მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთის მეფის ძმამ საპატიმრო დატოვა

დიდი ბრიტანეთის მეფის ძმამ საპატიმრო დატოვა

11-საათიანი დაკავების შემდეგ დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ მესამის ძმამ — ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორმა — პოლიციის განყოფილება დატოვა. ამის ამსახველი კადრები საერთაშორისო მედიაში გავრცელდა.

ბრიტანულ სამართალდამცავ უწყებებში აღნიშნავენ, რომ გამოძიება გრძელდება და ყოფილი პრინცი სწორედ მისი მიმდინარეობის ფარგლებში გაათავისუფლეს. ეს ნიშნავს, რომ მისთვის ამ ეტაპზე არც ბრალდება წარუდგენიათ და არც გამართლებულია.

პროსტიტუციასა და პედოფილიაში ბრალდებულ ამერიკელ ფინანსისტთან, ჯეფრი ეფშტეინთან კავშირების გამო, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი და ბოლოს ამის გამო ყველა სამეფო ტიტულიც ჩამოერთვა. მიმდინარე გამოძიება კი ამჟამად მისი მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს ეხება. კერძოდ, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, 2010 წელს — საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში — ყოფილი პრინცი ენდრიუ ჯეფრი ეფშტეინს კონფიდენციალურ სავაჭრო ინფორმაციას აწვდიდა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა აშშ-ის მხრიდან მდიდარი ინვესტორის, ჯეფრი ეფშტეინის საქმეზე დოკუმენტების დიდი მოცულობის გასაჯაროება. დამნაშავესთან სავარაუდო კავშირების გამო კრიტიკის ობიექტი თავად აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტიც გახდა, რომელმაც საკითხს საჯაროდ გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, ეს სირცხვილია. რაც მოხდა, ძალიან ცუდია სამეფო ოჯახისთვის. ძალიან სევდიანია იმის ყურება, რაც მეფის ძმის ირგვლივ ხდება — ის მალე ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა. მეფე ფანტასტიკური კაცია. ეს ყველაფერი საინტერესოა, რადგან არავინ საუბრობდა ეფშტეინზე მაშინ, როდესაც ის ცოცხალი იყო, ახლა კი ბევრი ლაპარაკობს. მე შემიძლია მასზე საუბარი, რადგან სრულად ვარ გამართლებული — არაფერი ჩამიდენია. პირიქით, ის მებრძოდა, მათ შორის არჩევნებზეც, რაც სამმილიონგვერდიანი დოკუმენტებიდან სულ ახლახან გავიგე“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი არ ცდება იმაში, რომ მომხდარი ბოლო სკანდალებით უკვე დამძიმებული სამეფო ოჯახისთვის კარგი ამბავი არ არის. ეს უპრეცედენტო შემთხვევა უინძორის სასახლის რეპუტაციაზეც ნეგატიურად აისახა.

„ეს ნდობას ეხება — არ მგონია, ამის შემდეგ ვინმემ სამეფო ოჯახს ენდოს“, — აღნიშნავს ლონდონში მცხოვრები აისლინგ ბარკერი.

„ვფიქრობ, კარგია, რომ მაღალი რანგის სახელი და გვარი იქნა დაკავებული ეფშტეინის ფაილების ფარგლებში. ვერ ვხედავ, რომ ამერიკაში ამ მიმართულებით რაიმე ხდებოდეს, ამიტომ მოხარული ვარ, რომ ძალაუფლების მქონე ინდივიდებიც იღებენ იმას, რაც დაიმსახურეს“, — ამბობს ლონდონელი ჯანიკ ლიმაკასპერი.

66 წლის ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავებას მალევე გამოეხმაურა მისი ძმა, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე. მონარქმა აღნიშნა, რომ მომხდარით ძალიან შეწუხებულია, სრულად უჭერს მხარს გამოძიებას და მზადაა მასთან ითანამშრომლოს. „სამართალმა უნდა იზეიმოს”, — დაწერა მეფემ.

„ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ ინფორმაციით, რაც ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორისა და საჯარო სამსახურში შესაძლო არასათანადო ქცევის შესახებ შევიტყვეთ. ახლა უნდა ჩატარდეს სრული, სამართლიანი და სათანადო პროცესი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული საკითხის გამოძიება შესაბამისი წესითა და ორგანოების მიერ უნდა მოხდეს. ამ პროცესში, როგორც ადრე განვაცხადე, მათ ექნებათ ჩვენი სრული და უპირობო მხარდაჭერა და თანამშრომლობა. მინდა მკაფიოდ განვაცხადო:

კანონი უნდა აღსრულდეს. ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან დამატებითი კომენტარი არ იქნება მართებული. meanwhile, მე და ჩემი ოჯახი გავაგრძელებთ ჩვენს მოვალეობას, რომ გემსახუროთ თქვენ — ყველას“, — ნათქვამია ბრიტანეთის მეფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყოფილ პრინც ენდრიუს 2000-იანი წლების დასაწყისში ჯეფრი ეფშტეინის კუნძულზე არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობის საქმეშიც ედება ბრალი. ჯეფრი ეფშტეინის ტრეფიკინგის მსხვერპლად მიჩნეულმა ვირჯინია ჯუფრემ 2025 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში ეს შემთხვევა დეტალურად აღწერა.

ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი გავრცელებულ ხმებსა და ბრალდებებს ყოველ ჯერზე უარყოფდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:32

ომის 1457- ე დღე

spot_imgspot_img
Send this to a friend