კატეგორიები

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ავიაიერიშები მიიტანა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ავიაიერიშები მიიტანა

2 მარტს, დილის საათებში, შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლა. საპასუხოდ კი ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიიტანა იერიში.

ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, ჩამსხვრეულია  ფანჯრის მინები.  ცაში კი სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ.

ისრაელის იერიშები მას შემდეგ დაიწყო,  რაც საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ნასროლი რაკეტა გაანეიტრალეს.

ზიანის მასშტაბისა და  დაშავებულთა შესახებ ინფრომაცია არ გავრცელებულა.

ეს ერთი წლის განმავლობში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც „ჰეზბოლამ“ ისრაელის წინააღმდეგ იერიში მიიტანა.

„ჰეზბოლას“ განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმები  ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობისა და ისრაელის განმეორებითი აგრესიის საპასუხოდ განხორციელდა.

ლიბანის მთავრობის წარმომადგენლებმა  „ჰეზბოლას“ მოუწოდეს, არ ჩაერთოს ირანის მხარდამჭერ ბრძოლაში. მათ მორიგი ომის თავიდან აცილება სურთ.

პრემიერ-მინისტრ ნავაფ სალამის თქმით,  ლიბანის მთავრობა არ დაუშვებს, ქვეყანა ახალ თავგადასავალში ჩაითრიონ. ისინი მიიღებენ ყველა საჭირო ზომას პასუხისმგებელი პირების დასაკავებლად და ლიბანელი ხალხის დასაცავად.

ქვეყანას ჯერ კიდევ  არ ამოუსუნთქავს ისრაელ-ჰეზბოლას ბოლო ომის შემდეგ, რომელიც 2024 წლის ნოემბერში აშშ-ის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.

მას შემდეგ ისრაელს ლიბანზე თითქმის ყოველდღიურად მიაქვს იერიში. მიზანი „ჰეზბოლას“ გადაჯგუფების შეჩერებაა.

ისრაელი აცხადებს, რომ „ჰეზბოლას ქმედება“ ისრაელის არმიას მის წინააღმდეგ მოქმედებისკენ აიძულებს. მან მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდა, დაეტოვებინათ გარკვეული ტერიტორიები და ღია სივრცეებში გადასულიყვნენ.

საზღვრის გადაღმა საპასუხო დარტყმების შემდეგ ასობით ადამიანმა ბეირუთის სამხრეთი გარეუბნები დატოვა.

„თავიდან, ცოტა მოშორებით, სამი აფეთქება მოხდა, სახურავზე ავედით და დავინახეთ, რომ აფეთქებები ჩვენ უკან იყო. მხოლოდ კვამლი ჩანდა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ისევ განმეორდა.  ისიც ჩვენ უკან. ყველანი გავიქეცით.  10 წუთის შემდეგ ბოლოჯერ მიიტანეს იერიში. ზედიზედ სამი დარტყმა იყო. ჩვენ აქ მოვედით. ღმერთს მადლობა, რომ ახლა კარგად ვართ“. - განაცხადა ბეირუთის მცხოვრებმა, გაით ალ-ჰაბიბიმ.

ლიბანზე ისრაელის თავდასხმის პარალელურად შეერთებულ შტატებსა და ისრაელს კვლავ მიაქვთ იერიში ირანის ტერიტორიაზე. მათი  სამიზნეა ქვეყნის ბალისტიკური რაკეტების გამშვები საიტები, სამხედრო გემები და სხვა სამხედრო ობიექტები.

ირანის ლიდერების თქმით,  ისრაელის ოპერაციას,  რომლის მიზანი აითაოლა ალი ხამენეისა და სხვა მაღალი რანგის ლიდერების ლიკვიდაცია იყო, 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

Related news
ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ავიაიერიშები მიიტანა ისრაელის მიერ ლიბანზე, მიტანილ იერიშს 10 ადამიანი ემსხვერპლა