კატეგორიები

„ჰეზბოლას“ გასანადგურებლად ისრაელში სამხრეთ ლიბანის ანექსიაზე საუბრობენ

„ჰეზბოლას“ გასანადგურებლად ისრაელში სამხრეთ ლიბანის ანექსიაზე საუბრობენ
File: Bilal Hussein/AP Photo
ვიდრე დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დასასრულებლად დიპლომატიურ შესაძლებლობებზე საუბრობს, ისრაელში აცხადებენ, რომ ლიბანში განლაგებულ ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ბრძოლისთვის ძალისხმევას არ დაიშურებენ.

გარდა საჰაერო დარტყმებისა, თელ-ავივს მეზობელი სახელმწიფოს სამხრეთით უკვე აქვს დაწყებული სახმელეთო ოპერაცია, თუმცა ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, არ არის გამორიცხული, მათ მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში თელ-ავივმა ლიბანის სამხრეთის ანექსია მოახდინოს ან განავითაროს სცენარი, რაც ღაზაში განხორციელდა.

„დაჯგუფება „ჰეზბოლამ“, როგორც ირანული ტერორისტული რეჟიმის ინსტრუმენტმა, საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა ისრაელს დაესხა თავს, და ამისთვის ახლაც და მომავალშიც დიდ ფასს გადაიხდის. ისრაელის სამხედრო დანაყოფები სრული ძალით განაგრძობენ ბრძოლას ლიბანში „ჰეზბოლასა“ და მათი სარაკეტო შესაძლებლობების წინააღმდეგ. ლიბანის ხელისუფლება დაგვპირდა „ჰეზბოლას“ განიარაღებას, როგორც ქვეყნის სამხრეთით, ისე მის მთელ დანარჩენ ტერიტორიაზე, თუმცა არაფერი გაუკეთებია.

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის ტერიტორიაზე წინ მიიწევენ ფრონტის ხაზის დასაკავებლად, „ჰეზბოლას“ ტერორისტების ლიკვიდირებისა და იქ შექმნილი ტერორისტული ინფრასტრუქტურის, ასევე ლიბანურ სოფლებში, საზღვრის სიახლოვეს მდებარე სახლების გასანადგურებლად, რომლებიც სინამდვილეში ტერორისტთა მფლობელობაშია. ამას ვიზამთ ღაზაში, რაფაჰისა და ბეით-ხანუნის მოდელის მსგავსად, რათა შევქმნათ თავდაცვითი სივრცე და გავანეიტრალოთ საფრთხე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

მდინარე ლიტანზე აგებული ხუთივე ხიდი, რომელსაც „ჰეზბოლა“ ტერორისტებისა და შეიარაღების გადასროლისთვის იყენებდა, აფეთქებულია და „ცაჰალი“ განაგრძობს ყველა დარჩენილი ხიდის კონტროლს. პრინციპი მკაფიოა: თუკი იქნება ტერორი და რაკეტები, არც საცხოვრებლები იარსებებს და არც ადგილობრივი მოსახლეობა. არ დავუშვებთ 7 ოქტომბრის ვითარების დაბრუნებას. დავპირდით ჩრდილოეთით მცხოვრებლებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას, და ზუსტად ამას გავაკეთებთ,“ — განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

ირანსა თუ ლიბანში განლაგებულ მოწინააღმდეგეთა პოზიციებზე დარტყმების გაგრძელებას ადასტურებს ისრაელის პრემიერ-მინისტრიც.

ისრაელის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის გამო ათასობით ლიბანელს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

მათმა ნაწილმა ქვეყნის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გადაინაცვლა, ნაწილმა კი სამშობლოს დატოვება გადაწყვიტა, რადგან მანამდე უსაფრთხოდ მიჩნეული ტერიტორიები ახლა თელ-ავივის დარტყმების სამიზნეებად იქცა — ისრაელის მტკიცებით, იმიტომ, რომ იქ „ჰეზბოლას“ პოზიციები მდებარეობს.

დაკავშირებული ამბები
„ჰეზბოლას“ გასანადგურებლად ისრაელში სამხრეთ ლიბანის ანექსიაზე საუბრობენ ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთზე იერიში მიიტანა