ამერიკის შეერებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები „ჯერ კიდევ პროცესშია“ და რომ წინადადებას, რომელიც ახლა მაგიდაზე დევს სპარსეთის ყურესა და მსოფლიოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.
ეს მას შემდეგ ხდება, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათ-კვირას ისრაელსა და რეგიონში სხვა მოკავშირეეებთან ისაუბრა და განცახდა, რომ გარიგება, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნასაც მოიცავს, „ძირითადად შეთანხმებულია.“
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განმარტებით, პრეზიდენტი შეთანხმების გაფორმებას არ ჩქარობს და იგი ისლამურ სახელმწიფოსთან არც არახელსაყრელ გარიგებას დასთანხმდება.
ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში დედაქალაქ ნიუ-დელიდან ქალაქ აგრაში თაჯ-მაჰალის მოსანახულებლად გამგზავრებამდე მარკო რუბიომ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ გამოუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ალტერნატიული გზების განხილვამდე მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის რესურსს ამოწურავს.
„ჩვენ ჯერ კიდევ პროცესში ვართ. როგორც უკვე ვთქვი, ვფიქრობდით, რომ შესაძლოა გუშინ ღამით გვქონოდა სიახლე. შეიძლება დღესაც იყოს. ამაზე ბევრი ფიქრი არ ღირს. პასუხის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება. ვფიქრობ, მათი შესაძლებლობის თვალსაზრისით, უზრუნველყონ სრუტის გახსნა და ბირთვულ საკითხებზე ძალიან რეალისტურ, მნიშვნელოვან და დროში შეზღუდულ მოლაპარაკებებში შემოვიდნენ, მაგიდაზე საკმაოდ მყარი წინადადება დევს. და იმედია, ამას შევძლებთ. მას დიდი მხარდაჭერა აქვს სპარსეთის ყურის რეგიონში. არსებობს მნიშვნელოვანი გლობალური მხარდაჭერაც. ყველა ქვეყანა, რომელთანაც ეს საკითხი განვიხილეთ, იაზრებს, რომ ეს არა მხოლოდ ძალიან გონივრულია, არამედ მთელი მსოფლიოსთვის სწორი ნაბიჯიც არის. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ის არ ჩქარობს. ის ცუდ შეთანხმებას არ გააფორმებს. პრეზიდენტი ცუდ გარიგებას არ დადებს. ვნახოთ, რა მოხდება. ვიდრე ალტერნატიულ გზებს განვიხილავთ, დიპლომატიას წარმატების მისაღწევად ყველა შესაძლებლობას მივცემთ“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
ამერიკის შეერთებული შტატები ახლოსაა შეთანხმებასთან, რომელიც ომს დაასრულებს, ჰორმუზის სრუტეს გახსნის და ირანს მაღალგამდიდრებული ურანის მარაგზე უარს ათქმევინებს - უთხრეს რეგიონის ოფიციალურმა პირებმა კვირას საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ს.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები „ორგანიზებულად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს“ და რომ ირანთან ურთიერთობა „ბევრად უფრო პროდუქტიული ხდება.“
პარალელურად ირანში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში ქვეყნის ღირსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე არავითარ კომპრომისზე არ წავლენ, თუმცა მზად არიან, მსოფლიო დაარწმუნონ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს.
„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების ფარგლებში მსოფლიო დავარწმუნოთ, რომ ბირთვულ იარაღს არ ვესწრაფით. რეგიონში არასტაბილურობას არ ვეძებთ. არასტაბილურობის წყარო ისრაელია. იგი მისდევს ხედვას, რომელსაც „დიდ ისრაელს“ უწოდებს და სხვადასხვა საშუალებით ცდილობს რეგიონში ომის, არეულობისა და დაყოფის შენარჩუნებას“, - განაცხადა მასუდ ფეზეშკიანმა.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თანახმად, ის თუ როგორ უნდა თქვას ირანმა უარი გამდიდრებული ურანზე 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში დამატებითი მოლაპარაკებების საგანი იქნება.
