კატეგორიები

ისრაელი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია ირანის საზღვაო ფლოტის მეთაური

ისრაელი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია ირანის საზღვაო ფლოტის მეთაური
SEPAH NEWS / AFP
ისრაელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ლიკვიდირებულია ირანის „რევოლუციური გვარდიის“ კიდევ ერთი მაღალჩინოსანი. ამჯერად საუბარია ისლამური ქვეყნის საზღვაო ფლოტის მეთაურზე, ალირეზა ტანგსირზე.

თელ-ავივის ცნობით, მასთან ერთად, 26 მარტის გამთენიისას „ზუსტი“ ოპერაციის შედეგად, დაღუპულია კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის პირი. ისრაელური მხარე მიუთითებს, რომ ყველა მათგანი მსოფლიოსთვის სტრატეგიული საზღვაო მარშრუტის — ჰორმუზის სრუტის — ბლოკირებაზე იყო პასუხისმგებელი.

„ენერგიულად განვაგრძობთ ირანის ტერორისტული რეჟიმის სამიზნეებზე დარტყმებს. გასულ ღამეს მოვკალით „რევოლუციური გვარდიის“ საზღვაო ფლოტის მეთაური. ამ კაცს სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი და ის ასევე ერთ-ერთია, ვინც მეთაურობდა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას.

ეს კიდევ ერთი მაგალითია ჩვენსა და ჩვენს მეგობარ ამერიკას შორის თანამშრომლობაზე, ომის საერთო მიზნების მისაღწევად,“ — განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„ეს ირანის ტერორისტული რეჟიმის მოქმედი მმართველებისთვის მკაფიო გზავნილია. ისრაელის სამხედრო ძალები თითოეული თქვენგანის ქმედებებს გააკონტროლებენ და აღკვეთენ. სამხედრო შენაერთებს ვულოცავ ამ ოპერაციის წარმატებით დასრულებას,“ — განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა, ისრაელ კაცმა.

ირანში ომის დაწყების დღიდან ისრაელმა ირანელი მაღალჩინოსნების დიდი ნაწილის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა. მათ შორის დასახელებულია ისლამური ქვეყნის უზენაესი ლიდერი, რეჟიმის მთავარი ფიგურა აიათოლა ალი ხამენეი, ასევე დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ალი ლარიჯანი.

თავის მხრივ, ვაშინგტონი აცხადებს, რომ თეირანში „ფაქტობრივად, აღარავინ და აღარაფერი დარჩა გასანადგურებელი“ და ახლა მოწინააღმდეგისგან მხოლოდ დათმობებს ელიან.

დაკავშირებული ამბები
ისრაელი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია ირანის საზღვაო ფლოტის მეთაური დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, ირანთან ომი მოლაპარაკებების გზით დასრულდეს