კატეგორიები

„გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს მართლაც გახდეს ახალი ეპოქის დასაწყისი”- პეტერ მაგიარი მთავრობის დასაკომპლექტებლად ემზადება

„გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს მართლაც გახდეს ახალი ეპოქის დასაწყისი”- პეტერ მაგიარი მთავრობის დასაკომპლექტებლად ემზადება
Copyright AP Photo
უნგრეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, პეტერ მაგიარი, მთავრობის დაკომპლექტების პროცესს იწყებს და სურს, ის სწრაფად დაასრულოს. საამისოდ ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა უკვე ოთხშაბათსაა ჩანიშნული.

ახალი ლიდერი იმედოვნებს, რომ თანამდებობას ფორმალურად უკვე 5 მაისს დაიკავებს და სწორედ ამ დღეს, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სავარძელში ვიქტორ ორბანს ჩაანაცვლებს.

უნგრეთის უახლესი ისტორიის ყველაზე გარდამტეხ საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისას“ გამარჯვებისა და საკანონმდებლო ორგანოში 138-მანდატიანი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, პეტერ მაგიარმა 3-საათიანი პრესკონფერენცია გამართა. საუბრისას განსაზღვრა ახალი კაბინეტის პირველი ამოცანები და პრიორიტეტები. მათ შორის უპირველესია იმ 17 მილიარდი ევროს განბლოკვა, რომელიც ვიქტორ ორბანის ხელისუფლებას ევროკავშირმა კანონის უზენაესობის საკითხში ხარვეზების გამო დაუბლოკა. „ტისა“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დაბრუნებას გეგმავს და ასევე ფოკუსს დემოკრატიული ინსტიტუტების აღდგენაზე აკეთებს.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რათა ჩვენი მთავრობის მოსვლა მართლაც გახდეს ახალი ეპოქის დასაწყისი. აბსოლუტურად ვიაზრებთ იმას, რომ უნგრელ ხალხს ჩვენთვის ხმა უბრალოდ მთავრობის შეცვლის მიზნით არ მოუცია, არამედ მოგვცა ის იმისთვის, რომ შევცვალოთ რეჟიმი“, — აღნიშნა უნგრეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მაგიარმა.

ვიქტორ ორბანის ანტაგონისტური პოლიტიკის შემდეგ, ახლად არჩეული პრემიერი ბრიუსელთან მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელებას გეგმავს. აქ ერთ-ერთი საკვანძო საკითხი უკრაინაა, რომლის დაფინანსებასაც ამ დრომდე ბუდაპეშტის ვეტო ადევს. თემაზე საუბრისას პეტერ მაგიარმა აღნიშნა, რომ არ გეგმავს კიევისთვის განსაზღვრული 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის დაბლოკვას. თუმცა აღნიშნა ისიც, რომ არც საკუთარი წვლილის შეტანას გეგმავს ამ ფონდში. მაგიარი არ ეთანხმება არც ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრებას, კერძოდ იმ მიზეზით, რომ ქვეყანა ომის პირობებში ცხოვრობს.

რაც შეეხება ენერგეტიკულ პოლიტიკას, ახლად არჩეულმა ლიდერმა ამ საკითხთან მიმართებით პრაგმატული ტონი აირჩია. კერძოდ, 2035 წლისთვის ის ქვეყნის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების სრულად დასრულებას გეგმავს, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში რუსული ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს, ეკონომიკური შეჯიბრებითობიდან გამომდინარე.

მან ასევე გამოეხმაურა მოსკოვთან ბუდაპეშტის მჭიდრო კავშირებსა და ბოლო სკანდალს. აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, გაანადგურა ის მტკიცებულებები, რომლებიც სიღრმისეულად ადასტურებდა რუსეთთან არასასურველ კავშირებს. თავად დამარცხებულ პარტიაში საკითხს ჯერ არ გამოხმაურებიან, თუმცა დამარცხებულმა პრემიერმა ახალს გამარჯვება უკვე მიულოცა. ორბანის „ფიდესმა“ არჩევნებში ხმათა მხოლოდ 38%-ის მოპოვება შეძლო, რაც 54 მანდატია.

„არჩევნების შედეგები ძალიან მტკივნეულია, თუმცა ნათელი. ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა გვემართა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას. ჯერ არ ვიცით, რას ნიშნავს დღევანდელი შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის — ამას დრო გვაჩვენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე ოპოზიციიდანაც გავაგრძელებთ უნგრელი ერის სასიკეთო სამსახურს“, — თქვა შედეგების გამოცხადების შემდეგ ვიქტორ ორბანმა.

პეტერ მაგიარი საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილში ორბანის პოლიტიკისგან რადიკალურ ცვლილებებს არ განიხილავს. მაგალითად, არ აპირებს ქვეყნის სამხრეთ საზღვართან აშენებული ინფრასტრუქტურის მოხსნას, რადგან ევროკავშირის საიმიგრაციო პაქტს არ ეთანხმება. ასევე სურს დაარეგულიროს საკითხი, რომლის მიხედვითაც ევროპული სასამართლო 1-მილიონიან ჯარიმას აკისრებს ქვეყანას იმ კანონის დარღვევისთვის, რომელიც მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭებას უკავშირდება.

მაგიარის თქმით, მისი პარტია იმუშავებს უნგრეთის ევროზონაში შესვლის საკითხზეც, რაც ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. ეს ევროკავშირთან ბუდაპეშტის უფრო ღრმა ინტეგრაციის სიგნალია, რაც იზოლაციის წლებს დაასრულებს.

დაკავშირებული ამბები
„გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს მართლაც გახდეს ახალი ეპოქის დასაწყისი”- პეტერ მაგიარი მთავრობის დასაკომპლექტებლად ემზადება ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ სესხის გამოყოფას ბლოკავს