ევროკომისია „სნაპჩატის“ წინააღმდეგ ფორმალურ გამოძიებას იწყებს იმ მოტივით, რომ პლატფორმა ბავშვებისა და მოზარდების დასაცავად არასაკმარის ზომებს მიმართავს. კერძოდ, ისინი რისკის ქვეშ აყენებენ ბავშვებს მავნე აქტორების მხრიდან საშიში ზემოქმედების წინაშე, რომელსაც ხანგრძლივი ნეგატიური შედეგები აქვს.
ყველაფერი კი „ციფრული სერვისების აქტის“ რეგულაციების ფარგლებში ხდება, რისი საშუალებითაც ბრიუსელი ციფრულ სამყაროში გარკვეული შეზღუდვების დაწესებას იწყებს, ახალგაზრდების მავნე გავლენებისგან დასაცავად.
„სნაპჩატის მომხმარებელი ევროკავშირში 97 მილიონს აღწევს, მათი უმრავლესობა ბავშვია. ამის მაგალითია დანია, სადაც 10 წლის ასაკის ბავშვების ნახევარი სნაპჩატის მომხმარებელია, საფრანგეთში კი იგივე ხდება 11 წლის ასაკის ბავშვებში. ეს კი პლატფორმის მიერ დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვებისა და პირობების საწინააღმდეგოდ ხდება. ეს ყველაფერი არ არის! ამ პლატფორმაზე ბავშვები აწყდებიან საშიშ კონტაქტებს; მათ შეუძლიათ აკრძალული მედიკამენტების, ასევე ალკოჰოლისა თუ ელექტრონული სიგარეტების შეძენა. ეს ის საკითხებია, რომლებსაც გამოძიების ფარგლებში ჩავუღრმავდებით და მოვუწოდებთ სნაპჩატს, ითანამშრომლოს პროცესთან,“ — აღნიშნა ევროკომისიის სპიკერმა, თომა რენიემ.
ევროკომისიის დაკვირვებით, აპლიკაცია უსაფრთხოების ზომების აღსრულებას სერიოზულად არ უდგება და ზედაპირულად ამოწმებს, რეალურად შეესაბამება თუ არა მომხმარებლის ასაკი დაწესებულ ზღვარს — ანუ 17 წელს. ასევე ვერ იცავს მოწყვლად ჯგუფებს იმგვარი კონტაქტებისგან, რომლებიც სექსუალური ხასიათისაა ან რეკრუტირების თუ სხვა კრიმინალური მოტივებითაა ნაკარნახევი. ამასთან, ბრიუსელი მსოფლიოს ოთხ ყველაზე მსხვილ პორნოგრაფიულ პლატფორმას იმაში ადანაშაულებს, რომ ისინი ბავშვების საიტზე წვდომას არასაკმარისად ზღუდავენ, რის ირგვლივაც გამოძიება უკვე დაწყებულია.
„+18-ის ღილაკის გამოყენებით მოზარდებს პრაქტიკულად შეუძლიათ პორნოგრაფიულ საიტებზე მოხვედრა. ამ მხრივ სიტუაცია წევრ სახელმწიფოებში სავალალოა. მაგალითად, საფრანგეთში 12 წლის პირების ნახევარი პორნოგრაფიულ საიტებს თვეში ერთხელ მაინც სტუმრობს. ირლანდიაში ბიჭების 50% პირველად პორნოგრაფიულ საიტზე 10-13 წლის ასაკში მაინც შესულა. პოლონეთში კი 7-დან 12 წლამდე ბავშვების 9 ყველაზე პოპულარულ საიტს შორის სწორედ პორნოგრაფიული ვებ-საიტია — და დიახ, არ მოგესმათ. ამ ასაკში პორნოგრაფიული კონტენტის ხილვა საფრთხეს უქმნის მენტალურ ჯანმრთელობას, ხელს უწყობს უარყოფით გენდერულ დამოკიდებულებებს და ზრდის ტოლერანტობას ძალადობრივი სექსუალური ქცევის მიმართ. გზავნილი მკაფიოა — ამ პლატფორმებმა ყველაფერი უნდა მოაწესრიგონ. ამ ოთხ პლატფორმას უკვე აქვს უფლება, გაეცნოს ჩვენს გამოძიებას და დაიცვას თავი,“ — აღნიშნა ევროკომისიის სპიკერმა, თომა რენიემ.
რეგულაციებს ჯერჯერობით დასახელებული პლატფორმები არ გამოხმაურებიან. ევროპული „ციფრული სერვისების აქტი“ ინტერნეტკომპანიებისა და ონლაინ პლატფორმებისგან მოითხოვს, მეტი გააკეთონ ევროპელი მომხმარებლების დასაცავად, რათა მავნე და სარისკო კონტენტი თავიდან იქნას არიდებული.
სოციალურ მედიაზე ზეწოლა კი ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს გაიზარდა, ახალგაზრდების კეთილდღეობის დაცვის მოტივით. მიმდინარე კვირას კალიფორნიაში 20 წლის გოგონას სასამართლომ მილიონობით დოლარის კომპენსაციის მოთხოვნა დაუკმაყოფილა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ „მეტასა“ და „იუთუბის“ პლატფორმებზე გამოყენებული დიზაინი ახალგაზრდების კეთილდღეობის გვერდის ავლით მათ ჩათრევას ისახავდა მიზნად.
