გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში „ევრონიუსს“ განუცხადა, რომ ლიბანისთვის დახმარების მიწოდება სულ უფრო საშიში ხდება. ამ ქვეყანაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომელიც სახმელეთო შეტევასაც მოიცავდა, დაიხოცა 900-ზე მეტი ადამიანი, ხოლო მილიონზე მეტი იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „დღეს ჩვენი სტუმარია ტომ ფლეტჩერი, გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში. ირანში მიმდინარე ომი უკვე სამ კვირაზე მეტია გრძელდება და, როგორც ჩანს, არავინ აპირებს მის შეწყვეტას. სად არის გაერო?“
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „გაერო ადგილზე იმყოფება და ამ ომით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისს უმკლავდება. უნდა ნახოთ, როგორი კრიზისია ირანში, სადაც ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია. უამრავი ლტოლვილის მიღება უკვე უწევს ავღანეთსა და პაკისტანს. ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება ლიბანშიც. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, ამ ომის დაწყების შემდეგ ღაზასთან წვდომა შეგვეზღუდა. კიდევ ერთ კრიზისს იწვევს ის ფაქტი, რომ ჰორმუზის სრუტიდან ვეღარ ვიღებთ ჩვენს საქონელს. ამიტომ სასუქისა და სურსათის ფასები იზრდება“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „და ამ დროს ამერიკას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არად აგდებს საერთაშორისო სამართალს. ხომ არ გაქვთ ისეთი განცდა, თითქოს გაერო გაინაპირეს?“
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „დაუსჯელობის, განხეთქილებისა და პოლარიზაციის დრო დადგა. და უამრავი ადამიანი გაეროს ადანაშაულებს. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც გაიგონებ, რომ ვინმე თავს დაესხა გაეროს, საკუთარ თავს ჰკითხე, მაინც რას იგებენ იმით, რომ ჩვენი დასუსტება სურთ. იმიტომ, რომ ჩვენ სწორედ ისეთი ვითარების მართვისთვის დაგვაფუძნეს, როგორიცაა დაუსჯელობა, სისასტიკე, პოლარიზაცია და ომი. სწორედ ამიტომ შევიქმენით. და ნახეთ, რა ხდება - ერთი კვირის წინ ოთხი კოლეგა დავკარგე ფრონტის ხაზზე, რომელთაც სიცოცხლე გაწირეს, რათა იქ მისულიყვნენ და ადამიანები გადაერჩინათ იმ არეულობაში, რომელშიც ახლა მსოფლიო იმყოფება. არის თუ არა გაერო უნაკლო? არავითარ შემთხვევაში. მაგრამ იცით რა, არ ვაპირებ ჩვენი მისმართით თავდასხმებს შევეგუო“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „იარსებებს გაერო ათი წლის შემდეგ?“
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „აუცილებლად, რადგან ჩვენ მსოფლიოს ნაკლს წარმოვადგენთ. მსოფლიო რთული და არეულია. ვისურვებდით, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლოს ამ კონფლიქტების დასასრულებლად, რომ გავგზავნოთ სამშვიდობო ძალები და მშვიდობისმყოფელები. ამის გაკეთებას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუკი მთელი მსოფლიო, წევრი სახელმწიფოები მოგვანიჭებენ ამის მანდატს. ამ წუთას კი წევრი სახელმწიფოები ერთგვარ ტრანზაქციულ, ძალისმიერ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან, როდესაც ისინი უფრო შორდებიან ერთმანეთს, ვიდრე უახლოვდებიან. და ჩვენ უნდა ვიყოთ თანაარსებობისა და სოლიდარობის მამოძრავებელი ძალა“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „ზუსტად ომის დაწყების წინ პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი ე.წ. მშვიდობის საბჭო წარადგინა. ასე მალე მობეზრდა მშვიდობა?“
