საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ამბობს, რომ ვაშინგტონს შეუძლია საკვანძო როლი შეასრულოს უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებაში, თუკი დონალდ ტრამპი აიძულებს ვლადიმერ პუტინს, დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას.
„გაურკვევლობა, რომელსაც პუტინი ტრამპის ქმედებების გამო განიცდის, საუკეთესო მოკავშირეა მისი იძულებისთვის, დაეთანხმოს სამშვიდობო შეთანხმებას“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ხუთშაბათს Euronews-ის დილის გადაცემაში Europe Today.
მან არსებული ვითარება აღწერა, როგორც „საუკეთესო დრო, რათა რუსეთმა აღიაროს, რომ ვიღაც ისეთივე ძლიერი და არაპროგნოზირებადია“, როგორიც თავად მოსკოვია.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა. 2024 წლის დეკემბერში მისი უფლებამოსილების შეწყვეტა კამათის საგანი გახდა.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი „მშვიდობით არასდროს არის დაინტერესებული და იგი მშვიდობასთან ძალით უნდა მიიყვანონ“.
მისი თქმით, ერთ დღეს უკრაინაში ომი დასრულდება, თუმცა მიანიშნებს, რომ „მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ეს დასასრული“, რადგან, როგორც რუსეთის მეზობლები, „ჩვენ ვიცით, რომ იგი მუდმივად იყო დამპყრობელი, აგრესორი და იმპერიალისტური ძალა, რომელსაც არ ესმის, სად მთავრდება საზღვრები“.
ზურაბიშვილის თქმით, აუცილებელია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ისევე როგორც რუსეთის მიერ იმის აღიარება, რომ „იგი მეზობლების ტერიტორიებს ვერ დაიკავებს“.
საქართველო პოლიტიკურ კრიზისში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ოპოზიციის მიერ ეჭვქვეშ დაყენებულმა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გამოიწვია.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 2024 წლის დეკემბერში პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა მისი დანიშვნა არ აღიარა.
მისი განცხადებით, „ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება“, ქვეყანას „ევროპულ გზასა და რეფორმებს“ აშორებს.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რამდენიმე რეფორმის განხორციელების პირობით მიიღო, თუმცა მას შემდეგ პროცესი შეჩერდა. ზურაბიშვილის შეფასებით, ეს პროცესი ამჟამად გაყინულია.


