გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ისრაელს მოუწოდებს, უზრუნველყოს ღაზის სექტორზე უფრო მეტი წვდომა. პარალელურად შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ ნანგრევებისა და მყარი ნარჩენების გატანასა და პალესტინელებისთვის ცხოვრების გამარტივებაზე.
ალექსანდერ დე კრო აღმოსავლეთ იერუსალიმიდან სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში გაეროს ჯგუფებს სტუმრობდა.
მისი თქმით, ნანგრევებისა და მყარი ნარჩენების მხოლოდ დაახლოებით 0.5 პროცენტია გატანილი და ამჟამინდელი ტემპით მთლიან პროცესს შესაძლოა შვიდი წელი დასჭირდეს.
„მე ადგილზე სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩამოვედი. აღმოსავლეთ იერუსალიმში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში გაეროს განვითარების პროგრამის პროექტები დავათვალიერეთ. გუშინ შევხდით ღაზის სექტორში მომუშავე ჩვენს ჯგუფებს, რომლებიც ადგილზე უკვე 2 წელზე მეტია, არიან. აქ უმძიმესი ვითარებაა. იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ და ღაზა უფრო მეტად აღვადგინოთ, ერთი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს ისრაელის ხელისუფლებასთან, უფრო მეტი წვდომა გვქონდეს მასალებზე, რომ ნანგრევები გავიტანოთ. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საცხოვრებელი და ის, რომ დავეხმაროთ კერძო სექტორს აღდგენაში.“ – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორმა ალექსანდერ დე კრომ.
აღდგენის პროცესში სამი რამაა საჭირო: ნანგრევების გატანა, საცხოვრებელი სახლების აღდგენა და კერძო სექტორის ხელახლა ამუშავება. დე კროს თქმით, მისი გუნდი იმუშავებს მშვიდობის საბჭოსთან ერთად, თუ ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაზე გადავლენ, რომელიც, მისი თქმით, კრიტიკულად მნიშველოვანია ღაზის აღსადგენად.
„ბოლო დღეების განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, სასარგებლო ვყოფილიყავი ამ დისკუსიებში და ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ საჭირო მასალის შემოტანას, რომელიც მხოლოდ ერთი მიზნისთვის უნდა იქნეს გამოყენებული და ეს მიზანია, დაეხმაროს პალესტინისა და განსაკუთრებით ღაზის მოსახლეობას, რომელსაც ძალიან მძიმე პირობებში უწევს თავის გატანა“. განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორმა ალექსანდერ დე კრომ.
ამასთან, მიმდინარე კვირას ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭო პირველად შეიკრიბება.
შეხვედრაზე განხილული იქნება საკითხები ღაზის მომავალთან დაკავშირებით, ასევე ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე რთული საკითხებისა და გამოწვევების გადაჭრის გზები, როგორებიცაა, განიარაღება, რეკონსტრუქცია და „ჰამასის“ შემდგომი მმართველობა.