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „ველოდებით, რომ უფრო მეტი გავიგოთ ამ მშვიდობის საბჭოსგან, თუ როგორ აპირებს, დაასრულოს რამდენიმე კონფლიქტი, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს მსოფლიოში. მე იმ უამრავი კონფლიქტის შედეგებთან მიწევს გამკლავება, რომლებიც ამ წუთას მიმდინარეობს სუდანში, სამხრეთ სუდანში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ღაზასა თუ ლიბანში. როდესაც თეთრ სახლს ვესაუბრე, ძალიან მკაფიოდ მითხრეს, რომ მშვიდობის საბჭო არ არის გაეროს ალტერნატივა და იმ ქვეყნებმაც, რომლებიც ამ საბჭოს შეუერთდნენ, გადაჭრით თქვეს, რომ ეს საბჭო არ აპირებს გაეროს ჩანაცვლებას. ჩვენ ისევ აქ ვართ“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „როდესაც ეს ომი დაიწყო, 28 თებერვალს, ხვდებოდით, რამდენად დიდ ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევდა?“
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „დიახ. იმას ვგულისხმობ, რომ ხალხი ამ კონფლიქტის მოულოდნელ შედეგებზე ლაპარაკობს, მაგრამ ამ კონფლიქტების შედეგების წინასწარ განსაზღვრა სავსებით შესაძლებელი იყო. ვიცით, თუ რამდენად ვართ დამოკიდებული ჰორმუზის სრუტეზე კომერციული და ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვის კუთხით, რომელთაც უამრავ ადგილას ვაგზავნით, მაგალითად, სომალში, რომელიც შესაძლოა შიმშილის მაღალ ზღვარზე ავიდეს, რადგან ვერ გაგვაქვს ჩვენი ტვირთი ამ სრუტეში. გარდა ამისა, ვიცოდით, რომ არსებობდა რისკი, ირანს კონფლიქტი, ფაქტობრივად, სპარსეთის ყურის გაღმა ლიბანში გადაეტანა. და ვუყურებთ, თუ როგორ ესვრიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ამ კონფლიქტის თეატრის ყველა ზონაში“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „რამდენი ადამიანია იძულებით გადაადგილებული ირანში?“
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „ჩვენი შეფასებით, ასობით ათასი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ისინი არ კვეთენ საზღვარს ისე მასშტაბურად, როგორც ველოდით. ამ რეგიონის ქვეყნებში დიდი არეულობაა. და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისი აიძულებს ხალხს, წავიდეს. თუმცა ირანელები დიდი რაოდენობით არ გადადიან საზღვარზე ამ ეტაპზე. და როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ვიცით, ადგილობრივი საზოგადოება იჩენს გულისხმიერებას და ლტოლვილები საკუთარ სახლში მიჰყავთ. თუმცა ამ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „რას იტყვით ევროპაში ლტოლვილების ტალღის გავრცელების პოტენციურ შესაძლებლობაზე? თუნდაც ახლა არ შეიმჩნეოდეს ეს“.
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „ჩემი აზრით, ასე იქნება, რადგან ამ კრიზისს უკან ყუთში ვეღარ მოათავსებ. ომები არ სრულდება საზღვართან და ასეთ ნაბიჯებს შედეგები მოჰყვება. გლობალურ დონეზე ახლა თავზეხელაღებული ავანტიურიზმის დრო გვიდგას ძალიან ბევრგან. და, რასაკვირველია, ეს აიძულებს მოქალაქეებს, დატოვონ სახლი“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „მაინც როგორ უნდა მოემზადოს ევროპა ამისთვის?“
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „უნდა დავფიქრდეთ, როგორ მოახერხებს მასპინძელი და ჩამოსული საზოგადოება ერთად ცხოვრებას. ეს პოლიტიკურად ძალიან რთული იქნება და უკიდურესი პოლიტიკური ფრთა გამოიყენებს ადამიანების ამ გასაჭირს, რათა მეტი მხარდაჭერა მიიღოს, რათა უფრო პოპულისტიური და ანტიმიგრაციული პოლიტიკა აწარმოოს. მაგრამ ნახეთ, თუ გვინდა, დავეხმაროთ ამ ხალხს, რომ ლუკმა-პური ჰქონდეთ, შეძლონ ცხოვრება და შვილების სკოლაში გაშვება - ის ყველაფერი, რაც ჩვენ ყველას გვინდა საკუთარი საზოგადოებისთვის, ამის გაკეთების ერთი გზა ის არის, რომ დავეხმაროთ მათ, ეს ყველაფერი საკუთარ ქვეყანაშივე მოახერხონ. ასეთ შემთხვევაში ისინი არ მოინდომებენ საკუთარი ქვეყნების დატოვებას“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „რაც შეეხება იძულებით გადაადგილებას, ვნახეთ, რომ ლიბანში უკვე ათასობით იძულებით გადაადგილებილი პირია. მაინც როგორი ვითარებაა იქ?“
