დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენლები — ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი — ირანის მაღალჩინოსნებს ომის დასრულების გზებზე ესაუბრებიან.
მისი თქმით, ეს პროცესი „წარმატებული და კონსტრუქციულია“, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს აღარ დაუკონკრეტებია, ვინ არის ან არიან მომლაპარაკებლები ისლამური რესპუბლიკის მხრიდან.
„მთელი ჩემი ცხოვრება მოლაპარაკებებს ეძღვნება, მაგრამ ირანთან დიდი ხანია მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ამჯერად კი ისინი სერიოზულად არიან განწყობილნი. მხოლოდ ჩვენი სამხედროების მიერ შესრულებული შესანიშნავი სამუშაოს გამო არიან ისინი სერიოზულები, სურთ საკითხის მოგვარება და ვიმედოვნებ, ამას გავაკეთებთ,“ — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს მორიგ ჯერზე აქვს „არაჩვეულებრივი შესაძლებლობა“, დაასრულოს ომი, თუმცა ამისთვის თეირანმა სრულად უნდა თქვას უარი ვაშინგტონის რამდენიმე მოთხოვნაზე, მათ შორის გამდიდრებული ურანის შენახვაზე.
„ჩვენ ყველაფერი გავანადგურეთ, რისი განადგურებაც შეიძლებოდა. გავანადგურეთ მათი ლიდერები. ჯერ პირველი ჯგუფი გვყავდა, რომელიც გაქრა. შემდეგ 88 ადამიანი შეიკრიბა ახალი ლიდერის ასარჩევად, თუმცა ისინიც გაქრნენ. ახლა აღარავის სურს ლიდერობა. ეს არის იმ პოლიტიკური თანამდებობების ჩამონათვალიდან ერთ-ერთი, რომლის დაკავებაც მსოფლიოში არავის სურს, რადგან ძალიან სახიფათოა. ჩემი სამუშაოც სახიფათოა, მაგრამ მათი კიდევ უფრო მეტად.
ახლა ირანს აქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა, ბოლო მოუღოს ამერიკისა და მისი მოკავშირეებისადმი გაჟღერებულ მუქარებს და ვიმედოვნებთ, ისინი ამით ისარგებლებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკა და მთელი მსოფლიო მალე ბევრად უსაფრთხო და დაცული იქნება...
ისინი შეთანხმდნენ, რომ არ ექნებათ ბირთვული იარაღი და ასე შემდეგ. დანარჩენს ვნახავთ. მათი ზოგიერთი ელექტროსადგურის განადგურებას ვაპირებდით ხვალ, მაგრამ ამას არ ვიზამთ — გადავდებთ,“ — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი ტენესის შტატში ჩავიდოდა, მან აეროდრომზე უპასუხა მედიის წარმომადგენლების კითხვებს, მათ შორის ჰორმუზის სრუტის კონტროლთან დაკავშირებითაც.
დონალდ ტრამპის თქმით, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, სრუტე „დაუყოვნებლივ გაიხსნება“:
„შეიძლება, ჩემ მიერ [გაკონტროლდეს]. ჩემსა და იმ აიათოლას მიერ, ვინც იქნება შემდეგი. ასევე მოხდება რეჟიმის სერიოზული ცვლილება. სიმართლე გითხრათ, ყველა, ვინც რეჟიმის ლიდერი იყო, მოკლულია. რეჟიმის ცვლილება ხდება ავტომატურად, მაგრამ საქმე გვაქვს ხალხთან, რომლებსაც ძალიან სანდოდ და გონიერად მივიჩნევ...
შეხედეთ ვენესუელას — იქ ყველაფერი კარგად გვაქვს ნავთობთან და არჩეულ პრეზიდენტთან ურთიერთობის თვალსაზრისით. შესაძლოა, ვინმე მსგავსი ირანშიც ვიპოვოთ,“ — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ვაშინგტონის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილია ისრაელისთვისაც. თელ-ავივი მაინც არ აპირებს უარის თქვას, დაარტყას ირანის სამიზნეებს და ამასთან გაანადგუროს ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ პოზიციები.
„პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ არსებობს შანსი გამოვიყენოთ ისრაელის თავდაცვისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი მიღწევები იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ჩვენს სასიცოცხლოდ აუცილებელ ინტერესებს დაიცავს.
ამავდროულად, ვაგრძელებთ დარტყმებს ირანსა და ლიბანზე. ვანადგურებთ სარაკეტო და ბირთვულ პროგრამებს და განვაგრძობთ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას „ჰეზბოლასთვის“.
სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ კიდევ ორი ბირთვული მეცნიერი მოვკალით და ეს ყველაფერი არაა. ნებისმიერ შემთხვევაში, განვაგრძობთ ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვას,“ — განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, 5 დღით გადაედო დარტყმები ირანის ენერგოობიექტებზე, რაც თეირანის რეჟიმის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან შეფასდა როგორც „ენერგობაზრის დასტაბილურების მეთოდი“ და ამ თვალსაზრისით გარკვეული სარგებლის მიღების მცდელობა.
თეირანის სახელმწიფო მედია ასევე ამტკიცებს, რომ ტრამპის ეს ნაბიჯი არის „ირანელი მაღალჩინოსნების მკაცრი გაფრთხილების შედეგი“.
როგორც აღმოჩნდა, განსხვავებით ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების გეგმებისგან, მისი მოლაპარაკებების გზით დასრულების თაობაზე ვაშინგტონის მოკავშირეებს გარკვეული ინფორმაცია მაინც მიაწოდეს.
ასეთია, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, რომელიც მხარეებს დიპლომატიისკენ მოუწოდებდა და თავად უარს ამბობდა სამხედრო მოქმედებებში ჩართვაზე.
