კატეგორიები

ომში მიტოვებული შინაური ცხოველები

ომში მიტოვებული შინაური ცხოველები
AFP
ომის ფონზე სპარსეთის ყურის ქვეყნებში ასობით შინაური ცხოველია მიტოვებული. მათი პატრონები რეგიონს ტოვებენ და უსაფრთხო ადგილებში გადადიან. ცხოველებს ხშირად თავშესაფრებსა და ვეტერინარულ ცენტრებს აბარებენ ან სრულიად უყურადღებოდ ტოვებენ.

28 თებერვლიდან ომანის დედაქალაქი მუსკატი ერთ-ერთ მთავარ გასასვლელ პუნქტად იქცა უცხოელი მოქალაქეებისთვის. ირანის მიერ სარაკეტო და დრონებით თავდასხმების გამო რეგიონში მრავალი აეროპორტი დახურულია, რაც ევაკუაციის პროცესს კიდევ უფრო ართულებს.

ბევრი უცხოელი საკუთარ ცხოველს დროებით ტოვებს ცხოველთა მოვლის ცენტრებში იმ იმედით, რომ მალევე დაიბრუნებს მათ  ან სამშობლოში გადაიყვანს. თუმცა ზოგი მათ სრულიად უპატრონოდ ტოვებს საკვების, წყლისა და თავშესაფრის გარეშე.

ვეტერინარული კლინიკები და თავშესაფრები გადატვირთულია. მათი ინფორმაციით, ცხოველებისთვის უზრუნველყოფილია მედიკამენტები, სუფთა წყალი და საკვები, თუმცა არსებული რესურსი სწრაფად იწურება.

„იმ პერიოდში შექმნილი ვითარების გამო ბევრ უცხოელს მოუწია მუსკატისა და ომანის დატოვება და სხვა ქვეყნებში გამგზავრება. ამ სიტუაციამ შინაური ცხოველებიც დააზარალა.  ზოგმა კატები თუ ძაღლები უბრალოდ დატოვა. ჩვენს კლინიკაში ვთავაზობთ ცხოველების მოვლისა და დროებითი განთავსების სერვისს. ზოგიერთი პატრონი მათ აქ ტოვებს იმ მიზნით, რომ შემდეგ საკუთარ ქვეყანაში გადაიყვანს, სხვებმა კი უბრალოდ უპატრონოდ დატოვეს, თავშესაფრის გარეშე. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ ამ ცხოველებს. აუცილებელია, ვიპოვოთ ადამიანები და ოჯახები, რომლებიც მათ შეიფარებენ, რადგან ეს ცხოველები ქუჩაში ან ასეთ მძიმე პირობებში ცხოვრებას არ არიან მიჩვეული და სჭირდებათ სახლი, სადაც უსაფრთხოდ იქნებიან“ - ამბობს ვეტერინარი შერიფ შოუკი.

მსგავს ვითარებაზე საუბრობენ სხვა ვეტერინარებიც. მათი თქმით, თავშესაფრებში მიტოვებული ცხოველების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, თუმცა არსებული სივრცე ყველა მათგანის მისაღებად საკმარისი აღარ არის.

„ბოლო მოვლენების დროს ბევრ ადამიანს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და იძულებული გახდა,  საკუთარი შინაური ცხოველები მიეტოვებინა, ფაქტობრივად, მოეშორებინა კიდეც. ეს სწორედ ის სიტყვაა, რომელიც ზუსტად ასახავს ამ მოცემულობას. ზოგმა, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდა, ცხოველები სპეციალურ ცენტრებში დატოვა, სხვებმა კი, სამწუხაროდ, ისინი ქუჩაში გადააგდეს. ეს არის პრობლემა, რომელსაც ახლა განსაკუთრებით ვაწყდებით. გადავარჩინეთ ბევრი კატა, თუმცა იმდენი ცხოველია, რომ მათ მისაღებად საკმარისი სივრცე აღარ გვაქვს“ - აბობს ვეტერინარი დოქტორი აჰმედ ალ-ზაიათი.

რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების პარალელურად, ჰუმანიტარული პრობლემები არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ შინაურ ცხოველებსაც აზარალებთ.

დაკავშირებული ამბები
ომში მიტოვებული შინაური ცხოველები ისრაელი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია ირანის საზღვაო ფლოტის მეთაური