კატეგორიები

დიდი ბრიტანეთი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის” გემების დაკავებას შეძლებს

დიდი ბრიტანეთი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის” გემების დაკავებას შეძლებს
MoD/PA Wire
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის გადაწყვეტილებით, ბრიტანულ სამხედრო ძალებს რუსული სანქცირებული გემების გაჩერება და საჭიროების შემთხვევაში დაკავება შეეძლებათ.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიზანია რუსეთის წინააღმდეგ გაზარდოს ეკონომიკური ზეწოლა.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს და სამართალდამცავ უწყებებს უფლება ექნებათ შეაჩერონ მოსკოვის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“. დასავლური ქვეყნების მთავრობებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი დაბალი უსაფრთხოების სტანდარტებისა და გაურკვეველი წარმომავლობის მქონე ასობით ძველ ტანკერს, სანქციებს თავიდან არიდების მიზნით იყენებს.

„სამხედრო ალიანსის ფარგლებში ჩვენს ჩრდილოეთ ევროპის პარტნიორებთან ვსაუბრობთ. ყურადღება კი უკრაინაში რუსეთის აგრესიაზეა გამახვილებული. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორი ომის ფრონტი არსებობს: ირანის კონფლიქტი და უკრაინაში მიმდინარე ომი. დღეს მოკავშირეებთან განვიხილავ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, იქნება საუბარი არსებულ თავდაცვის ხარჯებსა და შესაძლებლობებზე. ასევე დღეს მკაფიოდ ვაცხადებ, რომ გაერთიანებულ სამეფოს ვაძლევ ნებართვას შეაჩეროს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები. ეს არის გემები, რომლებიც უკანონოდ არღვევენ სანქციებს, ძირითადად ნავთობის გადაზიდვით. ამ მიმართულებით პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ. რაც შეეხება თავდაცვას, ვიღებ ვალდებულებას, რომ გავზრდით თავდაცვის ხარჯებს. გვაქვს გეგმები, კიდევ უფრო როგორ გავზარდოთ ის და ამ ვალდებულებებს აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

რუსული ნავთობის ტანკერის დაკავებაში, დიდი ბრიტანეთმა მონაწილეობა უკვე მიიღო, როდესაც იანვარში შეერთებულ შტატებს მსგავსი გემის დაკავებაში დაეხმარა. მაშინ დიდბმა ბრიტანეთმა მკაფიობ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ შესაძლებელია ისეთი გემების დაყადაღება, რომლებიც კონკრეტულ ქვეყანას არ ეკუთვნიან. მსგავსი შემთხვევებისას, ამ დრომდე დიდი ბრიტანეთი ძირითადად მოკავშირეებს სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებდა, თუმცა ახლა დაუნინგ სტრიტის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთი აქტიურად იმოქმედებს.

კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინის მოკავშირეებმა კიდევ უფრო მკაცრად უნდა გააკონტროლონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ ირანში მიმდინარე ომისა და ნავთობზე გაზრდილი ფასების მეშვეობით რუსეთის ეკონომიკა გაძლიერდება.

„სწორედ ამიტომ მის „ჩრდილოვან ფლოტზე“ ვამკაცრებთ ზეწოლას, არა მხოლოდ ბრიტანეთის დასაცავად, არამედ იმისთვისაც, რომ შევამციროთ ის ბინძური მოგება, რომელიც უკრაინაში მისი ბარბაროსული ომის დაფინანსებას ემსახურება“, - ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩრდილოვან ფლოტის“ საკითხის განხილვის მიზნით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ფინეთში მიემგზავრება, სადაც კოალიცია, „ერთობლივი საექსპედიციო ძალების” ლიდერებს შეხვდება. რეგიონული სამხედრო კოალიცია, რომელსაც დიდი ბრიტანეთი მეთაურობს 2014 წელს დაარსდა და ის მიზნად ისახავს სწრაფ რეაგირებას კრიზისებზე და ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის უსაფრთხოების დაცვას. ერთობლივი საექსპედიციო ძალების რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ფინეთმა, შვედეთმა და ესტონეთმა, ბალტიის ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის” გემების წინააღმდეგ სპეცოპერაცია უკვე ჩაატარეს.

დაკავშირებული ამბები
დიდი ბრიტანეთი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის” გემების დაკავებას შეძლებს დიდი ბრიტანეთი კატარში ტაიფუნის ტიპის ავიაგამანადგურებლებს გზავნის