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „ძალიან მძიმე. ჩემი უფროსი - გენერალური მდივანი ჩავიდა ლიბანში ერთი კვირის წინ და მე მთელი უქმეები ტელეფონი არ გამიშვია ხელიდან, ჩვენს იქ მყოფ ჰუმანიტარული დახმარების გუნდთან ვიყავი კავშირზე. ვცდილობდით, რომ დახმარება გაგვეგზავანა კოლონით ლიბანის სამხრეთში, რომელიც ახლა დიდი დარტყმის ქვეშაა და უკან მოგვიწია გამობრუნება საფრთხის მაღალი დონის გამო. ლიბანში დავკარგეთ კოლეგაც. ამიტომ სულ უფრო მეტად გვიჭირს იქ ოპერირება და მოთხოვნა კი იზრდება. ათობით ათასი იძულებით გადაადგილებული გვყავს, რომელთაგან ბევრს წინა კონფლიქტების დროსაც მოუწია სახლის მიტოვება“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „დიახ, ვნახეთ გაეროს სამშვიდობო ძალები. მათ ესროლეს და დაჭრეს კიდეც“.
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „ახლა საჭიროა დეესკალაცია ყოველი მხრიდან. ჩვენი სამშვიდობოები იქ იმიტომ არიან, რომ, პირდაპირი გაგებით, მშვიდობა შეინარჩუნონ. სწორედ ამიტომ ჰქვიათ ეს სახელი და ყოველთვის დაცულად უნდა იგრძნონ თავი“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „როგორც ისრაელი ამბობს, ლიბანის სამხრეთში შესაძლოა დიდი სახმელეთო შეტევა დაიწყოს. ხომ არ შიშობთ, რომ ლიბანი შესაძლოა მეორე ღაზა გახდეს?“
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „ნამდვილად მეშინია მაგის. და იმიტომ მეშინია, რომ ისარელის მინისტრები სულ უფრო აგრესიული ენით საუბრობენ, თუ რის გაკეთებას გეგმავენ ლიბანში. ერთი ძალიან საინტერესო, რაც მოხდა ბოლო რამდენიმე კვირაში, ის იყო, რომ ლიბანის მთავრობა პირველად გამოვიდა ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით, ასეთი რამ წარსულში არ მომხდარა. ამიტომ არსებობს პოტენციალი, რომ რეგიონში ურთიერთობები გადაიტვირთოს. მაგრამ ამისკენ მიმავალი გზა დიალოგსა და დიპლომატიაზე გადის და არა უფრო სასტიკ ძაალდობაზე“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „და როდესაც ისარელის სამხედრო პირები ამბობენ, რომ მხოლოდ „ჰეზბოლასა“ და ირანის რევოლუციურ გვარდიას იღებენ მიზანში, ამის გჯერათ?“
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „ისინი ასე ამბობენ. მაგრამ ვხედავთ, რომ მოქალაქეთა ადგილსამყოფელიც მასობრივად ზიანდება. ძალიან დიდი ზიანი მიადგა ჯანდაცვას, მაგალითად. ერთი კვირის წინ იქ მყოფმა ჩემმა კოლეგამ მომახსენა, რომ თავდასხმების დროს რამდენიმე საავადმყოფო და კლინიკა დაზიანდა. უზომოდ სამწუხაროა, როდესაც ხედავ, რა დარტყმა მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. და როგორც უკევ აღვნიშნე, კონფლიქტის დროს, პირველ რიგში, სკოლები და საავადმყოფოები უნდა დავიცვათ“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „რას ამბობენ კონფლიქტის ზონაში მყოფი თქვენი საკონტაქტო პირები, მაინც საით მიდის ხალხი?“
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „ძალიან ბევრი მიდის ბეირუთისკენ. როგორც ვიცით, უკვე უამრავ ადამიანს პირდაპირ ქუჩაში სძინავს ბეირუთის ბულვარში, ზღვის სანაპიროს გასწვრივ. ზოგი სირიაში მიდის, აქედან ზოგი სირიელი ლტოლვილია და უკან ბრუნდება. მაგრამ უკვე ლიბანელებიც გადადიან სირიაში. ბევრიც მთიანი რეგიონისკენ მიდის, სადაც უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს, რადგან ისრაელმა მოქალაქეებს მისცა ინსტრუქციები, რომ დატოვონ ქვეყნის დიდი ნაწილი. ასე რომ, თავშესაფრის პოვნის მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ აქვთ“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „თქვენ ბრიუსელში ბრძანდებოდით. მაინც როგორია ევროკავშირის როლი ამ ყველაფერში? და გვითხარით, რაზე ესაუბრეთ კაია კალასსა და სხვებს“.
