14 აპრილს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სივერეკში სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 16 პირი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გლუვლულიანი თოფით შეიარაღებული 18 წლის თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.
მათივე ინფორმაციით, პირმა უმისამართო სროლა დაიწყო, რის შედეგადაც სხვადასხვა სახის ჭრილობები მიიღეს მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, სასადილოს თანამშრომელმა და პოლიციელმა. მოგვიანებით თავდამსხმელმა ამავე იარაღით თავი მოიკლა.
შანლიურფის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რადგან ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმედ შეფასდა.
მანამდე ადგილობრივმა მედიამ განაცხადა, რომ შენობაში მყოფი ყველა მოსწავლე სასწრაფო წესით გამოიყვანეს, ხოლო თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები განალაგეს მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა სამართალდამცველებს უარი უთხრა ჩაბარებაზე.
თავდასხმის მოტივი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა თურქეთის სკოლებში მსგავსი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია.
