ჟენევაში კიევის, მოსკოვისა და ვაშინგტონის დელეგაციების მორიგმა შეხვედრამ აჩვენა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დასრულებას ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.
მხარეთა უთანხმოების მთავარი საკითხი არის ის ტერიტორიები, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების და, თავის დროზე, კრემლის მიერაც იყო აღიარებული უკრაინის საკუთრებად, თუმცა ახლა რუსულ საოკუპაციო ჯარებს აქვთ დაკავებული, ხოლო ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება მათ „ისტორიულ რუსულ მიწებად“ მოიხსენიებს.
ამერიკულ მედიასთან საუბრისას დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, თქვა, რომ „ვერანაირი სამშვიდობო შეთანხმება ვერ იარსებებს, ვიდრე უკრაინელები არ დარწმუნდებიან, რომ რუსეთი მათ თავს აღარ დაესხმება“.
მისივე განცხადებით, მშვიდობა მოსკოვსა და კიევს შორის უნდა იყოს რეალური, რისთვისაც, როგორც ამბობს, საჭირო იქნება ამერიკის მხრიდან უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა შემუშავდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, მიუხედავად ხელშესახები წინსვლის არარსებობისა, გარკვეული პროგრესი მაინც შეიმჩნევა, ხოლო დელეგაციების მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, მარტში აბუ-დაბიში შედგება.
„ომი უნდა დასრულდეს — ეს არის ჩვენი, უკრაინისა და ყველა ჩვენი პარტნიორის პოზიცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა ყველა ხედავს, რომ რუსეთი არ არის მზად მშვიდობისთვის.
არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ პუტინი აჩერებს ამ ომის მანქანას. პირიქით, ის ემზადება ბრძოლის გასაგრძელებლად და ამის შესაცვლელად მსოფლიოც უნდა იყოს მზად რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისთვის.
გადაწყვეტილება ყველასთვის მკაფიოა: რუსეთი საკუთარი ნებით შეწყვეტს ომს, როდესაც მთლიანად გაჩერდება რუსული ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების გაყიდვა, ასევე რუსული ბანკების მუშაობა. ეს საკითხი შესრულებადია“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნისა და, ამავდროულად, სამშვიდობო მოლაპარაკებებში კიევის ერთ-ერთი წარმომადგენლის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, ამერიკულ დელეგაციასთან განხილვის ძირითადი საკითხი იყო უკრაინის ომისშემდგომი რეკონსტრუქცია.
მისივე თქმით, გაგრძელდება მუშაობა „უკრაინის აღდგენის შესახებ დოკუმენტზე“, ასევე ინვესტიციების მოზიდვასა და გრძელვადიანი თანამშრომლობის საკითხებზე, რომლებიც დაფუძნებული იქნება როგორც კიევის, ისე ვაშინგტონის ინტერესებზე.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან ერთად განიხილა უკრაინის სტრატეგია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, რათა სექტორი მზად იყოს სამომავლო რუსული თავდასხმებისა და მომდევნო ზამთრისთვის.
სწორედ ენერგოინფრასტრუქტურაზე უწყვეტი იერიშები, მით უმეტეს მკაცრი ზამთრის პირობებში, დაგმო გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა მორიგ კონფერენციაზე:
„გიდასტურებთ, რომ კვლავ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
მსგავსი თავდასხმები, სადაც არ უნდა ხდებოდეს, არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, მიუღებელია, გაუმართლებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ჩვენმა კოლეგებმა ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ორგანოდან გვაცნობეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებითა და დრონებით განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა თავდასხმამ, ფრონტის ხაზზე სამხედრო მოქმედებების თანხლებით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი გამოიწვია და ქვეყნის მასშტაბით დააზიანა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში ათობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა კიევში, ასევე კიროვოჰრადის, ვინიცისა და კიევის ოლქებში. ოდესის ოლქში დაახლოებით 40 000 ოჯახი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, პოლტავაში კი გაზსადენებზე იერიშებმა 20 000-ზე მეტი ოჯახი დატოვა გათბობის გარეშე“, — განაცხადა სტეფან დიუჟარიკმა, გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა.
მსგავსი ტიპის თავდასხმებს მოსკოვი უარყოფს, ისევე როგორც გასული ოთხი წლის განმავლობაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფარგლებში განხორციელებულ ათასობით იერიშს არასამხედრო ობიექტებზე.
კრემლის განცხადებები, რომ მისთვის ჯერჯერობით მიუღწეველი რჩება ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები, კიევისთვის გასაგებს ხდის, რომ რუსეთი არ აპირებს ომის შეწყვეტას.
ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად კი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის 8.1 მილიარდი ამერიკული დოლარის სესხის გადაცემაზე გასცა თანხმობა.
თანხის პირველ ტრანშს კიევი დაუყოვნებლივ მიიღებს და პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს თანახმად, ის მოხმარდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებასა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას.
