კატეგორიები

90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში, წელს უკრაინა ევროკავშირისგან 45 მილიარდ ევროს მიიღებს

90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში, წელს უკრაინა ევროკავშირისგან 45 მილიარდ ევროს მიიღებს
Copyright Euronews
ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პაკეტის პირველ ნაწილს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

წელს უკრაინა ბლოკისგან 45 მილიარდ ევროს მიიღებს. თანხის ერთი მესამედი კიევის ბიუჯეტურ საჭიროებებს მოხმარდება, დარჩენილი ნაწილი კი ქვეყნის თავდაცვაზე დაიხარჯება.

„ჩვენ 45 მილიარდ ევროს უკვე 2026 წლის ამ კვარტალში გამოვყოფთ. ერთი მესამედი ბიუჯეტურ საჭიროებებს, ორი მესამედი კი უკრაინის თავდაცვას მოხმარდება. თავდაცვის პირველი პაკეტი უკრაინული დრონებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 6 მილიარდი ევროა. ჩვენი გზავნილი ნათელია: ჩვენ მამაცი უკრაინელი ხალხისა და მათი შეიარაღებული ძალების მიმართ მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

უკრაინას ევროკავშირისგან სესხის მიღება სასწრაფოდ სჭირდება, რათა რუსეთის ომით დაზიანებული ეკონომიკა გაამყაროს და ფრონტის ხაზზე რუსულ იერიშებს გაუმკლავდეს. გასულ წლებთან შედარებით ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა შეცვალა. ომის დაწყებდან პირველ წლებში დახმარება უფრო მეტად უკრაინის მაკროეკონომიკაზე, ჰუმანიტარულ დახმარებასა და წევრი ქვეყნების არსებული მარაგიდან სამხედრო ტექნიკის გადაცემაზე იყო მიმართული. ახალი პაკეტი კი შესყიდვებს და წარმოებას ითვალისწინებს, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებშიც უკრაინამ ომის პერიოდში მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო.

უკრაინამ შეიმუშავა თანამედროვე, საბრძოლო პირობებში გამოცდილი დრონების ტექნოლოგია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის უფრო დიდი არმიის შეკავებაში. ადგილობრივი მწარმოებლები აწარმოებენ სხვადასხვა სისტემას შედარებით დაბალ ფასად, სწრაფად ცდიან მათ ბრძოლის ველზე და არსებული საჭიროებების გათვალისწინებით აუმჯობესებენ. ამავდროულად, უკრაინული დრონების ტექნოლოგიამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედროების ინტერესიც გამოიწვია.

ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი სახელმწიფოების ნაწილი ცდილობენ, დროულად აამუშაონ თავდაცვის შესყიდვების მექანიზმი. უკრაინაში წარმოებული დრონების დაფინანსება იარაღის მიწოდების პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს. ბრიუსელის გადაწყვეტილება უკრაინული დრონების წარმოების მხარდაჭერის შესახებ მიუთითებს, რომ ევროკავშირი უკრაინას განიხილავს არა მხოლოდ სამხედრო დახმარების მიმღებად, არამედ იმ თავდაცვითი შესაძლებლობების მწარმოებლადაც, რომლებიც ევროპული უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი.

ამ მიდგომას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს უკრაინასა და ევროკავშირს შორის მომავალ თავდაცვით თანამშრომლობაზეც, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრ ებისკენ მიისწრაფვის.

დაკავშირებული ამბები
90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში, წელს უკრაინა ევროკავშირისგან 45 მილიარდ ევროს მიიღებს ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება შესაძლოა ტერიტორიის დათმობაზე იყოს დამოკიდებული