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „ევროკავშირი ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული, სანდო დონორია. და წელს გლობალურ დონეზე მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გვინდა. ამისთვის კი 23 მილიარდი დოლარი გვჭირდება. ეს თანხა 1%-იც კი არ არის იმ თანხისა, რომელსაც მთელი მსოფლიო დახარჯავს წელს იარაღსა და თავდაცვაზე. ამ 23 მილიარდზე გაცილებით მეტი დახარჯა ალბათ ამერიკამ უკვე ამ კონფლიქტზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. იმიტომ ჩამოვედი, რომ გავესაუბრო ევროკავშირის წარმომადგენლებს, თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ ამ გეგმას. ნამდვილად დამაიმედებელი განცხადებები გაკეთდა იმის თაობაზე, რომ მეტი ევროპული დაფინანსება წამოვა ამ უზომოდ პრიორიტეტული გეგმისთვის“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „ამ დროს თქვენს დაფინანსებას ყოველი მხრიდან ამცირებენ. ამას როგორ უმკლავდებით?
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „ეს მართლაც რთულია. ბიზნესს რომ ვმართავდე და ერთ წელიწადში ჩემი ფინანსების ნახევარი დამეკარგა, ალბათ სამსახურიდან გამიშვებდნენ. ეს ძალიან რთულია, რადგან ამ სისტემის რეფორმას ვცდილობთ. ამას კი იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვჯერა რეფორმის და არა იმიტომ, რომ თავზე გვახვევს ვინმე. ვდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ, მაგრამ არ გვაქვს არავითარი გარანტია, რომ ფული შემოვა. ყოველ ჯერზე, როდესაც ვიმყოფები ავღანეთში, სამხრეთ სუდანში, უკრაინასა და დარფურში Darfur, ვხედავ პროექტებს, რომლებიც ვიცი, რომ დაიხურება და ვხვდები ხალხს, რომელიც, ვიცი, რომ დაიხოცება“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „ცოტა ხნის წინ დაბრუნდით ღაზიდან. მოგვიყევით, როგორია იქაური ცეცხლის შეწყვეტის ცოტა არ იყოს სუსტი რეჟიმი?“
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „ის მართლაც სუსტია. იქ დაახლოებით ორთვე-ნახევრის წინ ვიყავი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისთანავე ჩავედი. და ცეცხლის შეწყვეტის შედეგად ძალიან გავაფართოვეთ დახმარების მასშტაბი. ყოველდღე 1.6 მილიონ ცხელ სადილს ვარიგებთ, მაგალითად. უამრავი თავშესაფარი გავაკეთეთ. ჩავატარეთ ქოლერის საწინააღმდეგო აცრის დიდი კამპანია. ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი და ბავშვები მაინც დაიხოცნენ სიცივით მკაცრი ზამთრის გამო. მაგრამ ეს მაინც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ახლა ახლო აღმოსავლეთში ამ კონფლიქტის განახლების შემდეგ წვდომა ისევ შეგვეზღუდა. მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტია ღია: ქერემ-შალომი Kerem Shalom. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები სატვირთო შედის ნაკლები დახმარებით, ნაკლებია სურსათი, მედიკამენტი, წყალი და თავშესაფარიც“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „გვითხარით, რამდენად გაამართლა „ჰამასის“ განიარაღების გეგმამ?“
