კატეგორიები

უკრაინელი ბავშვების გატაცებას „გაზპრომი“ და „როსნეფტი“ უწყობდნენ ხელს - ნათქვამია ახალ კვლევაში

უკრაინელი ბავშვების გატაცებას „გაზპრომი“ და „როსნეფტი“ უწყობდნენ ხელს - ნათქვამია ახალ კვლევაში
Copyright AP Photo
რუსული სახელმწიფო ენერგოგიგანტები „გაზპრომი“ და „როსნეფტი“ კრემლს ფინანსურად და ლოგისტიკურად ეხმარებოდნენ უკრაინის ტერიტორიებიდან გატაცებული ბავშვების ტრანსპორტირებაში — ამის შესახებ საუბარია იელის ჰუმანიტარული კვლევების ლაბორატორიის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე სულ მცირე 6 ბანაკი მდებარეობს, სადაც გატაცებული ბავშვები გადაჰყავდათ — ეს ბანაკები კი სწორედ „გაზპრომსა“ და „როსნეფტს“ ეკუთვნით. გაშიფრულია ერთ-ერთი სქემაც, თუ როგორ მოქმედებდნენ ენერგოგიგანტები წლების განმავლობაში.

იელის ლაბორატორიის მკვლევართა ინფორმაციით, ისინი 2008 წლიდან აფინანსებდნენ რუსი ბავშვების ბანაკებში გადაყვანას, უკრაინის აღმოსავლეთით 2014 წელს მოსკოვის პირველი შეჭრის შემდეგ კი შეთავაზება ადგილობრივ არასრულწლოვნებზეც გავრცელდა. თუმცა, განსხვავებით რუსი ბავშვებისა, უკრაინელთა მშობლებისგან სახელმწიფო კორპორაციები ტრანსპორტირების ნებართვას არ ითხოვდნენ.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო კორპორაციებმა და მათმა შვილობილმა კომპანიებმა 2022-დან 2025 წლამდე პერიოდში მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეძლეს 2 158 ბავშვის იძულებით გადაყვანა რუსეთის სახელმწიფო საზღვრებში.

კიევმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან ბავშვთა გატაცების 20 000-მდე შემთხვევის დადასტურება შეძლო, თუმცა მათი ნამდვილი რაოდენობა ჯერაც უცნობია.

ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ ამ ანგარიშში ნახსენებ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე ორგანიზაციების 80% ვერ მოხვდა ვაშინგტონისა და ბრიუსელის სანქციების ქვეშ.

კვლევის ავტორთა თქმით, ეს მასალა არის პირველი საჯარო დემონსტრირება იმისა, რომ ბიზნესი არ არის დამოუკიდებელი და უშუალოდ მონაწილეობს კრემლის სამხედრო დანაშაულებრივ ქმედებებში.

უკრაინელ ბავშვთა გატაცების საქმეზე ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წლის მარტში ვლადიმერ პუტინისა და მისი ოფისის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

დაკავშირებული ამბები
უკრაინელი ბავშვების გატაცებას „გაზპრომი“ და „როსნეფტი“ უწყობდნენ ხელს - ნათქვამია ახალ კვლევაში რუსული ძალების მიერ ხარკივზე მიტანილი იერიშის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა