვე მეშვიდედ ხდება.  და დადებითი ამაში ის არის, რომ, შეგახსენებთ, საუბარია უკვე აქ მცხოვრებ ადამიანებზე. ჩვენ სრულიად მკაფიო მოთხოვნები გვაქვს, რომლებიც ეხება იმათ, ვინც 2024 წლის პირველ იანვრამდე ჩამოვიდა, ვინც განაცხადის შემოტანამდე  უწყვეტად იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში  5 თვის განმავლობაში და ვისაც არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და ვისაც ამიერიდან მხოლოდ უფლებები კი არ ექნება, არამედ მოვალეობებიც. არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ წინა პროცედურები  ყოველთვის სასიკეთოდ აისახა საზოგადოებაზე, თავად მიგრანტებზეც და ზოგადად პროდუქტიულობაზეც“.

ამაია ეჩევარია, ევრონიუსი: „სანამ საუბარს დავასრულებთ, ქალაბტონო მინისტრო, მინდა, გკითხოთ, რატომ გააქტიურდა ესპანეთი ბოლო თვეებში საერთაშორისო ასპარეზზე სხვადასხვა გლობალური დონის საკამათო საკითხებში? ვხედავთ, თუ როგორ მიზანმიმართულად ცდილობს ესპანეთის მთავრობა, რომ უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერის როლი შეასრულოს როგორც ევროპულ, ისე გლობალურ სცენაზე.

ელმა საისი, ესპანეთის მიგრაციის მინისტრი:  „ეს აქტიურობა რამდენიმე მიმართულებით გაიშალა, არა მხოლოდ სამშვიდობო, ომის საწინააღმდეგო კონტექსტში ვმუშაობთ, არამედ საერთაშორისო სამართლის, მრავალმხრივი ფორმატის განუხრელად დაცვისა და ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემის კუთხითაც ვაქტიურობთ.  ფაქტობრივად, ესპანეთი მყარად დგას სათავეში, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის, როდესაც საჭირო იყო ხმის ამოღება, ალაბთ ჩვენ ვიყავით პირველები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ვართ, რადგან ვხედავთ, რომ სხვა ქვეყნებიც გადმოვიდნენ ჩვენს პოზიციაზე, რომელიც რეალურად იმ ღირებულებების დაცვას გულისხმობს, რომელთა  დანერგვაზეც ძალაინ ბევრი ვიშრომეთ და რომლებზეც დგას ევროკავშირი“.

ამაია ეჩევარია, ევრონიუსი: „ამ მიდგომებიდან ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გამოდგა ის პოზიციები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხედვას დაუპირისპირდა. რამდენად შეძლებს ესპანეთი მყარი ურთიერთობის  შენარჩუნებას ამერიკასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ დაძაბულობას, რომელიც ტრამპთან დაპირისპირების გამო გაჩნდა და ტრამპის მოწოდებას, რომ ესპანეთს ნატოს წევრობა შეუჩერონ?“

ელმა საისი, ესპანეთის მიგრაციის მინისტრი: „ნახეთ, ესპანეთი სანდო პარტნიორია. იგი მტკიცედ იცავს მრავალმხრივი შეთანხმებებისა და ზოგადად ყველა დონეზე არსებული ურთიერთობების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს. კომერციული კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში ის ძალიან მოქნილ პოზიციას ინარჩუნებს. ასე რომ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და ღირებულებების დაცვა. მე გარწმუნებთ, რომ ესპანეთის პოლიტიკა ყველა დონეზე ინარჩუნებს ამ მიდგომას“.

ავტორი: ამაია ეჩევარია

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის მიგრაციის მინისტრი: „ესპანეთის ჰუმანური საემიგრაციო პოლიტიკა ევროპისთვის მისაბაძი მოდელია“ ფინეთის ყოფილი პრემიერი - „გაითვალისწინეთ უკრაინის მაგალითი, თორემ თავდაცვაზე ფული ფუჭად დაიხარჯება“