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „ჩემი აზრით, ის სწორი მიმართულებით მიდიოდა. ვნახეთ, რომ დაინიშნა ტექნოკრატიული კომიტეტი, რომელიც ღაზაში შესვლასა და მის ტექნოკრატიულ საფუძველზე მართვას აპირებდა. მაგრამ ახლა ის მადარდებს, რომ ეს ყველაფერი გადაიდება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის არეალის გაფართოების გამო. ისევ ორი სახელწმიფოს შექმნის იდეას უნდა დავუბრუნდეთ. საჭიროა, ისრაელსა და პალესტინას ისეთი ხელმძღვანელობა ჰყავდეს, რომელიც იზრუნებს, რომ პალესტინელებსა და ისრაელელებს დაუმკვიდროს უსაფრთხოება, სამართალი და მისცეს წინსვლის შესაძლებლობა“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „როგორია მდგომარეობა მდონარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე? იყავით იქ? ახლახან ვნახეთ, თუ როგორ გავიდნენ პალესტინის ექვსსულიანი ოჯახის წევრები სახლიდან და მათგან მხოლოდ ორი დაბრუნდა ცოცხალი“.
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „ვწუხვარ, რომ ეს ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რომელიც ქრება დღის წესრიგიდან, სანამ ჩვენ ყველა ირანითა და ჰორმუზის სრუტით და კიდევ სხვა ამბებით ვართ დაკავებული. ახალმოსახლე ექსტრემისტული ჯგუფები გამიზნულად ესხმიან თავს ამჟამად მოქალაქეებს მდინარე იორდანეს მთელ დასავლეთ სანაპიროზე. საჭიროა, რომ მსოფლიომ მეტი ყურადღება დაუთომოს იმას, რაც იქ ხდება და მოითხოვოს მოქალაქეთა დაცვა და თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემა“.
მეივ მაკმაჰონი, ევრონიუსი: „და ბოლო კითხვა ალბათ. გაქვთ რამის იმედი ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით?“
ტომ ფლეტჩერი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში: „მე ვალდებული ვარ, მქონდეს იმედი. იცით, როგორც ძალიან ცნიბილმა მშვიდობისმყოფელმა ჯორჯ მიტჩელმა თქვა, დიპლომატიაში 799 დღე წარუმატებელია და მხოლოდ ერთია წარმატებული. ასე რომ, ყოველ დილით ალბათ ყველაზე საშინელ მსოფლიოში ვიღვიძებ, ჩემი კოლეგები ყოველდღე საფრთხეში აგდებენ საკუთარ სიცოცხლეს, რათა გადაარჩინონ სხვების სიცოცხლე. მაგრამ მე ვდგები იმისთვის, რომ შევხვდე მოქალაქეებს, რომელთაც ჩვენ ვეხმარებით ახლო აღმოსავლეთში. ვდგები, რომ მოვისმინო მათი ამბები, რომ შევხვდე ხალხს, რომელსაც ამ ჰუმანიტარული დახმარების წყალობით გააქვს თავი. აი, ეს მისახავს იმედს. და საბოლოო ჯამში, მე ოპტიმისტურად ვუყურებ ადამიანებს. ჩემი აზრით, ჩვენში ორი ინსტინქტი ებრძვის ერთმანეთს: ერთია რესურსების მოპოვების ინსტინქტი და სწორედ ეს გვამოქმედებს ამჟამად დიდწილად. ასეთი ხალხი საკმაოდ ხმამაღლა ყვირის. მაგრამ მეორე, უფრო მნიშვნელოვანი ინსტინქტი არის ამ რესურსების მოპოვებისთვის ერთად შრომა. და მჯერა, რომ, საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის ჩვენი ძლიერი ინსტინქტი. და სანამ ასე ვფიქრობ, იმედიც მექნება“.
ავტორები: ლორენ უოლკერი და მეივ მაკმაჰონი
