კატეგორიები

რუსულმა ძალებმა 31 მაისს ღამით უკრაინის მიმართულებით 200-ზე მეტი დრონი გაუშვეს

რუსულმა ძალებმა 31 მაისს ღამით უკრაინის მიმართულებით 200-ზე მეტი დრონი გაუშვეს
31 მაისს, ღამით, რუსულმა ძალებმა  უკრაინას 200-ზე მეტი დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა მათი უმეტესობა გაანეიტრალეს,  თუმცა 14 დრონმა მაინც მიაღწია სამიზნემდე.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩერნიჰივის რეგიონში, დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა. ავტოსადგომზე ხანძარი გაჩნდა, განადგურდა 7 სატვირთო მანქანა.

რუსული ძალების სამიზნე იყო  რივნეს რეგიონიც. თავდასხმა იყო ასევე ქალაქ დნიპროზე, სადაც, ბოლო ინფორმაციით, ერთ-ერთ საწყობზე მიტანილი იერიშის შედეგად ორი შვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

თავდასხმების გამო დაზიანდა საბავშვო ბაღი, სამედიცინო დაწესებულება, რამდენიმე საცხოვრებელი და კერძო სახლი, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე კი ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსული მხარე მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება, სავსებით რეალურია.

თავის ყოველდღიურ მიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები და საბრძოლო ავიაცია მაქსიმალურად მზად არიან.

თუმცა დასძინა, რომ ის პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა უკრაინას მიაწოდოს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის მეტი რაკეტა, რომლებსაც შეუძლიათ რუსული ბალისტიკური რაკეტების დამანგრეველი თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლა.

„მე სადაზვერვო სამსახურებიდან მაქვს ინფორმაცია მასშტაბური დარტყმის შესახებ, და ეს რეალურია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი პარტნიორები ესაუბრნენ რუსებს ამის შესახებ. არავის სჯერა, რომ მოსკოვში ვინმე გონს მოეგება. აუცილებლად უნდა დაიცვათ თქვენი სიცოცხლე, უპასუხეთ ნებისმიერ მუქარასა და გაფრთხილებას. ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები, ჩვენი მობილური საცეცხლე ჯგუფები და ჩვენი საბრძოლო ავიაცია არსებული მარაგის გათვალისწინებით მაქსიმალურად მომზადებული არიან. ჩვენი სამხედროების მიერ Shahed-ის დრონების ჩაჭრის მაჩვენებელი მუდმივად 90%-ზე მეტია - 90%-იდან 93%-მდე. რაც შეეხება ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს, ვთანამშრომლობთ ყველა პარტნიორთან, რომ  PURL პროგრამა ახალი სისტემებით უზრუნველვყოთ, ვეძებთ რაკეტების მიღების სხვა გზებსაც“. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასობაში, უკრაინულმა დრონებმა კვლავ შეუტიეს ნავთობის ინფრასტრუქტურას რუსეთის სხვადასხვა რეგიონში.

სარატოვის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ვოლგის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესია, თავს დაესხნენ. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „როსნეფტის“ ნაწილია და წელიწადში დაახლოებით 7 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრით გამოირჩევა. რეგიონის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

დაკავშირებული ამბები
რუსულმა ძალებმა 31 მაისს ღამით უკრაინის მიმართულებით 200-ზე მეტი დრონი გაუშვეს უკრაინა შვედეთისგან Gripen-ის ტიპის 20 თანამედროვე გამანადგურებელს შეიძენს