რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული შორი მოქმედების იერიშის გამო პოლონეთის ორ აეროპორტში მუშაობა შეჩერდა. ვარშავამ ლუბლინისა და ჟეშოვის აეროპორტების რამდენიმე საათით დახურვის გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით მიიღო, პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო-საავიაციო ოპერაციის ჩასატარებლად.
შემთხვევა გამთენიისას, დილის ხუთის ნახევარზე მოხდა, რუსეთის მიერ მეზობელ უკრაინის ქალაქებზე გაძლიერებული იერიშების ფონზე — დრონებითა და რაკეტებით.
„პოლონეთის საჰაერო სივრცეში დასრულდა სამხედრო საავიაციო ოპერაცია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის იერიშებით იყო გამოწვეული. საჰაერო თავდაცვამ და რადარების სისტემებმა მუშაობა სტანდარტულად აღადგინეს. პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირებულა. მადლობას ვუხდით ნატოსა და გერმანიის საჰაერო ძალებს, რომლებმაც დაგვეხმარნენ პოლონეთის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მადლობას ვუხდით ნიდერლანდების შეიარაღებულ ძალებს საჰაერო თავდაცვის სისტემებით გაწეული დახმარებისთვის“, — წერს პოლონეთის შეიარაღებული ძალების საოპერაციო მეთაურობა.
ნატოს ძალების ამგვარი მობილიზება ალიანსში გაზრდილი მზაობის ერთგვარი დემონსტრირებაა, თუმცა ამავე დროს მიუთითებს იმ საფრთხეზეც, რომელსაც რუსეთი მოკავშირე ქვეყნებს უქმნის.
ეს პირველი შემთხვევა არ არის — არც რუსული დრონების გამოჩენა წარმოადგენს სიახლეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცეში. მსგავსი ინციდენტები პოლონეთის გარდა არაერთ ევროპულ ქვეყანაში დაფიქსირებულა. სწორედ ამიტომ ევროკავშირსა და ნატოში ამ მიმართულებით ახალი მიდგომები და სიფრთხილის დამატებითი ზომებია ამოქმედებული.
❗️ Uwaga. W związku z aktywnością lotnictwa dalekiego zasięgu Federacji Rosyjskiej, wykonującego uderzenia na terytorium Ukrainy, rozpoczęło się operowanie lotnictwa wojskowego w polskiej przestrzeni powietrznej.
Zgodnie z obowiązującymi procedurami Dowództwo Operacyjne RSZ… pic.twitter.com/33QNVkehCP
— Dowództwo Operacyjne RSZ (@DowOperSZ) February 17, 2026
„გვსურს, განვაცხადოთ ჩვენი სამხედრო რადარების მიერ იდენტიფიცირებული ბუშტისმაგვარი ობიექტის შესახებ, რომელმაც ბელარუსიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში შემოაღწია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საფრთხეს არ უქმნის პოლონეთის მოსახლეობას, თუმცა მსგავსი ინციდენტები პოლონეთ–ბელარუსის საზღვარზე ხშირად შეინიშნება.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების საოპერაციო მეთაურობა მოქმედებს შესაბამისი სწრაფი რეაგირების ფარგლებში, მათ შორის მსგავსი ობიექტების ან პირების დაკავების თვალსაზრისით, რომლებიც ასეთ ინციდენტებში მონაწილეობენ. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას და ვრჩებით მუდმივ მზაობაში, რათა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ“, — ნათქვამია იმავე განცხადებაში.
ამასთან ერთად, გასულ კვირას ევროკავშირმა ახალი სტრატეგია შეიმუშავა მავნე დრონებთან გასამკლავებლად, მას შემდეგ, რაც ევროპის ცაზე მათი გამოჩენა კონტინენტისთვის მზარდ საფრთხეებზე მიუთითებს.

