კატეგორიები

„მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი

Copyright EC - Copyright AP
ირანმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს და შეთანხმდნენ, რომ განხილვები მომავალ კვირას გაგრძელდება, — განაცხადეს შუამავლებმა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გასულ ხუთშაბათს თეირანს შეთანხმების მისაღწევად 15 დღე მისცა, თანაც ვაშინგტონის მიერ ახლო აღმოსავლეთში სერიოზული სამხედრო ძალის მობილიზების ფონზე. თუმცა მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები ხელშესახებ შედეგს მოიტანდა, არ არსებობდა.

ირანის პოზიციაა, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ ბირთვულ პროგრამას უნდა შეეხოს, თუმცა შტატები საფრთხედ თეირანის ბალისტიკური რაკეტების საკითხსაც მიიჩნევს. ვაშინგტონი მოითხოვს, რომ თეირანმა ბალისტიკური რაკეტების პროგრამა შეამციროს და რეგიონში შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერა შეწყვიტოს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, მოლაპარაკებების შემდეგ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ მხარეებმა „ძალიან კარგ პროგრესს“ მიაღწიეს და „სერიოზული განხილვები დაიწყეს შეთანხმების ელემენტებზე — როგორც ბირთვულ საკითხებთან, ისე სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით.“

„შემიძლია ვთქვა, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების რამდენიმე საათის შემდეგ კარგ პროგრესს მივაღწიეთ. დავიწყეთ სერიოზული განხილვები შეთანხმების ელემენტებზე — როგორც ბირთვულ საკითხებთან, ისე სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით.

შევთანხმდით, რომ ტექნიკური ჯგუფები ორშაბათს ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში, ტექნიკურ სამუშაოებს დაიწყებენ.

გადაწყდა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მალე, შესაძლოა, კვირაზე ნაკლებ დროში ჩატარდება“, — განაცხადა აბას არაღჩიმ.

პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს რაუნდი აქამდე გამართულ მოლაპარაკებებს შორის „ყველაზე ინტენსიური იყო“.

ვაშინგტონი და თეირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან გასულ წელს არაერთხელ დასხდნენ. პროცესი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ისრაელმა ივნისში ირანის წინააღმდეგ 12-დღიანი კონფლიქტი წამოიწყო და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თეირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანა. შედეგად, ირანის ბირთვული პროგრამის დიდი ნაწილი განადგურდა, თუმცა ზიანის სრული მასშტაბი კვლავ გაურკვეველია.

მოლაპარაკებებში ირანს აბას არაღჩი წარმოადგენდა, ხოლო შეერთებული შტატების დელეგაციას დონალდ ტრამპის წარმომადგენლები — სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

დონალდ ტრამპი ითხოვს, ირანმა ურანის გამდიდრება სრულად შეწყვიტოს, მკვეთრად შეამციროს შორი მოქმედების სარაკეტო შეიარაღების მოცულობა და ასევე შეწყვიტოს ახლო აღმოსავლეთში წარმოდგენილი შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერა. ირანი აცხადებს, რომ მხოლოდ ბირთვულ საკითხებზე იმსჯელებს და ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სრულად მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

სამშაბათს კონგრესისადმი ყოველწლიურ მიმართვაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანი ბირთვული პროგრამის აღდგენას ცდილობს. მან თქვა, რომ ირანთან მიმართებით მისი პირველი არჩევანი დიპლომატია და მოლაპარაკებებია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებაზეც არ დაიხევს უკან.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თეირანს უკვე აქვს „რაკეტები, რომლებიც ევროპასა და საზღვარგარეთ არსებულ ამერიკულ ბაზებს საფრთხეს უქმნის“. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადებები „დიდ ტყუილებად“ შეაფასა.

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა, მოლაპარაკებების წინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს.

პარალელურად, მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანისკენ გაგზავნა, ხმელთაშუა ზღვაში მიცურავს და ახლო აღმოსავლეთს უახლოვდება.

ამჟამად ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთში ათზე მეტი სამხედრო ხომალდი ჰყავს: ერთი ავიამზიდი — „აბრაამ ლინკოლნი“, ცხრა გამანადგურებელი და კიდევ სამი საბრძოლო გემი.

Related news
„მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი „ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი