ერთგვარი გამოცდა პოლიტიკოსებისთვის, ელექტორატის განწყობების შესწავლისა და ზოგადი პოლიტიკური სურათის შექმნის შესაძლებლობა — ასე ფასდება დაგეგმილ საპრეზიდენტო რბოლამდე ერთი წლით ადრე საფრანგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
მეორე ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ მემარცხენე ძალებმა პარიზის შენარჩუნება შეძლეს, ნიცაში კი ულტრამემარჯვენეებმა და მათმა მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი, სიმბოლური გამარჯვება მოიპოვეს.
„ჩემი ფიქრები ყველა იმ ამომრჩეველთანაა, ვინც დღეს საღამოს მხარი დაგვიჭირა. მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება, დაფასება და პატივი, რომელიც მათ მოგვანიჭეს. დიდია ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ისინი გვაკისრებენ.
მინდა, მადლობა გადავუხადო მათაც, ვინც არ მოგვცა ხმა და ვუთხრა, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, ისინიც იყვნენ ამ ერთად გასავლელი გზის მონაწილენი. ჩვენ გვსურს ვიყოთ ყველა პარიზელის გუნდი. ჩვენ თითოეულ მათგანს მივაქცევთ ყურადღებას. უსაზღვროა ჩვენი სიხარული და პასუხისმგებლობა.
რამდენიმე საათს აღნიშვნას დავუთმობთ და ხვალ, ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან ადრე დავიწყებთ მუშაობას. დიდი მადლობა ყველას!“ — თქვა საფრანგეთის დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა, ემანუელ გრეგუარმა.
პარიზის მერობის ულტრამემარჯვენე კანდიდატის განცხადებით, მან ვერ შეძლო ამომრჩეველთა დარწმუნება და მარცხს აღიარებს.
მიუხედავად საფრანგეთის მასშტაბით ულტრამემარჯვენეთა ძალების განსხვავებული შედეგებისა, მარინ ლე პენის პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ პრეზიდენტი ჟორდან ბარდელა აცხადებს, რომ ამაყია მონაცემებითა და მოპოვებული მანდატებით.
„ჩვენი ქვეყანა გზაჯვარედინზეა. ამ საარჩევნო კამპანიამ ყველაზე მეტად გამოააშკარავა ჟან-ლუკ მელანშონისა და „უდრეკი საფრანგეთის“ იდეოლოგიური გავლენა მთელ ფრანგულ მემარცხენეობაზე. ყველგან დათმობებს ვხვდებოდით, ახლა კი ბარიერები დაინგრა...
მარინ ლე პენთან ერთად, ჩვენ სრულად გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ახლა გვაკისრია. დღევანდელი საღამოს წარმატებები არათუ დასასრული, არამედ დასაწყისია — დასაწყისი მომთმენი, სერიოზული და მტკიცე რენესანსისა, ალტერნატივის დასაწყისი, რომელმაც ხვალ ეროვნული მასშტაბი უნდა მოიცვას, ეროვნული ერთიანობის დაცვით, დაძაბულობისა და ძალადობის ნებისმიერი ლოგიკის უარყოფით.
„ეროვნული გაერთიანება“ იქცა იმ მშვიდ ძალად, რომელიც საფრანგეთს კვლავ აღორძინებისთვის სჭირდება,“ — განაცხადა ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ პრეზიდენტმა, ჟორდან ბარდელამ.
თვითმმართველობის არჩევნების შედეგები საერთო ჯამში ართულებს განჭვრეტას, ვინ შეცვლის ემანუელ მაკრონს 2027 წელს. თავად საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი კენჭისყრაში მონაწილეობას ვეღარ შეძლებს, რადგან ამ თანამდებობას მესამედ ვერ დაიკავებს.
მიუხედავად ამისა, 22 მარტის არჩევნები იყო კარგი საშუალება იმის გასარკვევად, რომ ყველა პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პარტიას აქვს გამარჯვების შანსი, თუმცა ბევრად მეტის განსაზღვრა შესაძლებელი გახდება მაშინ, როცა საბოლოოდ გამოცხადდება მარინ ლე პენის სააპელაციო სარჩელის განაჩენი.
