ძველი, მიტოვებული რელსები ერთლიანდაგიან რკინიგზად გადააკეთეს, რათა მასზე ფუტურისტულმა კაფსულებმა იმოძრაონ. ეს საცდელი პროექტი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მიმდინარეობს. გერმანიის ამ სასოფლო-სამეურნეო რეგიონში ახალ, ავტომატიზებულ და მოთხოვნაზე მორგებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებენ, რომელსაც MONOCAB-ს უწოდებენ.
"ეს იდეალური სატრანსპორტო საშუალებაა, რომელსაც შეუძლია მთელ რეგიონს მოემსახუროს. სოფლად მოსახლეობა არ არის ისე მჭიდროდ დასახლებული, რომ აქ ფართო რკინიგზამ გაამართლოს,“ - ახიმ ობერვიორმაიერი, მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის მმართველი დირექტორი. „MONOCAB-ი ისეთ ადგილებს ემსახურება, სადაც მოუხერხებელია ავტობუსი და დიდი რკინიგზა. თანაც ამ ტრანსპორტით მგზავრობა იმდენივე ღირს, რამდენიც ავტობუსის ბილეთი“.
ამ კაბინებზე უკვე ჩატარდა რამდენიმე ცდა. მგზავრი ამ ვაგონს სპეციალური აპლიკაციით იძახებს, რომელშიც თავის ადგილსამყოფელს უთითებს. MONOCAB-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ვესტფალია-ლიპეს გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტში (Ostwestfalen-Lippe University (OWL) of Applied Sciences and Arts), ინჟინერი თორსტენ ფიორშტერლინგია იმ კონცეფციის ავტორი, რომლის წყლობითაც ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული ლიანდაგები ისევ აამოქმედეს და ულტრათანამედროვე ტექნოლგიით აღჭურვილი ელექტროტრანსპორტი სადღეღამისო რეჟიმში აამუშავეს.
"მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, რომ სწრაფად მიხვალ, არამედ ისიც, რომ სულ რამდენიმე გაჩერება მოგიწევს,“ - განმარტავს თორშტენ ფიორშტერლინგი. „ჩვენ საერთო ჯამში დაუბრკოლებელი გადაადგილება და კარგი სატრანსპორტო მომსახურება გვჭირდება, იქნება ეს მატარებელი, ავტობუსი, ველოსიპედი თუ ავტომობილი... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფელში ადვილად მიხვიდე ექიმთან და კლინიკაში.“
კაბინა 3 ტონას იწონის და საათში 60 კილიმეტრის გავლა შეუძლია. თუმცა საინტერესოა, მაინც როგორ მოძრაობს და ინარჩუნებს წონასწორობას მხოლოდ ერთ ლიანდაგზე?
„ჩვენ გარკვეული მექანიზმების კომბინაციას ვიყენებთ,“ - ამბობს მარტინ გრისე, აღმოსავლეთ ვესტფალია-ლიპეს გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტისტრანსფერის მენეჯერი. „ერთია გიროსკოპი. ყველამ იცის, ეს პატარა ხის ნაჭერი რაც არის. გიროსკოპი მყარად დგას, როდესაც მას ვაბზრიალებთ. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, გაცილებით დიდ გიროსკოპს ვიყენებთ, რა თქმა უნდა. მეორე ფაქტორია წონის ბალანსი. წარმოიდგინეთ დიდი ბლოკი, რომელიც ბუნებრივად მოძრაობს ამ მანქანით“.
MONOCAB OWL-ის პროექტის მთლიანი ბიუჯეტი თითქმის 4 მილიონი ევროა. მისი ნახევარი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დააფინანსეს, ლიპეს გამოყენებითი მეცნიერების ენერგეტიკული კვლევის ინსტიტუტმა ამ თანხის 10% დაფარა, დანარჩენი 40% კი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონის ხელისუფლებამ გაიღო. ლიპეს რაიონი დამოკიდებულია MONOCAB-ზე, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდასა და სოციალურ თანასწორობას ამ მხარეში.
მეინჰოლფ ჰაასე, ლიპეს რაიონის ადმინისტრატორი
"ჩვენ წარმოვადგენთ სასოფლო-სამეურნეო მხარეს, რომელიც 16 ქალაქისა და მუნიციპალიტეტისაგან შედგება,“ - განმარტავს მეინჰოლფ ჰაასე, ლიპეს რაიონის ადმინისტრატორი. „ეს კაბინები დიდ ავტობუსზე მომცრო ზომისაა და მოქალაქეებს, იქნებიან ეს სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები თუ უფროსები, შეუძლიათ ძალიან მოხერხებულად იმგზავრონ ამ ვაგონით სასურველ ადგილამდე. გვჯერა, რომ 2028 წელს უკვე საცდელ ეტაპზე გადავალთ. 2032 წლიდან კი პროექტი სრულყოფილად ამოქმედდება“.
MONOCAB OWL-ის პროექტმა მიიღო REGIOSTARS Award-ის ჯილდოც, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული წარმატებული პროექტებისთვის დააწესეს.
ავტორი: ავრორა ველესი
