უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ხარკივზე და მის რეგიონზე რუსული ძალების მიერ მიტანილი იერიშების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ოფიციალური პირების გაცხადებით, ერთ-ერთი ქალი ქალაქ ხარკივზე თავდასხმის დროს მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებულია ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე.
ორი ქალი დაშავდა ხოლოდნოჰირსკის რაიონში, სადაც ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა, რის შედეგადაც რამდენიმე მანქანა დაზიანდა.
ხუთი მოქალაქე დაშავდა ნოვობავარსკის რაიონში, სადაც დრონის შეჯახების გამო ერთ-ერთ კერძო ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივები მომხდარს იხსენებენ.
„ჩემი ქალიშვილი ძალიან შეშინდა და ტირილი დაიწყო. კარგია, რომ ადგილზე ფსიქოლოგები მუშაობენ - მათ ძალიან სწრაფად იმოქმედეს. მაშინვე გააკეთებინეს რამდენიმე სავარჯიშო, რომ დამშვიდებულიყო“. - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები, ოლჰა სინჩუკი.
„ჩვენი ფანჯრები არ დაზიანებულა, რადგან ისინი მეორე მხარესაა. შევამოწმე ჩემი კამერა - სათვალთვალო კამერა მაქვს დამონტაჟებული - და დავინახე, რომ ჩემს მანქანას ცეცხლი ეკიდა. როდესაც გარეთ გავედი, ის უკვე მთლიანად დამწვარი იყო. ასე იყო ყველაფერი. აფეთქება ძალიან ძლიერი იყო, მთელი შენობა შეირყა“. - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები, ოლეჰ ლოშმანოვი.
ქალაქის მერმა იჰორ ტერეხოვმა დაადასტურა, რომ სამხედრო დრონები საცხოვრებელ უბნებში ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაზიანდა შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მაშველები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მოქმედებენ.
ამასთან, სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში, დუნაის სანაპიროზე მდებარე იზმაილის პორტის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქალაქზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული ობიექტები.
