უნგრეთის პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ქვეყნის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა მას გადადგომისთვის ვადა 31 მაისამდე მისცა.
პეტერ მადიარი ტამაშ შუიოკს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის „მარიონეტ პრეზიდენტად“ მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტისთვის მთავარი ყოფილი მმართველი პარტიის „ფიდესის“ ერთგულება იყო, კონსტიტუციისა და ეროვნული ინტერესების დაცვა კი - მეორეხარისხოვანი. პეტერ მადიარმა პრეზიდენტთან ერთად გენერალური პროკურორის გაბორ ბალინტ ნადის გადადგომაც მოითხოვა.
პეტერ მადიარის დაწესებული ვადა ამოიწურა, ტამაშ შუიოკს კი თანამდებობა კვლავ არ დაუტოვებია. სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში უნგრეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ახალ მთავრობასთან თანამშრომლობა სურს და ყველა იმ კანონმდებლობას დაუჭერს მხარს, რომლებიც ევროკავშირის ფინანსების განბლოკვას ითვალისწინებს.
„უფლებამოსილების შესრულებისას რესპუბლიკის პრეზიდენტი ვალდებულია, მოქმედ მთავრობასთან ითანამშრომლოს, მთავრობამაც იმავე სულისკვეთებით უნდა იმუშაოს წინა პარლამენტის მიერ არჩეულ რესპუბლიკის პრეზიდენტთან. ამის საპირისპიროდ, პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებები, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებისთვის უჩვეულოა, რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართ ცალმხრივ მოთხოვნებსა და მითითებებს შეიცავს, მათ შორის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას. ჩემი ფიცი უნგრული კანონმდებლობის წინაშე უნგრეთის მთელ ერზე ვრცელდება, როგორსც უმრავლესობაზე, ისე უმცირესობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემი ფიცის ერთგული დავრჩები და როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტი ხელისუფლების სხვა შტოებთან თანამშრომლობით გავაგრძელებ მუშაობასა და იმ უფლებამოსილებების შესრულებას, რომლებიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული”, - განაცხადა უნგრეთს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი. მან ტამაშ შუიოკი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მოსახლეობის მოთხოვნების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.
„ტამაშ შუიოკს არასოდეს დაუცავს დაჩაგრულები, თავდასხმის მსხვერპლნი ან თუნდაც კანონის უზენაესობა. ბავშვთა დაცვის დღესაც კი ბოდიშის მოხდის ნაცვლად ის მხოლოდ თავისი 6.3 მილიონი ფორინტის ხელფასის დაცვაზე ზრუნავს“, - წერს პეტერ მადიარი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგი მიმდინარე კვირას პრეზიდენტს იუსტიციის მინისტრთან ერთად შეხვდება, რათა მისი გადადგომის საქმე განიხილოს. უნგრეთის კონსტიტუციური სისტემის მიხედვით, პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს და მას ძირითადად ფორმალური უფლებამოსილებები აქვს.
წინა „ფიდესის“ ხელისუფლებისას კონსტიტუციური უმრავლესობით არჩეული ყველა პრეზიდენტი ყოველთვის ვიქტორ ორბანის მთავრობის ერთგული მხარდამჭერი და პოლიტიკის გამტარებელი იყო.
