ირანიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეების აღსაკვეთად და კონფლიქტის ზონის სიახლოვეს განლაგებული სამხედრო ბაზების დასაცავად, რამდენიმე ევროპული სახელმწიფო მზად არის, თავდაცვითი მექანიზმები გააძლიეროს, თუმცა არ აპირებს, ჩაერთოს აშშ-ისრაელის მიერ წარმოებულ ერთობლივ ოპერაციაში თეირანის წინააღმდეგ.
კვიპროსის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული იერიშების შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ ეროვნული ინტერესების დაცვა ნომერ პირველ პრიორიტეტად დაისახა და ავიამზიდ HMS Dragon-ს კუნძულოვანი ქვეყნის მიმართულებით გზავნის.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ნათლად, მიზანმიმართულად და ცივი გონებით. დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების დაცვა ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია.
ჩვენ ვიღებთ ზომებს საფრთხის შესამცირებლად, რეგიონის ცაზე თვითმფრინავების აფრენით, რომლებიც შეაკავენ შემომავალ დარტყმებს. საშუალებას ვაძლევთ ამერიკულ თვითმფრინავებს, გამოიყენონ დიდი ბრიტანეთის ბაზები ირანის დარტყმის შესაძლებლობების განადგურების მიზნით.
შაბათს, რისთვისაც მზად არ ვიყავი, ეს იყო გაერთიანებული სამეფოს ომში ჩართვა, თუ არ დავრწმუნდებოდი, რომ არსებობდა კანონიერი საფუძველი და სიცოცხლისუნარიანი, კარგად გააზრებული გეგმა. ამ პოზიციაზე ვრჩები ახლაც“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.
კვიპროსში სამხედრო ხომალდს აგზავნის იტალიაც, რომლის გეგმაშიც შედის ეროვნული საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებაც.
„კვიპროსთან და კვიპროსისთვის საზღვაო დახმარების გაგზავნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მინდა მოვიყვანო გაეროს ქარტიის მეშვიდე მუხლი: „თუ წევრი სახელმწიფო მის ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლია, სხვა წევრები ვალდებულნი არიან გაუწიონ მას დახმარება და მხარდაჭერა ყველა იმ საშუალებით, რაც მათ ხელთ აქვთ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად“, - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ.
მადრიდის პოზიციის მიუხედავად, აუკრძალოს ვაშინგტონს, გამოიყენოს ესპანური ბაზები ირანზე იერიშების მისატანად, ესპანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კვიპროსის მიმართულებით, თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ხმელთაშუა ზღვაში განალაგოს სამხედრო ფრეგატი „ქრისტეფორე კოლუმბი“.
ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხომალდი მონაწილეობას მიიღებს საჰაერო დაცვასა და მეთვალყურეობაში.
