ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, რამაც ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია და ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა, ევროკომოსიამ დროებით გადადო რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ შეთავაზების წარდგენა.
ამასთან, გრძელდება უნგრეთთან და სლოვაკეთთან დაძაბული დაპირისპირება. ორივე ის წევრი სახელმწიფოა, რომლებიც კვლავ ყიდულობენ რუსულ ნავთობს, რომელიც მათ საბჭოთა ეპოქის „დრუჟბის“ მილსადენით მიეწოდებოდათ.
„ჯერ არ გვაქვს დადგენილი ზუსტი თარიღი. რაც შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, არის ის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ წინადადებას. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ რუსული ენერგიის იმპორტზე დაბრუნება სტრატეგიული და წარსულის შეცდომის გამეორება იქნებოდა. ~ ჩვენ უკვე წარმატებით დავამკვიდრეთ და აღვასრულეთ ბუნებრივი აირის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, გასულ ოთხშაბათს უკვე აიკრძალა ბუნებრივი აირის ახალი მოკლევადიანი და გრძელვადიანი კონტრაქტები. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავატაროთ სხვა ენერგეტიკული რეფორმებიც“, - აცხადებს ევროკომისიის პრესსპიკერი, ანა-კაისა იტკონენი.
კანონპროექტი, რომელიც REPowerEU-ს საგზაო რუკის ნაწილია, სავარაუდოდ, 15 აპრილს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ეს თარიღი ამჟამად კალენდარში აღარ არის მონიშნული.
კომისია ამტკიცებს, რომ გადავადება პოლიტიკური კურსის შეცვლას არ ნიშნავს და დასძინა, რომ წინადადება არ გაუქმებულა და აუცილებლად გამოქვეყნდება.
