კრემლი რუსეთის მოქალაქეებს ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის — MAX-ის — ჩამოტვირთვას აგრესიული მარკეტინგით აიძულებს. ე.წ. „ეროვნულ მესენჯერად“ შეფუთული აპლიკაცია სახელმწიფოს მიერაა მხარდაჭერილი, მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ. ეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ რუსეთში მობილურ ინტერნეტზე წვდომა შეზღუდა და საკომუნიკაციო სერვისები და ვირტუალური პირადი ქსელები ნაწილობრივ თუ სრულად დაბლოკა, სუვერენული ინტერნეტის შექმნის მიზნით.
„ვიყენებ MAX-ს, მაგრამ იძულებით. სახელმწიფო უწყებებიდან ვცდილობდი მასალის ჩამოტვირთვას და მომწერეს, რომ კოდი MAX-ზე მომივიდოდა. სხვა გზა არ მქონდა — ჩამოვწერე და დავტოვე ყოველი შემთხვევისთვის, თუ საკომუნიკაციო არხი აღარ დაგვრჩება, თუმცა მის გამოყენებას არ ვგეგმავ“, — ამბობს რუსეთის მოქალაქე, ანნა.
მოქალაქეების დიდ ნაწილს აკრძალული საკომუნიკაციო პლატფორმების გამოსაყენებლად აკრძალული გზების გამოყენება უწევს, რადგან ხელისუფლების მიერ შეთავაზებული პლატფორმა, მათი თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს. რუსეთში ტელეგრამისა და ვოტსაპის აპლიკაციების დაბლოკვის შემდეგ საერთო საკომუნიკაციო სივრცის პოვნა მოქალაქეებს გაურთულდათ. დამატებით სირთულეს წარმოადგენს დედაქალაქის ცენტრში ჩახშული სიგნალებიც, რაც მოსკოვის ცაზე გამოჩენილი უკრაინული დრონების შიშით განხორციელდა.
„დღეს უკვე რთულია ერთი უნივერსალური მესენჯერის გამოყენება — ყველას სხვადასხვა აქვს. რაღაცნაირად ვცდილობთ ერთმანეთთან დავუკავშირდეთ. მე ამჟამად იმ აპლიკაციას ვიყენებ, რომლითაც აუდიო და ვიდეო ფაილების გაგზავნა მაინც შეიძლება. MAX-ის აპლიკაცია მქონდა, მაგრამ ვერ ვგზავნიდით მასალას, ვერ ვახერხებდით მის ჩამოტვირთვას, რაც საშინელება იყო. სწორედ ამიტომ შევცვალე პლატფორმა. ყველაფერთან ერთად, ქალაქის ცენტრში ბლოკავენ რადიო სიგნალებს. ჩვენ, მუსიკოსებს, რადიო სისტემები გვაქვს — რადიო მიკროფონები, გიტარისა თუ საქსოფონის რადიო აქსესუარები. ახლა ხომ ყველაფერი გამარტივებულია, თუმცა სიგნალი იხშობა და გვიწყდება“, — ამბობს მუსიკოსი, ნატალია ტერეხნოვა.
ბევრი თვლის, რომ MAX-ის ჩამოტვირთვა იმის ტოლფასია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს ნებაყოფლობით მისცე წვდომა საკუთარ ტელეფონზე, რადგან მისი მეშვეობით შესაბამისი უწყებები სახელმწიფოსთვის პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებას ცდილობენ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მათ შორის — დისიდენტური აზრების გამოვლენას. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთში უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისთვის „ომის“ წოდება პატიმრობით ისჯება. თავად აპლიკაცია MAX-ი ვლადიმერ პუტინის მრჩევლის შვილს ეკუთვნის.
„როცა დეპუტატები ამბობენ, რომ ყოველ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს MAX-ი ტელეფონში და თუ ის არ გაქვს, მტრად გამოგაცხადებენ — ეს არასწორია. რატომ? თუ ადამიანს არ სურს, რატომ უნდა გააკეთოს ეს? ამ აპლიკაციის დაყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ და არც მაქვს. და არა იმიტომ, რომ მეშინია — უბრალოდ არ მსურს ის მქონდეს“, — ამბობს საინფორმაციო სააგენტო TELECOMDAILY-ის ხელმძღვანელი დენის კუსკოვი.
თავად კომპანია MAX-ში ამტკიცებენ, რომ შექმნიდან ერთი წლის თავზე 107 მილიონი მომხმარებელი ჰყავთ — არა მხოლოდ რუსეთში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში, შუა აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.
